დაუშვებელია კვების დროს "ფონის" სახით ბავშისთვის მულტფილმის ჩართვა საჭიროა თუ არა, რომ ბავშვს თავისი ხელით ჭამა ვასწავლოთ? ეს შეიძლება დიდ აუცილებლობად არ მოგეჩვენოთ, რადგან ადრე თუ გვიან ჭამას მაინც ისწავლის. თუმცა ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ მშობლის ხელით ჭამას არიან მიჩვეულნი, საბავშვო ბაღში კვებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. ასეთ ბავშვებს მოგვიანებითაც, როცა საკუთარი ხელით ჭამას იწყებენ, ეს პროცესი ეზარებათ და საკუთარი სურვილით თითქმის არასდროს ამთავრებენ ულუფას ბოლომდე. "სულს მოითქვამენ" თუ არა, ჭამას წყვეტენ და ვერ ნაყრდებიან. ასე რომ, მაინც ღირს, პატარა თავიდანვე მიეჩვიოს დამოუკიდებელ კვებას.
ამ ხელოვნების ათვისების საუკეთესო ასაკი 1 წელია, ერთი-ორი თვის ცდომილებით. პირველ რიგში შეეგუეთ იმ აზრს, რომ ეს სწრაფი და მარტივი მისია არ გახლავთ. მოგიწევთ საჭმლის ნარჩენების მოცილება იატაკიდან, კედლებიდან, ტანსაცმლიდან და შეიძლება ჭერიდანაც. რაც მთავარია, პლასტმასის წინსაფარი, რომელსაც მართლაც შეუძლია თუნდაც ტანსაცმელი დაიცვას დასვრისგან, თითქმის არც ერთ ბავშვს არ უყვარს. ამიტომ მოიმარაგეთ გაზეთები და ყოველი ტრაპეზის წინ იატაკზე დააფინეთ.
10-11 თვის ბავშვი უკვე ხვდება, რომ საჭმელი კოვზით პირისკენ გააქანოს. მეტიც, ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაცაა. ზუსტად ამ დროს უნდა მიაწოდოთ პირველი კოვზი. თავიდან ჯობია სპეციალური, მოხრილი კოვზით და ჩანგლით დაიწყოთ. თეფშიც ადაპტირებული ჯობია, პლასტმასის და თვითწებადიც, რადგან ნორჩი გურმანი აუცილებლად შეეცდება მის გადაბრუნებას, თანაც ბევრჯერ.
დასაწყისისთვის საგანგებოდ კვებისთვის განკუთვნილი საბავშვო სავარძელი სავსებით შესაფერისია. კედლებისგან და რბილი ავეჯისგან მოშორებით დადგამთ და საქმეს გაიადვილებთ, თუმცა, მოგვიანებით, როცა ასე თუ ისე, კოვზს დაეუფლება, საერთო სუფრასთან დასვით. ოჯახურ სუფრაზე მოხვედრა მისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
თავიდან შეიძლება კოვზი სრულიად არასაჭირო მიმართულებით გააქანოს, მაგიდის ზედაპირზე მოისროლოს ან ზედ წაისვას, მაგრამ სხვანაირად დასკვნას ვერ გააკეთებს, მოქმედების კოორდინაცია ასე უფრო გამოუმუშავდება. თავიდან თქვენც მიეხმარეთ მეორე კოვზით, რომ სულ მშიერი არ დარჩეს. თანდათან მიხვდება, რომ სწორი მიმართულებით მიტანილ კოვზს შიმშილის დაკმაყოფილება მოჰყვება.
მთავარი, რაც ამ დროს არ უნდა დაუშვათ - არ დატოვოთ ბავშვი საჭმელთან მარტო. დიდი შანსია, რომ ლუკმა გადასცდეს, დედამ კი დროულად ვერ მიასწროს.
დაუშვებელია კვების დროს "ფონის" სახით ბავშისთვის მულტფილმის ჩართვა. ეს მავნე ჩვევაა, რომელსაც ზედმეტი ულუფა საჭმელი მიჰყვება. გასტროენტეროლოგები კი ამტკიცებენ, რომ საკვები ბავშვმა გააზრებულად უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმის მიერ სრულად არ შეითვისება. ამიტომ ბავშვის ყურადღება სხვა რამეზე არ უნდა იყოს გადართული.
რაც მალე მიაჩვევთ ბავშვს სუფრის წესებს, მით მალე აითვისებს სხვა საჭირო უნარებსაც. დამოუკიდებელი კვება ბავშვის მოტორულ განვითარებას აჩქარებს, ხელს უწყობს ბევრი სოციალური უნარის ჩამოყალიბებას და რა თქმა უნდა, სწორ აღზრდას უწყობს ხელს. რა ჯობია მთელი ოჯახის ერთობლივ თავყრილობებს სასადილო მაგიდის გარშემო. ბავშვსაც ხომ უნდა ამაში მონაწილეობის მიღება - ამისთვის კი საკმარისია, რომ უბრალოდ, კოვზი მისცეთ ხელში.