ჩვენი ერთგული მკითხველისგან მივიღეთ წერილი. შეტყობინებაში ის თავისი სამი წლის გოგონას შესახებ გვწერს, გვთხოვა ანონიმურად გამოგვექვეყნებინა და დავხმარებოდით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
„გამარჯობა, თქვენს საიტზე ხშირად მინახავს ანონიმური შეტყობინებები და სასარგებლო რჩევებიც წამიკითხავს, ამიტომ გადავწყვიტე, მეც მოგმართოთ რჩევისთვის.
მყავს სამი წლის გოგონა, რამდენიმე თვეა, რაც ბაღში დაგვყავს და ვატყობ, რომ ჩაკეტილი და დათრგუნული გახდა.
ხშირად იმეორებს ფრაზას „ბავშვები დამცინებენ“.
„დედიკო, თმას ასე თუ გამიკეთებ ბავშვები დამცინებენ“, „შარვლის ჩაცმა არ მინდა. მეტყვიან, რომ ბიჭი ვარ“.
მის ამგვარ ქცევას ბაღს ვუკავშირებ, ვცდილობ ავუხსნა, რომ დასასცინი არაფერია, თუ იმ ვარცხნილობას გაიკეთებს, რაც თვითონ მოსწონს, იმას ჩაიცვამს, რაც თვითონ უნდა.
ოჯახის წევრებიც დაძაბულები ვართ. სახლში როცა რამეს იტყვის, ან საყვარლად რამეს გააკეთებს და გაგვეცინება, ტირილს იწყებს ფიქრობს, რომ დავცინით.
ვესაუბრე ბაღის მასწავლებელს და მითხრა, რომ ეს მისი ასაკისთვის დამახასიათებელია და ყურადღება არ უნდა გავამახვილო, თუმცა ვფიქრობ, არ იქნება სწორი ამ ყველაფრის ასე, მარტივად და უბრალოდ იგნორირება.
უსუსურ მდგომარეობაში ვარ, როცა ვხედავ, რომ ამ ყველაფერს ძალიან განიცდის, მე კი ვერ ვეხმარები.
იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე“, - გვწერს დედა წერილში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბავშვთა ფსიქოლოგს, ანანო ბუბუტეიშვილს, დავუკავშირდით, სიტუაციის შეფასება ვთხოვეთ და მისგან სასარგებლო რჩევები მივიღეთ:
- ბავშვის განვითარება მუდმივად ცვლადი და დინამიკური პროცესია და ყოველ საფეხურს განვითარების თავისებურება ახასიათებს.
2-3 წლის ასაკში ბავშვი გადის ე.წ. პირველ გარდატეხის ასაკს. აქტიურად ყალიბდება "მე" - მას უკვე შეუძლია საკუთარი სამყაროსგან დამოუკიდებლად აღიქვას. ამ პროცესს ზოგჯერ თან ახლავს სირთულეებიც. 3 წლის გოგონას ქცევა აბსოლუტურად შეესაბამება ნორმას, მისი ღელვა უკავშირდება ბაღის დაწყებას იმიტომ, რომ მისთვის ბაღი ახალი სოციალური გარემოა.
ისევე, როგორც ზრდასრულ ადამიანებს, ასევე ბავშვებს დიდი სურვილი აქვთ იყვნენ სოციალურად მიღებულნი, მოწონებულები, გაითვალისწინონ სოციუმის მოთხოვნები, მიიღონ შექება. შესაბამისად, ეშინიათ შენიშვნის ან არაღიარების.
ბავშვის ასეთი ქცევა მშობლისთვის არ არის სანერვიულო. ჩვენ თვითონ ვუწესებთ ბავშვებს გარკვეულ სტანდარტებს, რომელიც გვინდა შეასრულონ: მაგალითად, დაბადებიდანვე გოგონას ვარდისფერ სამოსს ვურჩევთ, ვჩუქნით თოჯინებს და ა.შ. ისინიც ცდილობენ გაითვალისწინონ საზოგადოების მოთხოვნები.
ჩემი აზრით, აქ ბულინგთან საქმე არ გვაქვს, თუმცა, თითოეული ბავშვი სიტუაციას ინდივიდუალურად აღიქვამს. აქედან გამომდინარე, მშობლებმაც და პედაგოგებმაც მაქსიმალურად უნდა ეცადონ არ გაამახვილონ ამაზე ყურადღება. არ წაუყენოთ ისეთი მოთხოვნები, რაც მისი ასაკისთვის შეუსაბამოა. გარდა ამისა, აუცილებლად შეაქონ და წაახალისონ ნებისმიერი პოზიტიური ქცევისთვის.
პედაგოგისთვის რეკომენდურებულია, რომ მინიმალური იყო აქცენტები გარეგნობაზე, ჩაცმაზე და სქესისთვის დამახასიათებელ ქცევებზე ამ უკანასკნელს ხშირად მიმართავენ პედაგოგები, მაგ. გოგო ხარ და ნუ ცელქობ, ან ბიჭი ხარ და არ უნდა იტირო).
აუცილებელია აქცენტი გავაკეთოთ ბავშვის ქცევაზე და შევაქოთ და წავახალისოთ მაქსიმალურად ამ დროს. ეს გაზრდის საკუთარი თავის რწმენას მასში და შემატებს გამბედაობას მის ქცევას.
არსებობს კონკრეტული შეფასების სტრატეგიები, რითაც ვაფასებთ ბავშვის სტრესულ მდგომარეობას. თუ სირთულეები გაგრძელდა გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს.