ეს მოვლენა 3 წლის ასაკის კრიზისით არის ცნობილი ეს პერიოდი ბევრი დედისთვის ნაცნობია. ერთ დროს მშვიდი და დამჯერი შვილი, რომელიც აქამდე ხელჩაკიდებული დაგყვებოდათ და ყველა თქვენ სურვილს სიხარულით ასრულებდა, დღეს გაბრაზებული ისვრის სათამაშოებს და ქუჩაში ისტერიკებს აწყობს. ეს მოვლენა 3 წლის ასაკის კრიზისით არის ცნობილი, თუმცა ყველა ბავშვს ზუსტად 3 წლის ასაკში არ ეწყება. ხასიათის ცვლილებებმა 2,5 წლიდან ან ბევრად გვიან, 3,5 წლიდან შეიძლება იჩინოს თავი.
კრიზისის ნიშნები
პირველი სიმპტომი გახლავთ სიჯიუტე, გაუგონრობა, ისტერიკები ყველა მიზეზის გამო. ამ პერიოდს ფსიქოლოგებმა შეარქვეს "მე თვითონ".
სპეციალისტების დასკვნით, ამ დრომდე ბავშვს დამოუკიდებელი აზროვნება არ გააჩნია. მხოლოდ ამ დროს იწყებს გარემოზე დაკვირვებას და პირველი დასკვნების გაკეთებას. იწყებს უფროსების ქცევის გამეორებას, პირველ სიტყვებს წარმოთქვამს, სიტყვებს ფრაზები მოჰყვება.
რაც უფრო უახლოვდება ბავშვი 3 წლის ასაკს, მით უფრო ემატება შეგრძნება, რომ თავად გააკეთებს ყველაფერს. ცდილობს თავისი პიროვნული "მე" წარმოაჩინოს.
რაც მთავარია, დარწმუნებულია, რომ თვითონაც ისე კარგად გამოსდის ყველაფერი, როგორც უფროსებს. თუმცა, თუ რამეს გაკეთებას სთხოვთ, ყველაფერს უკუღმა შეგისრულებთ. ერთი სიტყვით, საქმე რთულადაა, თუმცა მოთმინებითა და ხელისშეწყობით დედ-მამას ნამდვილად შეუძლია, ამ პატარა "უზნეოსგან" გულღია და სიცოცხლისმოყვარე ადამიანი გაზარდოს.
კრიზისული პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია. უმრავლეს შემთხვევაში კი წელიწად-ნახევრის განმავლობაში გრძელდება. როგორც წესი, 4 წლისთვის ეს ეტაპი გავლილია.
კრიზისის ფსიქოლოგია
რატომ უჩნდებათ ბავშვებს სურვილი, რომ მშობლების წინააღმდეგ წავიდნენ? სპეციალისტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მშობლები ნაკლებ დროს უთმობენ პატარას. ფიქრობენ, რომ უკვე გაიზარდა და რღაცებს თავადაც გაართმევს თავს. არადა სწორედ ახლა აქვს გამძაფრებული მშობლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. იმდენი რამის გაგება, სწავლა და მოსინჯვა სურს. ამ დროს კი სათამაშოებთან დასვამენ და დედა სერიალს მიუჯდება, მამა კი დასასვენებლად არის წამოწოლილი. ამის საპასუხოდ ბავშვიც აღარ აქცევს ყურადღებას უფროსების ნათქვამს. არადა, მათ ყოველთვის სჭირდებათ მშობლის ყურადღება და მზრუნველობა.
ჯიუტი ბავშვი
ბავშვი მისი პიროვნების სიმტკიცისთვის იბრძვის. ეს ბრძოლა მაშინ მძაფდება, როცა მშობლები მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას არ აძლევენ. ესეც ნაცნობი მოვლენაა - დედა ფიქრობს, რომ ნაკლები დრო და ძალისხმევა დაეხარჯება, თუ თავად გააკეთებს ბავშვის გასაკეთებელს. მაგალითად, სანამ პატარა თეფშში თვითონ ურევს კოვზს, იქაურობას სვრის და რაც მთავარია, ძალიან ცოტას ჭამს, ამ დროს დედას ურჩევნია გამოართვას კოვზი და თავად აჭამოს, თავად ჩააცვას და ა.შ.
რაც უფრო ხშირად უშლიან რაიმეს კეთებას, მით უფრო მეტად ჯიუტობს პატარაც. ძალიან კარგია, როცა ბავშვი რაიმეს ცდილობს. საქციელი მხოლოდ წაახალისეთ და აუცილებლობის შემთხვევაში, შეასწორეთ. თორემ ისეთი ზარმაცი გაიზრდება, რამდენიმე წელიწადში თითს ვერ გაანძრევინებთ. ბავშვს შირისძიებაც ახასიათებს. როცა მიიჩნევს, რომ უსამართლოდ დასაჯეს, როცა რაიმეს პირდებიან და შემდეგ ავიწყდებათ, ეს ახლობლების მიმართ იმედგაცრუებებს იწვევს. მათი ავტორიტეტი ნელ-ნელა დაბლა ეშვება და სულ მალე ოჯახის წევრების სიტყვას მათთვის არავითარი ფასი აღარ ექნება.
ნუ დასჯით ბავშვს მანამ, სანამ საქციელის მიზეზებში არ გაერკვევით. თავად დაელაპარაკეთ ამ საკითხზე, იგრძნოს, რომ მას ანგარიშს უწევთ. როცა ხედავს, როგორ აინტერესებთ უფროსებს მისი საქციელის მიზეზი, თავადაც მეტი ნდობით ეკიდება მათ სიტყვებსა თუ გადაწყვეტილებებს.
დედა-შვილი
ბავშვი საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული. მისი წყენინება ძალიან ადვილია. მაგალითად, თუ მის სისუსტეს ხაზს გაუსვამთ. "კოვზის დაჭერაც არ შეგიძლია წესიერად ხელში" - ეუბნება დედა, როცა ბავშვს კოვზი შემთხვევით გაუვარდება ხელიდან. ან ხელის დაბანის დროს დაისველებს სახელოს და დედა ისევ ეჩხუბება. ეს ბავშვები საბოლოოდ იჯერებენ, რომ არაფრის კეთება არ შეუძლიათ. ნუ მოექცევით ისე, როგორც ფეთხუმსა და უგერგილოს. პირიქით, გაამხნევეთ და უთხარით, რომ ყველაფერი გამოუვა. ამ პატარა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მისი მშობლები მის მხარეს არიან. საამისოდ დიდი მოთმინება დაგჭირდებათ და მაინც, სწორი მიდგომა აუცილებელია. ამით თქვენს მომავალსაც აშენებთ.