წარმოსახვითი მეგობრის არსებობა ბავშვების უმეტესობისთვის ხშირი და ჩვეული მოვლენაა მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, განსაკუთრებით კი 2,5- 3 წლის ასაკიდან. ამ დროს პატარების წარმოსახვა ნელ-ნელა იწყებს განვითარებას და ისინი ერთვებიან წარმოსახვით, "ვითომ-ვითომ“ თამაშებში. ეს სწორედ ის დროა, როცა ბავშვების უმეტესობის ცხოვრებაში წარმოსახვითი მეგობარი ჩნდება.
თქვენი შვილის მეგობარი შეიძლება იყოს ის, ვინც:
თამაშობს მასთან ერთად არის განსაკუთრებული და მხოლოდ თქვენს შვილს ეკუთვნის უსმენს და მხარს უჭერს მას არ განსჯის მის ქცევას და არ საყვედურობს ის, ვისაც შეუძლია ისეთი რაღაცების კეთება, რაც თავად ბავშვს არ გამოსდის. ყოველთვის ხელმისაწვდომია, ნებისმიერ დროს, მაშინ, როცა ბავშვი მოწყენილია, გაბრაზებულია ან უბრალოდ მარტოსულად გრძნობს თავს და ვინმესთან ერთად თამაში უნდა. აძლევს საშუალებას ბავშვს თავად იყოს ნებისმიერი ქმედების ინიციატორი და მხოლოდ თვითონ განსაზღვროს რა ტიპის თამაში ითამაშოს და როგორი წესები შემოიტანოს.
როგორ უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას ?
წარმოსახვით მეგობართან ურთიერთობა ეხმარება ბავშვს ჩართოს ფანტაზია, გამოიგონოს ისტორიები და წარმოსახვის გავარჯიშებას შეუწყოს ხელი. ეს კი, თავის მხრივ, მისი მომავალი ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. წარმოსახვითი მეგობარი საშუალებას აძლევს ბავშვს მასთან ერთად ითამაშოს, ილაპარაკოს, სოციალურ ურთიერთობებში და უნარებში გაივარჯიშოს, საკუთარი გრძნობები და ემოციები გამოხატოს ეხმარება ბავშვს მეგობრის ყოლის საჭიროების შევსებაში. შესაძლოა, ეს ასევე თვითდამამშვიდებელ ფუნქციასაც ასრულებდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ ხდება, ეს იქნება საცხოვრებლის ცვლილება თუ და - ძმის გაჩენა. ეს ბავშვს ასევე ეხმარება, სხვისი მდგომარეობიდან დაინახოს სიტუაცია, რაც შემდგომ ასაკში ემპათიის განვითარებას უწყობს ხელს. ის, თუ როგორ და რას ლაპარაკობს ბავშვი წარმოსახვით მეგობართან, როგორია მისი ქცევა ან როგორ ეთამაშება მას, შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს დაკვირვებული მშობლისთვის, რადგან ამ გზით გაიგებს მეტს ბავშვის შინაგანი მდგომარეობის და ინტერესების შესახებ, დაინახავს, რა პრობლემა აქვს მის შვილს. მაგ: თუ ბავშვი ამბობს, რომ მეგობარს რაიმესი ეშინია, უნდა ვივარაუდოთ, რომ იმავესი ეშინია ბავშვსაც. თუ ბავშვი წარმოსახვით მეგობარს მიაწერს რაიმეს სურვილს -„ მას ახალი სათამაშო ან კანფეტი უნდა“, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თავად ბავშვს სურს ეს ყველაფერი.
თუ ბავშვი თავის მიუღებელ საქციელს წარმოსახვით მეგობარს აბრალებს, ასეთ შემთხვევაში უნდა გავაფრთხილოთ, რომ მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი საკუთარი და თავისი მეგობრის ქცევაზე.
თუ ამის პარალელურად ბავშვი ალაგებს სოციალურ ურთიერთობებს და თანატოლებთან კომუნიკაციას ამყარებს, ეს არ წარმოადგენს პრობლემას. პრობლემად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, თუ ის ხელს უშლის რეალურ თანატოლებთან ურთიერთობას და/ან როცა ბავშვი უარს ამბობს მათთან ურთიერთობაზე.
ხშირად, წარმოსახვითი მეგობრები ბავშვის სასკოლო ასაკის მოახლოებასთან ერთად ქრებიან , რადგან ამ დროს ბავშვი ხვდება ახალ სოციალურ გარემოში - სკოლაში, სადაც არარეალური მეგობრები უკვე ნაკლებ მისაღებია მისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მაინც აგრძელებს წარმოსახვით მეგობართან კავშირს, ცდილობს, არ გაამჟღავნოს ეს, რადგან აცნობიერებს, რომ შესაძლოა, დაცინვის ობიექტად იქცეს. რჩევისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო გამოსავალი ამ პერიოდში თქვენი შვილის მხარდაჭერა იქნება. აცადეთ, გაიზარდოს და გაიაროს ეს ეტაპი, ასევე დაეხმარეთ იმის აღმოჩენაში, რაც რეალურ ცხოვრებაში მის დაინტერესებას გამოიწვევს და სიამოვნებას მიანიჭებს.
ფსიქოლოგი მარიამ მეტრეველი