ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) არის ნეირობიოლოგიური საფუძვლის მქონე დარღვევა. იგი მოიცავს:
ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა) იმპულსურობას (უნებური ქცევის გაკონტროლების და შეჩერების სირთულეს) ჰიპერაქტიურობას (მოტორული მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე) უყურადღებობის დროს ბავშვს უჭირს ყურადღების გამახვილება დეტალებზე, გამუდმებით შეცდომებს უშვებს სკოლისა და საშინაო სამუშაოებში, უჭირს ყურადღების შენარჩუნება დავალების შესრულების ან თამაშის დროს, თითქოს არ გისმენთ, როცა ელაპარაკებით, ხშირად ვერ ახერხებს შეასრულოს მითითებები, უჭირს სკოლისა თუ საშინაო დავალების ბოლომდე დამთავრება, უჭირს დავალებისა და მოქმედების ორგანიზება, თავს არიდებს და არ მოსწონს ისეთი დავალებები, სადაც ფსიქიკური ძალისხმევაა საჭირო, ხშირად კარგავს ნივთებს, გარეშე სტიმულებით ძალზე ადვილად ეშლება ხელი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გულმავიწყია.
ჰიპერაქტიურობის დროს ბავშვი ხშირად ცქმუტავს და ვერ ისვენებს, ხშირად ტოვებს საკუთარ ადგილს კლასში ან სხვაგან, სიტუაციისადმი შეუსაბამოდ დარბის და ძვრება ყველგან, სირთულეები აქვს თამაშის და დასვენების დროს, სულ მოძრაობაშია, თითქოს მუდმივი ძრავა ამოქმედებს, ხშირად და ძალიან ბევრს ლაპარაკობს.
იმპულსურობის დროს ბავშვი პასუხს, ხშირად, შეკითხვის დამთავრებამდე წამოიძახებს, უჭირს საკუთარი ჯერის დალოდება, ხშირად იჭრება სხვების აქტივობაში.
იმისთვის, რომ ეს დიაგნოზი დაისვას, საჭიროა ექვსი ან მეტი სიმპტომი ვლინდებოდეს ექვსი თვის განმავლობაში. ასევე, ეს სიმპტომები ორ ან მეტ სხვადასხვა გარემოში უნდა ვლინდებოდეს.
თუ ჩარევა აუცილებელია და არ მოხდება ეს ჩარევა, მძიმდება სიმპტომატიკა.
მახასიათებლების გამოვლენა არ უნდა იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ ბავშვმა ვერ გაიგო დავალებების ინსტრუქციები ან მის მიმართ წაყენებული მოთხოვნა.
რისკფაქტორებად სახელდება მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი სტრესი, ალკოჰოლის, წამლების, თამბაქოს მოხმარება, მძიმე მეტალების დონის გაზრდა ორგანიზმში, რაც აზიანებს ნერვულ სისტემას.
ასევე, მშობიარობის ტრავმები. ჩვილობის ან მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი ინფექციები.
გენეტიკაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ სინდრომის გადაცემაში.
ყურადღების პრობლემებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ინფორმაციის დამახსოვრებაზეც. მოსწავლემ ჯერ ყურადღებით უნდა მოისმინოს ინფორმაცია, რათა დაიმახსოვროს. ეს კი ხშირად სირთულეს წარმოადგეს ADHD-ის მქონე მოზარდებისთვის.
ADHD-ს აქვს დადებითი მხარეც. მისი მქონე პირები არიან ენერგიულები, კრეატიულები, ენთუზიაზმით სავსენი. მათთვის ადვილია ისეთ გარემოში წარმატების მიღწევა, სადაც ნაკლებ ორგანიზებული სამუშაო პირობებია ან საჭიროა კრეატიული აზროვნება.