ფსიქოლოგების რჩევით, ამგვარ ჩხუბში მშობელი მხოლოდ ერთი მიზეზით უნდა ჩაერიოს ბავშვების თავყრილობაზე ხშირად ნამდვილი ცემა-ტყეპა იმართება ხოლმე. პატარა ასაკის ბავშვები, ძირითადად, სათამაშოს გამო ჩხუბობენ. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მოჩხუბრების მშობლები?
ნეიტრალიტეტის პოლიტიკა
ფსიქოლოგების რჩევით, ამგვარ ჩხუბში მშობელი მხოლოდ ერთი მიზეზით უნდა ჩაერიოს: თუ რომელიმე მოჩხუბარის კანის მთლიანობა ეჭვქვეშ დგას. აბა, მშვიდად უნდა უყუროთ? სავარაუდოდ, ნერვები არ გეყოფათ. ამიტომ ეთიკისა და ზრდილობის ნორმების გათვალისწინებით სიტუაციის შესაბამისად მოიქეცით.
ასწავლეთ გაცვლა, შესთავაზეთ, რომ სასურველი ნივთის ნაცვლად თავისი დათმოს. ეცადეთ, ყურადღება გადაატანინოთ. ორი წლის ბავშვისთვის ირგვლივ ყველაფერი "ჩემია". თუ ნივთი ხელში აიღო და მოეწონა, ის უკვე მისი კუთვნილებაა. კიდევ კარგი, ამ ასაკში მათი ყურადღება ადვილად ერთვება სხვა რამეზე.
არ წააქეზოთ
ნუ უბიძგებთ აგრესიული ქმედებისკენ და ნუ მოუწოდებთ, თავისი გაიტანოს, ანუ სასურველი ნივთი სხვა ბავშვს წაართვას. თუ თავის ნივთებსაც მშვიდად ათხოვებს სხვებს, ესე იგი საკუთრების გრძნობა ჯერ არ გაღვიძებია ან სხვა გეგმები აქვს. სამაგიეროდ, როცა უკვე წვეულების დატოვების დრო მოვა, უთხარით, თავისი სათამაშოები წამოიღოს. ნუ იღელვებთ, საკუთრების გრძნობა თანდათან გაეღვიძება, ამიტომ ნუ დააჩქარებთ.
გახსოვდეთ, ორი-სამი წლის ბავშვი არც ძუნწია არც მავნებელი. მისთვის მისი ნივთები და სათამაშოები საკუთარი პიროვნების გაგრძელებაა. საკუთარი თავის თხოვება კი არც თქვენ მოგეწონებოდათ. ამიტომ შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ.
დროებითი გაცვლის ტაქტიკა შეიძლება გარკვეულ მომენტებში ნამდვილ მაშველად გამოდგეს. პატარისთვის მთავარია, რაიმე ახალი ათხოვონ თავისი ნივთის მაგივრად. თუ ხელები ცარიელი აქვს, ეს ცუდ ხასიათზე აყენებს. გაბრაზებული კი ჩხუბს იწყებს.
ორი-სამი წლის ასაკისთვის ბავშვი საკუთარ "მეს" აცნობიერებს. მიეცით ამის საშუალება. პატივი ეცით მის საკუთრების გრძნობას. ნუ გააჩუქებთ ან ათხოვებთ მის ნივთებს მისი ნებართვის გარეშე. ნუ გააჩუქებთ მის ძველ სათამაშოებს, ყოველ შემთხვევაში, მის თვალწინ. ამით ბევრ კონფლიქტს აიცილებთ თავიდან.
ასევე იხილეთ: რა უნდა ქნათ, როცა თქვენი შვილები ჩხუბობენ?
რის გამო ეჩხუბებიან მშობლები შვილებს - ყველაზე გავრცელებული მიზეზები