როგორც კი მშობლები შენიშნავენ, რომ ბავშვს კონცენტრირების პრობლემა აქვს, მაშინვე იწყებენ ნერვიულობას. თუმცა, ხშირად არავინ საუბრობს იმაზე, რომ ბავშვებს უფროსებისგან ყურადღება აკლიათ და არც ურთიერთობები ჰყოფნით.
გონებაგაფანტულ ბავშვებს ძალიან უჭირთ ერთ რამეზე კონცენტრირება. სწრაფად გადადიან თემიდან თემაზე, ავიწყდებათ თუნდაც ის, თუ სად დადეს სათამაშო. სკოლაშიც განსხვავებული მიდგომები დასჭირდებათ. შესაძლოა სხვადასხვა სპეციალისტის დახმარებაც გახდეს აუცილებელი და პრობლემის აღმოსაფხვრელად ნევროლოგს, ფსიქოლოგს მიმართოთ. თუმცა, სახლშიც შეგიძლიათ ყურადღება სპეციალური თამაშებით განუვითაროთ, ითამაშოთ ოჯახის წევრებთან ერთად ან კიდევ სხვა ბავშვები შეკრიბოთ.
სხვათა შორის, თუ თქვენს შვილს არ აქვს ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები, მსგავსი თამაშები მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება განვითარებისთვის, რადგან სკოლამდელი ასაკში სწორედ თამაშის მეშვეობით იკვლევენ და სწავლობენ სამყაროს, ურთიერთობებს, დამოუკიდებლობას. მშობლებს საბავშვო აქტივობებში ჩართვით შეუძლიათ, ბავშვები უფრო ყურადღებიანი გახადონ, განუვითარონ მეხსიერება და ლექსიკური მარაგიც გაუმდიდრონ. ძალიან დაეხმარებათ სპეციალური განმავითარებელი წიგნები, საბავშვო ჟურნალები, სადაც ბევრია მსგავსი აქტივობა. რამდენიმე ვარიანტს ჩვენც შემოგთავაზებთ.
წესე ასეთია: მშობელი წინასწარ აწყობს ფერისა და ფორმის მიხედვით სხვადასხვა სათამაშოს ოღონდ ისე, რომ არც პირდაპირ ჩანდეს ოთახში და ამავე დროს, ძალიან დამალულიც არ იყოს. მაგალითად, ლურჯი საგანი ლურჯ ფარდასთან დადოს. ბავშვის ამოცანაა, დაკვირვებით შეამოწმოს ოთახი და დეტალებზე ყურადღება გაამახვილოს. ასევე, უფროსებს შეუძლიათ მათთან ერთად გამოიკვლიონ ოთახი. რა ნივთებია დალაგებული, კარგად დააკვირდნენ. შემდეგ ბავშვი დროებით უნდა გაუშვათ ოთახიდან, ნივთების განლაგება შეცვალოთ და შვილი კვლავ შეიყვანოთ. მისი ამოცანაა, მიხვდეს, რა შეცვალეთ ან გადაადგილეთ.
თამაშის წესი ასეთია: 30 წამის განმავლობაში ბავშვმა ოთახში რაც შეიძლება მეტი ერთი კონკრეტული ფერის ნივთი უნდა ნახოს. მაგალითად, ყველა წითელი. უფროსებს კი შეგიძლიათ მსგავსი აქტივობა მიღწევების ფურცელში მოინიშნოთ. გარდა ამისა, ბავშვთან ერთად განიხილოთ, რატომ ვერ აღმოაჩინა ნივთები, რა გაუჭირდა და ასე შემდეგ.
ასევე, შეგიძლიათ როლები გაცვალოთ და ნებისმიერ თამაშში ბავშვი ლიდერი გახადოთ. მისცეთ შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მსგავი თამაშები უფროსებსაც მისცემს ცხოვრების ხალისს და შესაძლებლობას, დაბრუნდნენ ბავშვობაში.