ბავშვთან ურთიერთობა მის დაბადებამდეც კი უნდა დაიწყოთ. ამიტომ, გადახედეთ რჩევებს და გაითვალისწინეთ ფრაზები თუ თამაშები, რომლებიც თქვენს პატარასთან კომუნიკაციისას შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოიყენოთ.
"ჭიტა" - ეს პირველი თამაშია, რომელიც შეგიძლიათ ჩვილთან გამოიყენოთ. ის ძალიან სასარგებლოა ბავშვი ემოციური და ფიზიკური განვითარებისთვის. მას ეხმარებით სიტყვებისა და შემდგომი ქმედებების დაკავშირებაში. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი საშუალებაა მოტორული უნარების გასაუმჯობესებლად და მხიარული გზაა, ბავშვს კოორდინაციაში დაეხმაროთ.
"ჩემო ძვირფასო!" - ეს ფრაზა ყველა ასაკის ბავშვს უნდა უთხრათ. ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აჩვენოთ თქვენს შვილს, რომ ძალიან ძვირფასია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ასაკში მათ თქვენი ლაპარაკის არ ესმით, მაინც ხვდებიან განწყობას, სინაზესა და სითბოს. ეს არა მარტო გაამყარებს თქვენს ურთიერთობას, არამედ ბავშვს ემოციურ ინტელექტს განუვითარებს.
"ვიცი, რომ გტკივა, მაგრამ მალე გაგივლის!" - ყველა დედამ იცის, რომ მომდევნო ოთახში ბავშვის დაცემას აუცილებლად მოჰყვება ტირილი. რა თქმა უნდა, ჩალურჯებების, კოპებისა და მსუბუქი ტრავმების გარეშე არავინ გაზრდილა. ხშირად ამაში სანერვიულო არც არაფერია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანაგრძნობა გამოხატოთ, უთხრათ, რომ თქვენც განიცდით. გარდა იმისა, რომ შვილს ამ ქმედებით გვერდით უდგახართ და აგრძნობინებთ, რომ მის ტკივილს განიცდით, ასევე, ასწავლით ტკივილის მოთმენასა და გამძლეობას. იგივე ეხება ემოციურ განცდებს: „ვიცი, რომ განიცდი... მე შენთან ვარ. მალე გაივლის".
"გინდა, ერთი კოვზი გასინჯო...?" "ამ ორიდან რომელს ჩაიცვამ?" "ეს სათამაშო ვიყიდოთ თუ ის?" - გასაგებია, რომ ჩვეულებრივ, ბავშვები მაშინ აღებენ პირს, როდესაც საჭმელს აჭმევთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ არჩევანის შესაძლებლობას მისცემთ. ამ ფრაზებით ბავშვი გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას სწავლობს. არ აქვს მნიშვნელობა, საჭმელი იქნება ეს, სათამაშო თუ სხვა რამ. როდესაც შვილს არჩევანის უფლებას აძლევთ, ეს ძალიან სასარგებლოა მისი ტვინისა და ინტელექტის განვითარებისთვის. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ არჩევანი მარტივი და ასაკის შესაბამისი უნდა იყოს. ნუ დააყენებთ მას რთული გადაწყვეტილების წინაშე.
"ყოჩაღ!" - ყველა ბავშვს სიამოვნებს შექება იმის გამო, რომ, მაგალითად, სათამაშო ყუთში შეინახა ან კიდევ შარვალი ჩადო კარადაში. აჩვენეთ, რომ აფასებთ მის ამ საქციელს და ამაყობთ. "ყოჩაღ! მაგარი ხარ" - უთხარით მსგავსი წამახალისებელი ფრაზები შვილებს და ჩაეხუტეთ. ეს მათ თავდაჯერებულობას შემატებს, თქვენ მიმართ კი ნდობა ჩამოუყალიბდებათ. თუ რაღაც არ გამოსდით, მაინც შეაქეთ, უთხარით, რომ მონდომებასა და ძალისხმევას აფასებთ.
"სად არის...?" სათამაშო, ბოთლი, ბალიში, გადასაფარებელი და ასე შემდეგ. ბავშვი, როგორც წესი, იწყებს ძებნასა და კავშირების დადგენას. იმის ნაცვლად, რომ მან უბრალოდ მოგცეთ ნივთი, სთხოვეთ, გითხრათ, სად დევს, რის გვერდზე და ასე შემდეგ. ეს არა მხოლოდ დაეხმარება სახელების დამახსოვრებაში, არამედ განუვითარებს ცნობისმოყვარეობას და სურვილს, რომ შეიცნოს სამყარო.
"ეს ვინ არის?" - ბავშვს ირგვლივ უამრავი ადამიანი ჰყავს და ბევრი სათამაშო თუ საგანიც აქვს. კარგი იქნება, თუ ჰკითხავთ ხოლმე, ვინ არის კონკრეტული ადამიანი მისთვის ან რა საგანი გიჭირავთ ხელში. მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა პასუხების გაცემა, მაინც ჰკითხეთ ხოლმე, რადგან ასე მეხსიერებასა და ინტელექტს განუვითარებთ. შედეგს მაშინ დაინახავთ, როცა თქვენი შვილი ლაპარაკს დაიწყებს.
"მოდი, გავისეიროთ" - გაჯეტებისა და სმარტფონების სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი სრულად იცნობდეს რეალურ სამყაროსა და ადგილებს. ბუნებაში, პარკში, ტყეში წაყვანა და სიტყვა "გასეირნება" ყოველთვის პოზიტიურ ემოციას დაუკავშირდება. ამიტომ, როცა პატარაობიდანვე ეტყვით, რომ გაისერნოთ, ამით ბუნებრივად გაუჩენთ ბავშვებს სურვილსა და ცოდნას, რომ სუფთა ჰაერზე სიარული აუცილებელია. გამოუმუშავდებათ ჩვევები, რაც მთელი ცხოვრება გამოადგებათ.
"ოჰო!" "ვაა!" - ამ ტიპის პატარა აღფრთოვანება შეიძლება გამოხატოთ მაშინ, როცა თქვენი შვილი ლამაზ ნახატს დახატავს ან კიდევ საკუთარ ნივთებს მოაწესრიგებს. ფრაზა მალევე მიანიჭებს ბედნიერებას თქვენს ინტონაციას, რაც ბავშვისთვის განსაკუთრებით სასარგებლო, სასიხარულო და მოტივაციის მიმცემია. მსგავსი ფრაზები არა მხოლოდ ავითარებს ინტელექტს, არამედ ბავშვს აძლევს დროს, რომ დაფიქრდეს, როგორ მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციებში.
"მიყვარხარ" - ეს ჯადოსნური სიტყვა მაშინაც კი უნდა თქვათ, როცა ბავშვი ჯერ კიდევ თქვენს მუცელშია და ამ სამყაროში არ დაბადებულა. ეს უნდა უთხრათ არა მხოლოდ კარგ დღეებში, არამედ უსიამოვნო სიტუაციების დროსაც. მაშინაც კი, როცა ბავშვზე ძალიან გაბრაზებული ხართ, რათა იგრძნოს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სულ გეყვარებათ.