რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება - რას გვირჩევს მეტყველების სპეციალისტი
ხშირია ოჯახები, სადაც რამდენიმეენოვანი ადამიანები ცხოვრობენ და ასეთ ოჯახებში რამდენიმე ენაზე საუბრობენ, ან ჰყავთ უცხოენოვანი ძიძა. ბავშვს დაბადებიდან ესმის სხვადასხვა ენა და ან ძალიან ადრე იწყებს ამ ენებზე საუბარს, ან საერთოდ აგვიანებს ლაპარაკის დაწყებას. ასევე მოქმედებს ბავშვების მეტყველებაზე ადრეულ ასაკში სხვადასხვა ენაზე მულტფილმების ყურება. ამ საკითხებზე მეტყველების თერაპევტი ეკა ჭავჭავაძე გვესაუბრება.
- ასეთ ოჯახებში ხშირია, როდესაც 3-4-5 წლის ასაკში თავისივე გამოგონილი სიტყვებით საუბრობს. ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ორენოვნება ან ნახატი ფილმების გადაჭარბებული დოზებით ყურებაა - ვიზუალური ეფექტების სიჭარბე, რაშიც იგულისხმება კომპიუტერი და ყველა ის ანიმაციური თამაში, ნახატი ფილმი, რომელთაც ჭარბად უთმობენ დროს ჩვენი პატარები. შესაბამისად ვიზუალური ეფექტების გაძლიერება, თრგუნავს ვერბალური უნარების განვითარებას. ცნობილია მულტიპლიკაციური ეპილეფსიის ფორმა, რომელიც ბავშვებში ნახატი ფილმების მოჭარბებული ყურებისას ვითარდება.
რაც შეეხება მეტყველებას, განსაკუთრებით საზიანოა, როცა პატარები რამდენიმე ენაზე გახმოვანებულ ფილმებს მეტყველების აქტიური განვითარების პერიოდში - 2-4 წლის ასაკში უყურებენ. მშობლებს დასაწყისში ძალიან მოსწონთ და ეამაყებათ კიდეც, როცა მათი პატარა საუბრისას გამოგონილ, უცხოურ სიტყვებს იყენებს, თუმცა რამდენიმე ხანში რწმუნდებიან, რომ იგი სრულფასოვნად ვერცერთ ენაზე ვერ საუბრობს და გარდა ამისა, დარღვეული აქვს ენის გრამატიკული შენება, ვერ ახერხებს პირისა და რიცხვის შეთანხმებას, დროების სწორი ფორმის შერჩევას და ა.შ. ამგვარი საუბრის გამო ისინი სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან თანატოლებთან ურთიერთობაშიც, მათი არ ესმით, გაურბიან მათთან თამაშს, რაც უკვე სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების სათავეც ხდება. მინდა შეგახსენოთ, ჯერ კიდევ იაკობ გოგებაშვილი გვირჩევდა: 5 წლამდე ბავშვს მხოლოდ ერთი ენა უნდა ესმოდეს, მხოლოდ მის შემდგომაა გამართლებული მეორე და მესამე ენის შესწავლაო. აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი პატარას 4-5 წლამდე უცხო ენა ესმოდეს, იგი ჯერ საკუთარ, მშობლიურ ენაზე უნდა ამეტყველდეს და მხოლოდ მშობლიური ენის სამეტყველო მატრიცის ფორმირების შემდგომაა რეკომენდებული მასზე უცხო ენების დაშენება.
- როგორ მოქმედებს მეტყველებაზე ბავშვის ისეთ გარემოში (ოჯახში) ყოფნა, სადაც რამდენიმე ენაზე საუბრობენ?
- ბილინგვიზმი - ორ ენაზე საუბრის უნარია, ბილინგვი - ორ ენაზე მოსაუბრე ადამიანია.
უკანასკნელ ხანს საკმაოდ იმატა ორ ენაზე მოსაუბრე ბავშვების რიცხვმა, ეს შესაძლოა განსხვავებული ეროვნების მშობელთა დამსახურებაა, უცხო ენაზე მოსაუბრე ძიძასთან კონტაქტს უკავშირდება ან უცხოეთში ცხოვრებას, როდესაც პატარას მშობლიური ენა მხოლოდ შინ ესმის, დიდ დროს კი განსხვავებულ ენაზე მოსაუბრე საზოგადოებაში ატარებს. მშობლებს თითქმის ყველთვის უხარიათ და ამაყობენ პოლიგლოტი შვილით, თუმცა საკმაოდ მალე აღმოაჩენენ, რომ მათი ორ ენაზე მოსაუბრე შვილი სრულფასოვნად ვერცერთს ვერ ფლობს. ბილინგვად მიჩნეულია ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ საუბრობს ორ ენაზე, არამედ სრულად ფლობს ორივე ენის კულტურას, გრძნობს მის გრამატიკულ შენებას, იდიომებს, ესმის ხუმრობები და ა.შ.
თუ თქვენს ორ ენაზე მოსაუბრე პატარას ამჩნევთ:
- ტიპურ გრამატიკულ შეცდომებს უშვებს ორივე ენაზე საუბრისას;
- ერთმანეთში კონტექსტის გარეშე ურევს სიტყვებს;
- აზრის გადმოცემა უჭირს;
- ნერვიულობს ამბის თხრობისას;
- ერთი შეხედვით, აუხსნელი პანიკის შეტევები ეწყება.
აუცილებელია, აჩვენოთ ნეიროფსიქოლოგს და მეტყველების თერაპევტს, რათა დროული დახმარებით იგი გაერკვეს და მეტყველების ფუნქციის განვითარება არ შეფერხდეს.
ასაკის მატებასთან ერთად, ამის გამოსწორება შედარებით რთულია და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.
ციცი ომანიძე