პატარა ჯერ კიდევ ძალიან ფრთხილია გარე სამყაროს მიმარ ბევრისთვის ეს სიტუაცია უცხო სულაც არ არის. ბავშვის გახარება გინდათ და სანტა კლაუსთან ახლოს მიგყავთ. რეაქცია კი სიხარულის ნაცვლად ცრემლები, ყვირილი, ტირილი და შიშია. რატომ ემართებათ ბავშვებს ეს? ასეთი რეაქცია ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
რატომ ეშინია ბავშვს თოვლის ბაბუის?
დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკს. 3 წლამდე ასაკის პატარა ჯერ კიდევ ძალიან ფრთხილია გარე სამყაროს მიმართ. მძაფრად განიცდის თავის უმწეობას, ამიტომ ყველა მისთვის უცნობ მოვლენას პოტენციურ საშიშროებად აღიქვამს და ეშინია.
თოვლის ბაბუასთან ურთიერთობაში შეიძლება ბავშვის სოციალიზაციამაც იქონიოს გავლენა. თუ ბავშვი ხშირად ხვდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, უკვე შეჩვეულია, რომ ირგვლივ ნაცნობის გარდა, ბევრი უცხო სახეც ირევა, ამ შეჩვევის გამო უცხო სახეები აღარ აშინებს. ამიტომ დიდი შანსია, რომ თოვლის ბაბუასაც მშვიდად შეხვდეს.
მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქოტიპსაც. თუ ბავშვი ბუნებით ინტრავერტია და ტემპერამენტით მელანქოლიკი, უცხო და უჩვეულო პაპასთან კონტაქტს აუცილებლად გააპროტესტებს. მიუხედავად იმისა, საჩუქრებს დაახვედრებს თუ არა.
პირველად შეხვედრის რეაქცია თავად სანტას მოქმედებაზეც არის დამოკიდებული. უცხო არსების მიმართ დიდი სიფრთხილე ბავშვისთვის ბუნებრივი საქციელია. მაგრამ ასევე ბუნებრივია ცნობისმოყვარეობა და სასწაულის რწმენა. თუ თოვლის პაპა უხეში ხმით ლაპარაკობს, მკვეთრ მოძრაობებს აკეთებს, ხელს სტაცებს ბავშვს და ძალით ისვამს მუხლებზე - ეს აუცილებლად პროტესტს და ცრემლებს გამოიწვევს. მით უმეტეს, თუ მშობელი არ ეხმარება ბავშვს ემოციებთან გამკლავებაში.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვს არ ეშინოდეს თოვლის პაპის
დედაზე უკეთ ბავშვს არავინ იცნობს. თუ სახლში აპირებთ თოვლის ბაბუის გამოძახებას, ან მასთან გინდათ მიიყვანოთ შვილი რაიმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, კარგად დაფიქრდით, ადრე ხომ არაა მისთვის ასეთი შეხვედრის მოწყობა. ან იქნებ ჯობია, რომ ბავშვი ხელში აიყვანოთ და ისე მიუახლოვდეთ თოვლის პაპას.
კარგად მოქმედებს სხვა ბავშვების მაგალითიც. თუ ხედავს, რომ ბავშვები თოვლის ბაბუასთან უპრობლემოდ მიდიან, შეიძლება შიში მასაც მოეხსნას. სამაგიეროდ, თუ დაინახა, რომ რომელიმე ბავშვი ატირდა, თვითონაც იმავეს გაიმეორებს.
წინასწარ შეამზადეთ ბავშვი იმისთვის, თუ როგორია და როგორ გამოიყურება თოვლის პაპა. ნუ გგონიათ, რომ ამით სიურპრიზს გააფუჭებთ - სასწაული ყოველთვის სიურპრიზად დარჩება.
წინასწარ შეუთანხმდით მსახიობს, რომ მაშინვე არ აიტაცოს ბავშვი ხელში ან კალთაში არ ჩაისვას. უკეთესი იქნება, თოვლის პაპა ჯერ დედას გამოელაპარაკოს და მერე "მიაქციოს ბავშვს ყურადღება".
ყველაფრის მიუხედავად, თუ ბავშვი უკვე შეშინებულია, ნუღარ დააძალებთ მასთან მიახლოებას. თოვლის პაპა ხომ მის გასახარებლადაა და არა მოვალეობის შესასრულებლად. თქვენც გულს ნუ გაიხეთქვათ ამის გამო - არ უნდა ეს საშიში ბაბუა და რა ქნას?! საჩუქარი გამოართვით და შემდეგ წელს დაელოდეთ.