ბავშვის მეტყველების განვითარება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ცვლილებები, დაახლოებით ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდება და ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ მშობელს მოცემული ეტაპები არ გამოეპაროს, ხელი შეუწყოს შვილის განვითარებას და დაეხმაროს მას ცალკეული სიტყვებისა თუ წინადადებების სწავლაში.
კომუნიკაცია ტირილით
როგორც კი ახალშობილი პირველად ამოისუნთქავს, ტირილის პერიოდი იწყება, რაც საშუალოდ 2 თვემდე გრძელდება. შეეცადეთ უფრო ხშირად მიუახლოვდეთ პატარას და დიდხანს არ დატოვოთ იგი მარტო. ესაუბრეთ მშვიდად, ხმის აწევის გარეშე. სცადეთ ამ გზით დაამყაროთ დიალოგი, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ჯერჯერობით უსიტყვო იქნება, მაინც დადებით ემოციებს მიიღებთ.
დიალოგის მცდელობა
მე-2 ან მე-3 თვის დასაწყისში ბავშვი წარმოთქვამს მელოდიურ, ყველაზე მარტივ ხმოვნებს არტიკულაციისთვის. მსგავსი ღუღუნი სპეციალისტების თქმით, ავითარებს სმენით მეხსიერებას და არტიკულაციური აპარატის კუნთებს. ამავე დროს, ბავშვი სწავლობს განასხვავოს რა ინტონაციითაა ნათქვამი სხვადასხვა სიტყვა. აუცილებელია პატარასთან ნაზად და მშვიდი ხმით ისაუბროთ, რადგან მსგავსი მელოდიური ბგერების გამოცემა ყოველთვის სიამოვნების გამოხატულებაა, ნიშანია იმისა, რომ ბავშვს საკმარისად სძინავს და ჯანმრთელია.
სახით სახესთან
5-6 თვის ასაკში ბავშვი დანაწევრებულ მეტყველებას იწყებს და ერთად ხმოვნებსა და თანხმოვნებს აერთიანებს. უსმენს მის გარშემო არსებულ ბგერებს. უყურებს მასთან მოსაუბრე ზრდასრულს, მისი ტუჩების მოძრაობას, ცდილობს მიბაძოს და ამით სწავლობს არტიკულაციის აპარატის კონტროლს.
7 თვის ასაკში ბავშვი უკვე უფრო რთულ ბგერათა კომბინაციას წარმოთქვამს. თუ იქამდე შეიძლება ეთქვა "მა" , ახლა ამ ბგერებს კიდევ დაამატოს სხვაც. ის უკვე მიზანმიმართულად იყენებს ბგერებს, რომ ყურადღება მიიპყროს. სპეციალისტები გირჩევენ, რომ როდესაც ბავშვი დაიწყებს მცდელობას, თქვას სიტყვა, დაეხმარეთ, დაასრულეთ მასთან ერთად დაწყებული ბგერები, მაგალითად "მა-მა", აჩვენეთ საგნები, გაუმეორეთ მათი სახელები. ასევე, სთხოვეთ, გაჩვენოთ სად დევს ესა თუ ის სათამაშო და ასე შემდეგ.
პირველი სიტყვები
10-12 თვის ასაკში ბავშვები იწყებენ სიტყვების გამოთქმას, ამბობენ "დედა", "მამა", თუმცა ამავე პერიოდში ხშირად ისინი სრული სიტყვის ნაცვლად შემოკლებულ, თავისებურ ვერსიას ასახელებენ. მაგალითად, "ბაბა", რომელიც შეიძლება "ბებიას" ნიშნავდეს. ან კიდევ ფაფას ეძახდნენ შემოკლებულ, თავისებურ სახელებს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ბავშვის ყურადღება საკუთარ თავზე მიაპყროთ და ტუჩებზე შეხებით მიანიშნოთ, რომ სრულად თქვას სიტყვა.
1 წლის შემდეგ, როდესაც ბავშვი იწყებს სიარულს, ის აქტიურად მოძრაობს ოთახში, იკვლევს ახალ ადგილებს, არჩევს ყველაფერს, რაც მისთვის საინტერესოა. ამ ეტაპზე, სასარგებლოა მოკლედ ვისაუბროთ ბავშვისთვის საინტერესო თემაზე, საგნებზე, სათამაშოებზე.
ამავე ასაკში, როგორც აღნიშნულია, ბავშვები თავსებურ სახელებს ეძახიან ადამიანებს, საგნებს, თუმცა, სპეციალისტების რჩევით, თქვენ ყოველთვის უნდა თქვათ სრული დასახელება და გაუმეოროთ, რომ მაგალითად, "ძაღლს" ძაღლი ჰქვია და არა "ავ-ავ", რის ასოციაციასაც მისი ყეფა უქმნის.
ლექსიკის შევსება
1,5 წლის შემდეგ ბავშვის ლექსიკა აქტიურად ივსება, ჩნდება პირველი წინადადებები. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ბავშვმა დაინახოს თანამოსაუბრის სახე, დააკვირდეს ტუჩების მოძრაობას. ბავშვთან საუბრისას ყოველთვის მოათავსეთ თავი ისე, რომ მან კარგად დაინახოს თქვენი სახე. ეცადეთ მისი მეტყველების სტიმულირება გამოიწვიოთ, აუცილებლად დაუსვით შეკითხვები და დაელოდეთ მის პასუხს. 2 წლის ასაკში უკვე იწყებს რთული სიტყვების წარმოთქმას. ეცადეთ, დაუმარცვლოთ, რომ სწორად გაიგოს, ან კიდევ წაიმღეროთ, რომ მელოდიით დაიმახსოვროს. 2-2,5 წლის ასაკში კი შესთავაზეთ მარტივი წინადადებების გამეორება, მაგალითად: "ბავშვი მღერის, გოგონა ჭამს" და ასე შემდეგ.
3 წლის ასაკში მეტყველება რთულდება, მასში ჩნდება მხოლობითი და მრავლობითი ფორმები, ზედსართავი სახელები და კავშირები. წაახალისეთ ბავშვი ისაუბროს ფრაზებით, რომლებიც შედგება 5-6 სიტყვისგან.
სპეციალისტების თქმით, ძალიან სასარგებლოა სახლში ასოციაციური თამაშების არსებობა, რომლებიც დაეხმარება ბავშვს სიტყვების კლასიფიკაციაში მიზნისა თუ საერთო მახასიათებლის მიხედვით: დივანი - ტელევიზორი, მანქანა - ბორბალი. თამაშისას აუხსენით ობიექტებს შორის კავშირი: „მანქანას აქვს ბორბლები, მაგრამ კიდევ რა აქვს მას?" რაც უფრო გრძელია ასოციაციური ჯაჭვი, მით უკეთესი.