ნევროზი ეს არის ნეიროფსიქიატრიული აშლილობებისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა, რომელიც ბავშვში ტრავმული სიტუაციების საპასუხოდ ვლინდება. ეს შესაძლოა სხვადასხვა გზით აისახოს: მაგალითად, ცერა თითის წოვა, ფრჩხილის კვნეტა, ტიკები, ენაბორძიკობა, შარდის შეუკავებლობა და სხვა.
ჩვეულებრივ, ამ მდგომარეობას თან ახლავს ცუდი განწყობა, ძილისა და მადის პრობლემები. ნევროზი წარმოიქმნება არა მხოლოდ ტრავმული მოვლენების შედეგად, არამედ აღზრდისა და მშობელთა მხრიდან დაშვებული შეცდომების გამოც.
ბავშვთა ნევროზის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- არასახარბიელო მდგომარეობა ოჯახში;
- სირთულეები შვილსა და მშობლის ურთიერთობაში;
- გადაღლა და სტრესი;
- მძიმე დაავადებები;
- ემოციური და ფსიქიკური ტრავმა;
- მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
რა სიმპტომები მიუთითებს პრობლემაზე?
ნევროზული მდგომარეობის გამოვლინებები შეიძლება განსხვავდებოდეს ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების ან თავად ტრავმული სიტუაციის ხასიათის მიხედვით. თუმცა, ამის მიუხედავად, ხშირად შეიძლება შეამჩნიოთ:
- არასტაბილური ქცევა;
- ტირილი და გაღიზიანება;
- ხშირი თავის ტკივილი;
- ძილის პრობლემები, ღამის შიშები;
- დაღლილობა.
ბავშვებში ისტერიული ნევროზის დროს შემდეგი ნიშნები ვლინდება:
- დემონსტრაციული, უმართავი ქცევა;
- ემოციური არასტაბილურობა;
- გადაჭარბებული ეგოიზმი;
- სუნთქვის შეკავება სიბრაზის დროს, ძლიერი და ხანგრძლივი ტირილი.
ნევროზული შეტევის დროს, როგორც წესი, ჩნდება ძლიერი შიშის ან ძლიერი ემოციური რეაქცია. მაგალითად, სახის კუნთების უკონტროლო მოძრაობა, ტიკები. ასევე, შესაძლოა გამოვლინდეს უნებლიე მოძრაობები, რომლებსაც ბავშვი ვერ აკონტროლებს.
- თვალების ხშირი დახამხამება;
- თავის, მხრების კანკალი;
- მოუსვენრობა;
- თითზე თმის დახვევა;
- ყურის ბიბილოზე ხშირი, უკონტროლო თამაში;
- ფრჩხილების კვნეტა;
- თმის, წამწამების მოგლეჯვა
თუკი პრობლემას დროულად არ მივხედავთ, უფრო მოზრდილ ასაკში შესაძლოა სერიოზულ ნევროზულ აშლილობაში გადაიზარდოს და ადამიანს მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნას. პირობების პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა. მთავარი პრევენცია კი ოჯახში, სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლაში ხელსაყრელი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნაა, ბავშვს უნდა ჰქონდეს მეგობრული კომუნიკაცია ემოციურად მნიშვნელოვან მოზრდილებთან და თანატოლებთან, მას სჭირდება ძილი და დასვენება, ფიზიკური და გონებრივი სტრესის კონტროლი.
რომელ ასაკში ვლინდება ნევროზული აშლილობა?
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, უფრო ხშირად პრობლემა 3-4 წლის ასაკში ვლინდება და ის ძირითადად ახასიათებთ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც გაზრდილი ემოციურობა, შიში, გაურკვევლობა, დიდი ემოციური დატვირთვა აქვთ. ეს ხდება ისეთ ოჯახებში, სადაც მშობლები, ბებია-ბაბუები ბავშვებს საკუთარ შიშებს თავს ახვევენ, მუდმივად აკრიტიკებენ მათ ქცევებს, არ მოსწონთ არაფერი და სულ შენიშვნებს აძლევენ. გარდა ამისა, ბავშვებში სტრესი შეიძლება გამოიწვიოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ, ოჯახში მეორე ბავშვის დაბადებამ, საბავშვო ბაღში სიარულმა და ასე შემდეგ.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა?
მშობლები უნდა ეცადნონ, რომ ბავშვების ემოციურობა შეამცირონ და სასიამოვნო გარემო შეუქმნან. თუ აკვიატებული მოძრაობები აქვთ, ნუ გაუმახვილებთ ზედმეტ ყურადღებას. დახმარებისთვის აუცილებლად მიმართეთ ფსიქოთერაპევტს, ფსიქიატრს. რაც უფრო მალე გადაწყვეტთ ვიზიტს, მდგომარეობის გამოსწორების გაცილებით უფრო დიდი ალბათობა არსებობს. სტრესის მოხსნის სხვადასხვა გზაა და სპეციალისტი მშობლებს ამის შესახებ შესაბამის რეკომენდაციასაც მისცემს: ხატვა, ძერწვა, თამაში შესაძლოა კარგი არჩევანი იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვთან სწორი კომუნიკაცია და მეგობრული, თბილი გარემოს შექმნა.