რა უნდა იცოდეთ ბავშვის ტვინზე - როგორ არის მოწყობილი მათი გონება და რატომ არ ესმით ათჯერ ნათქვამი დარიგება
რა უნდა იცოდეთ ბავშვის ტვინზე - როგორ არის მოწყობილი მათი გონება და რატომ არ ესმით ათჯერ ნათქვამი დარიგება

ბავშვი ყველაზე ძვირფასი განძია მშობლისთვის და ყველა მშობელს ყურადღების ცენტრში ჰყავს იგი. თუმცა ბავშვების ქცევის ახსნა ზოგჯერ მშობლებსაც უჭირთ. რა ხდება ბავშვის ტვინში? როგორ არის მოწყობილი მათი გონება და რატომ გვეჩვენება მათი საქციები ხან არალოგიკურად, ხან აზრსმოკლებულად და რატომ იმეორებენ ცუდ საქციელს მეასეჯერ, როცა საყვედურიც და დარიგებაც მოსმენილი აქვთ.

ცუდად ხედავენ

ახლშობილები სრულიად სხვანაირად ხედავენ გარემოს. მათი მხედველობა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი.
სამ თვემდე ბავშვები ხედავენ მხოლოდ იმას, რაც მათგან 25 სანტიმეტრის სიახლოვესაა. ფერების გარჩევას 3-4 თვის ასაკიდან იწყებენ. ჯერ
აღიქვამენ ლურჯ-ყვითელ სპექტრს, ოთხი-ხუთი თვის
განმავლობაში კი წითელ-მწვანეს.
მიმდებარე სამგანზომილებიანი ობიექტების აღქმაც შეუძლებელია მათთვის. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ბავშვი ოჯახის წევრებს ჯერ ვერ ცნობს და თვალის კონტაქტს არ ინარჩუნებს, სათამაშოებს ვერ ამჩნევს. ამ ასაკის ჩვილები უფრო რეაგირებენ სურნელსა და ბგერებზე, საყვარელი ადამიანების ხმებზე.

უკეთ ესმით

ბავშვებს უფროსებზე უკეთესი სმენა აქვთ. მათ შეუძლიათ გაცილებით მეტი ბგერის გარჩევა. ამიტომ ისინი უფრო ადვილად სწავლობენ ახალ ენებს და მძაფრად რეაგირებენ ხმამაღალ მუსიკაზე.
სმენა მუცლად მყოფ ნაყოფს მე-9-დან მე-18 კვირამდე უყალიბდება, თუმცა საშვილოსნოში ის ბუნდოვნად ისმის ამნიონური წყლების გამო. დაბადების შემდეგ, 4-6 თვისთვის, ბავშვი განასხვავებს ხმის ტონს, ამჩნევს, ალერსიანია ხმა თუ მკაცრი.
თუ ბავშვთან ხმას აუწევთ, უსაყვედურებთ საქციელის გამო, ის უფრო მეტად შენიშნავს თქვენს გაბრაზებულ ინტონაციას, ვიდრე ნათქვამის შინაარსს.

აქვთ ვიწრო ემოციური სპექტრი

მცირეწლოვან ბავშვებს შეუძლიათ განიცადონ ერთი ძლიერი ემოცია ისე, რომ ყველა სხვა ემოცია დაჩრდილოს. ამიტომაც როცა ბრაზდებიან, მთელი გულით ყვირიან, რომ ვძულვართ,. სინამდვილეში, ასე არ ფიქრობენ და ჩასახუტებლად გამორბიან, როგორც კი დამშვიდდებიან.


ირაციონალურად ფიქრობენ

ტვინი ვითარდება ქვემოდან ზემოთ: ქერქქვეშა სტრუქტურებიდან ქერქამდე. ცერებრალური ქერქი ვითარდება მარჯვენა ნახევარსფეროდან მარცხნივ, ზურგიდან თავის ტვინის წინა მხარესკენ. ბავშვებში ჯერ მწიფდება ის სფეროები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შემოქმედებითობაზე, ხოლო პრეფრონტალური უბნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ლოგიკაზე, ბოლოს მწიფდებიან. ტვინი სრულად ყალიბდება 30 წლის ასაკში. ამიტომ ბავშვის ქმედებები ალოგიკური ჩანს.
განზოგადება არ შეუძლიათ
ორი წლის ბავშვებს არ შეუძლიათ საგნებისა და ფენომენების განზოგადება. მაგალითად, თუ გოგონას აჩვენებენ, თუ როგორ უნდა გაუკეთოს თოჯინას თმის სამაგრი, აზრადაც არ მოსდის, რომ იგივე საკუთარ თმაზე გაიკეთოს. სხვა გარემოში კი მან შეიძლება საერთოდ დაივიწყოს ნასწავლი ქცევა.

თუ ბავშვს ეჩხუბეთ შპალერის დაჩხაპნისთვის, ის ვერ მიხვდება, რომ დივნის დაჩხაპნის შემთხვევაშიც წაეჩხუბებიან.
ამიტომაც აზრი არა აქვს უსაყვედუროთ ქუჩაში ცუდად მოქცევის გამო მაშინ, როცა იქ აღარ იმყოფებით. თუ ბავშვმა რამე დააშავა, აუცილებელად რეაქცია უნდა გქონდეთ იმ მომენტში. თუ გვიან შეიტყვეთ მისი გაფუჭებული საქმის შესახებ, მოგვიანებით ჩხუბს აზრი აღარ აქვს.
მცირეწლოვან ბავშვებს არ აქვთ სამყაროს სრული სურათი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირებს ჯერ ვერ ამყარებენ. ჯერ კიდევ ვერ განჭვრეტენ თავიანთი ქმედებების შედეგებს. ამიტომ ხანდახან გვეჩვენება, რომ ისინი ყოველდღე იმეორებენ იმას, რაზეც წინა დღეს უსაყვედურეს.

ჰგონიათ, რომ ყველამ იცის ის, რაც მათ იციან

მეცნიერებმა არაერთხელ ჩაატარეს ექსპერიმენტები, რომელთა მტკიცებით წლამდე ასაკის ბავშვი დარწმუნებულია, რომ გარშემო ყველამ იცის იგივე, რაც მან იცის. ასე რომ, მას გულწრფელად უკვირს, რატომ არ იცის მეზობელმა მისი საყვარელი მულტფილმის გმირი ან მისი ბაბუის სახელი.
მაგრამ უკვე ხუთი წლის ბავშვისგან, პირიქით, გესმით შემდეგი ფრაზა: „ნანახი გაქვს ეს მულტფილმი?".

აფასებენ მოქმედებების რაოდენობას და არა ხარისხს

ჟან პიაჟე, რომელმაც შეისწავლა მცირეწლოვანი ბავშვების ფსიქოლოგია, აღნიშნავს, რომ ბავშვები ხშირად არასწორად აფასებენ, ესა თუ ის საქციელი კარგია თუ ცუდი. მათ არ შეუძლიათ მოქმედების ზრახვების ანალიზი, მაგრამ ადვილად შეუძლიათ განსაზღვრონ, რა შედეგებისთვის დაისჯებიან.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში ბავშვებს ჰკითხეს, ვინ უფრო დამნაშავე იყო: ვინც შემთხვევით ათი ჭიქა გატეხა თუ ვინც ერთი განზრახ გატეხა. ძირითადად, ბავშვებმა ხმა პირველ ვარიანტს მისცეს. მათთვის ცუდი საქმეების რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე განზრახვა, რომლითაც ის ჩაიდინეს.

თუ თავად ვერ გხედავენ, ჰგონიათ, რომ ვერც თქვენ ხედავთ მათ

ნებისმიერს, ვინც სკოლამდელ ბავშვთან დამალობანა ითამაშა, შეამჩნევდა, რომ ის საკმარისად კარგად ვერ იმალება. ხანდახან მხოლოდ თავს შეყოფს ფარდის უკან. ჰგონია, რომ რადგან ის ვეღარ გხედავთ, ვერც თქვენ ხედავთ მას.
უბრალოდ, ბავშვის ტვინი ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ყველაფერს ჯერ-ჯერობით თავისი მსოფლმხედველობის პრიზმიდან აღიქვამს.

2923
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ინგა
0
სწირედ რომ ტვინზე! ვინაიდან ტვინია ორგანო რომელუც გონივრულად ვითარდება რამდ3ნადაც გონივრული აღზრდა ექნება ბავშვს იმდენად განვითარებული ცნობიერება და აზროვნება ექნება ზრდასრულ ასაკში.. ეს კი ტვინმა უნდა მიიღის ბავშვობიდან
15:30 / 06-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები