ზოგიერთი ბავშვი ცალკეული სიტყვების წარმოთქმას შვიდი-ცხრა თვის ასაკიდან იწყებს, ერთი წლიდან კი კომუნიკაციას ახერხებს, სიტყვებს ამახინჯებს, მაგრამ ირგვლივ მყოფებს შინაარსს აგებინებს, ვერბალურად გამოხატავს სიხარულსაც და უკამყოფილებასაც. წელიწად-ნახევრის ასაკში ბავშვის ლექსიკა ფართოვდება, ის შეიძლება უკვე დაახლოებით 50 სიტყვას შეიცავდეს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია და სხვადასხვა ტემპით ვითარდება. ამიტომაც, მათი მეტყველების შესაძლებლობები საშუალო მაჩვენებელს შეიძლება ჩამორჩეს ან წინ გაუსწროს.
გარდა ამისა, მეტყველების განვითარებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მაგალითად, ჩვეულებრივ, გოგონები უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე ბიჭები. თუ ოჯახში უფროსი შვილები არიან, ამანაც შეიძლება დააჩქაროს ბავშვის ალაპარაკება და ასე შემდეგ.
ბავშვის პირველი სიტყვების უმეტესობა მარტივი მარცვლებისგან შედგება. ამბობს - "დედა", "მამა", "ქალი", "დიახ", "არა", "კარგად" და ა.შ. თუმცა, შესაძლოა გაგიკვირდეთ კიდეც, რამდენად სწრაფად ამბობს რთულ სიტყვებს და როგორ იმახსოვრებს. ზოგჯერ კი ანერვიულდეთ და იფიქროთ, რომ ბავშვი ვერ საუბრობს.
ექსპერტები თვლიან, რომ ბავშვები გასაგებად და გამართულად ლაპარაკს ძირითადად ოთხი წლის შემდეგ იწყებენ. ამიტომ, თუ თქვენი შვილი მხოლოდ ორი წლისაა, შესაძლოა 200-300 სიტყვა წარმოთქვას, რომელთა უმეტესობასაც არასწორად ან თავისებურად იტყვის.
როდის უნდა დაიწყოს მშობელმა შეშფოთება?
- თუ თქვენი შვილი 14 თვის ასაკიდან მისთვის საინტერესო ობიექტებისა და საგნების ჩვენებას არ იწყებს.
- 15 თვის ასაკისთვის საკუთარ სახელზე არ რეაგირებს.
- 16 თვის ასაკისთვის ვერც ერთ სიტყვას ვერ ამბობს.
არის შემთხვევები, როდესაც ბავშვმა ლაპარაკი დაიწყო და მერე მოულოდნელად სიტყვების წარმოთქმა შეწყვიტა. ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევებში მეტყველების განვითარებაში რაღაც პრობლემაა და ჯობს, სპეციალისტს დაუყოვნებლივ მიმართოთ.
ასევე მაშინ, როცა 4 წლის ასაკში კვლავ სრულიად გაუგებრად ლაპარაკობს და უჭირს ასობგერების უმრავლესობის გამოთქმა. ასეთ დროსაც ჯობს, რჩევა ჰკითხოთ ნევროპათოლოგს ან მეტყველების თერაპევტს.
4 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს მეტყველების პრობლემები აქვს