ბავშვები თანდათან იზრდებიან და ეჩვევიან ოჯახის მიღმა სამყაროს. ჯერ საბავშვო ბაღში დადიან, შემდეგ სკოლაში, სადაც მშობლების გარეშე ატარებენ დროს. სწორედ ამ პერიოდში უნდა მოხდეს მათი საზოგადოებასთან ადაპტაცია, ისწავლონ სხვა ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა, განივითარონ მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიღწევის უნარი, დაიცვან თავისი საკუთრება და პირადი საზღვრები. სამწუხაროდ, ეს ყველა ბავშვს მარტივად არ გამოსდის
ზოგმა არ იცის, როგორ დაიცვას თავი ისე, რომ სხვამ არ დაჩაგროს. ისინი ჩუმად იტანენ შეურაცხყოფას და ვერ უწევენ წინააღმდეგობას თანატოლებს. რატომ ხდება ასე? ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ხშირად თავად მშობლები არიან დამნაშავე. მშობლების როგორი მიდგომაა იმის მიზეზი, რომ ბავშვს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სხვებს, შეეწინააღმდეგოს და დაიცვას თავისი პირადი სივრცე? აი, ამ მიზეზებს ასახელებენ ფსიქოლოგები:
როცა მშობელს ჩვევად აქვს, ბავშვთან თამაში მოულოდნელად შეწყვიტოს
მაგალითად, დედა თამაშობს ბავშვთან, შემდეგ კი მოულოდნელად დგება და ეუბნება: ”კარგი, მოვრჩით, წადი, ითამაშე”, ან ”მე წავედი, აღარ მცალია”.
ბავშვი ეჩვევა აზრს, რომ მშობლების სიტყვა კანონია და წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. ისიც თრგუნავს წინააღმდეგობის სურვილს, გულში იკლავს წყენას და ამ ტრავმას ღრმად ინახავს.
ასეთი დამოკიდებულება თრგუნავს ბავშვის რისხვას და ის უბრალოდ ვერ დაუპირისპირდება ვერავის. მისთვის უფრო ადვილია ვითარებასთან შეგუება, წყენის გადაყლაპვა, რადგან ურთიერთობისთვის და ადამიანის თავდასხმებისგან თავის დასაცავად ეს ერთადერთი გზა იცის.
პრინციპი "ბავშვი ყოველთვის მართალია"
ბავშვის მუდმივად წინა პლანზე დაყენების ჩვევამ შეიძლება ცუდი როლი ითამაშოს. მშობლები ყოველთვის უსრულებენ სურვილებს, ბავშვის სურვილები მათთვის უმთავრესია. ეს კი იწვევს ფატალურ შეცდომებს. ბავშვი ხვდება, რომ ის არის სამყაროს ცენტრი, გარშემო ყველაფერი მას უნდა მოერგოს. მისი ქცევა ეგოცენტრული ხდება, რაც სხვა ბავშვებთან კონფლიქტებს იწვევს. ის კი წინააღმდეგობის გაწევას მიჩვეული არ არის, მას ხომ სახლში არ სჭირდება რაიმესთვის ბრძოლა. ეს პრობლემა აქტიურად ვლინდება ასაკობრივი კრიზისების დროს - 3 და 7 წლის ასაკში.
"არ მინდა ჭამა, არ ჩავიცვამ!" - როცა ასე გაჰყვირიან და ჩვენ ნერვები გვეშლება, სწორედ ამ მომენტში სწავლობენ თავიანთი თვალსაზრისის დაცვას და აქ მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა: არა ყველა სურვილის ასრულება, მაგრამ არც ყველა წინააღმდეგობის ჩახშობა.
არანაირი პირადი სივრცე
კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ოჯახში არავის აქვს პირადი სივრცე და ყველა არღვევს მას. იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს პირდაპირ გამოუცხადოს მოწინააღმდეგეს "მე ეს არ მომწონს, გაჩერდი", მან უნდა გააცნობიეროს, რომ თანამოსაუბრემ გადალახა ხაზი. და როგორ გაიგებს ის ამ საზღვრებს, თუ ოჯახში არ არის? მშობლები დაუკაკუნებლად შედიან მის ოთახში, უკითხავად იღებენ და ყრიან ნივთებს, აიძულებენ მას ჩაიცვას გარკვეული ტანსაცმელი, არ აინტერესებთ ბავშვის აზრი, აწყვეტინებენ მას, როცა რაიმე მნიშვნელოვანს ამბობს. და ის ამას ნორმად იღებს.
ავტორიტარული აღზრდის მეთოდის მქონე მშობლებთან უფრო მაღალია რისკი, რომ მომავალი მსხვერპლი გაიზარდოს. ვინაიდან მათი გაზრდილი ბავშვი მიჩვეულია უფროსების მორჩილებას, ის შედავების გააკეთებს ყველაფერს, რასაც მოწინააღმდეგე ეტყვის.
მშობელი მსხვერპლივით იქცევა
ვინაიდან ბავშვები ყველაფერს "აკოპირებენ" ოჯახის უფროსი წევრებისგან, მაშინ დაფიქრდით: შეგიძლიათ საკუთარი თავის დაცვა? შესაძლოა, ჩუმად გადაყლაპეთ უსამართლობა თქვენს მიმართ და ბავშვმა ეს დაინახა. მაგალითად, თუ ვინმე რიგგარეშე დადგა თქვენს წინ. შესაძლოა, ბავშვი ხედავს, როგორ ჩუმად ხართ, თავი ხრით, როცა ვიღაც გეჩხუბებათ.
ისწავლეთ „არას“ თქმა და შეამჩნევთ, რომ ბავშვი უფრო თავდაჯერებული გახდება.
მანიპულატორი მშობელი
სამწუხაროდ, მშობლები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ძალადობისკენ, ხშირად ვერ ამჩნევენ საკუთარ თავში ამ ნაკლს, სამაგიეროდ მათ აქვთ ძალიან მაღალი შანსი, აღზარდონ დაშინებული ბავშვი, რომელიც პოტენციური მსხვერპლია. ასეთი მშობელი ხშირად იცვლის გუნება-განწყობას: ხან ძალიან ცივად ექცევა, ნაწყენია, მერე უცებ ხასიათი ეცვლება და თბილი, მოსიყვარულე ხდება. თუ ბავშვი ოჯახში მანიპულაციებს შეეგუება, შეიძლება სხვაგან ვერც შეამჩნიოს, როგორ იყენებენ მის გრძნობებს.
ბავშვი რომ თანატოლებმა არ დაჩაგრონ - 9 წესი, რომელიც შვილს აუცილებლად უნდა ასწავლოთ!