არ დააძალოთ, რომ პატარა უყვარდეს ოჯახში მეორე ბავშვის გაჩენა გარდაუვალი სტრესია უფროსი შვილისთვის. როგორც წესი, მაშინვე თავს იჩენს ეჭვიანობა, მტრული განწყობა და სურვილი, რომ რამენაირად დედ-მამის ყურადღება დაიმსახუროს. იმის შიშით, რომ შეიძლება, პატარა დაიკი ან ძამიკო მშობლებს უფრო შეუყვარდეთ, უფროსის ქცევები აუტანელი ხდება. თითქოს მისთვის არაფერი გისწავლებიათ - აღარც ტუალეტის მოთხოვნილებას გეუბნებათ, აღარც თავისი ხელით ჭამს და ითხოვს, რომ მასაც პამპერსი ჩააცვან ან ბოთლით მისცენ საკვები. დედა პატარას დასტრიალებს, რომელსაც 24-საათიანი მოვლა სჭირდება, ამ დროს კი ფეხებში ედება აღრიალებული უფროსი შვილი. როგორ უნდა მოუაროთ ორ ბავშვს ისე, რომ ჭკუიდან არ შეიშალოთ, ამაზე ფსიქოლოგებსა და გამოცდილ დედებს საინტერესო რეკომენდაციები აქვთ.
1. უმცროსის დაბადებამდე ბავშვი წინასწარ შეამზადეთ, უთხარით, რომ მალე პატარა ბაია გაჩნდება, რომელიც ძალიან უსუსურია. არც თამაში შეუძლია და არც სიარული, ვერც ლაპარაკობს. ამიტომ დედიკომ ძლიან კარგად უნდა მოუაროს, რომ პატარა მალე გაიზარდოს და მასთან თამაში შეძლოს. სამშობიაროდან დაბრუნების მერეც საგანგებოდ დაუთმეთ დრო უფროს შვილთან საუბარსა და ალერსს. უთხარით, რომ ახლა ის უკვე დიდია, უფროსი შვილია და პატარა ძმა ამაყობს მისით. შეგიძლიათ წინასწარ ნაყიდი სათამაშო მისცეთ და უთხრათ, რომ პატარა ძამიკომ გამოუგზავნა.
2. არ დააძალოთ, რომ პატარა უყვარდეს. ახალშობილი ჯერ მისთვის უცხო, უინტერესო და ულამაზოა. დრო სჭირდება, რომ შეეგუოს ოჯახის ახალ წევრს.
3. უმცროსისთვის არაფრის გაკეთება არ დააძალოთ, თუმცა წაახალისეთ და აუხსენით, როგორ გჭირდებათ მისი დახმარება. დაავალეთ, გახსნას პამპერსის პაკეტი, მოიტანოს პირსახოცი, შეამოწმოს, წყალი ძალიან ცხელი ხომ არ არის. ამ ყველაფრისთვის შეაქეთ და ხშირ-ხშირად უმეორეთ - რა კარგია, რომ უკვე დიდი ბიჭია (გოგოა).
4. აუცილებლად ეთამაშეთ უფროსს, როცა პატარს სძინავს. საქმეები გადადეთ და ბავშვი სასერნოდ გაიყვანეთ. ამ სიამოვნებას იმით გადაგიხდით, რომ მშვიდად ითამაშებს თავისთვის ოთახში, როცა უმცროსი გაიღვიძებს.
5. არ აიძულოთ, ხმაჩაკმენდილი იჯდეს პატარას გაღვიძებამდე. როგორმე მოახერხეთ და ამ დროს ბავშვებს შორის დისტანცია დაიცავით.
6. როცა ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა მცირეა, უფროსი გამუდმებით კალთაში ჩაჯდომას და დედის ხელიდან ჭამას ითხოვს. ნუ დაუშლით, რადგან ამით თავისი უმცროსი ძმის ადგილას უნდა თავი წარმოიდგინოს. ამაში ხელს ნუ შეუშლით, პირიქით, ბოთლში რძის ნარევი ჩაუსხით და საწოვარათი მიაწოდეთ. ეს თამაში მალე მოსწყინდება და თქვენც დაისვენებთ.
7. როცა ორივე წამოიზრდება, ყოველთვის გამონახეთ მათთან თამაშის დრო. სხვანაირად ერთმანეთთან თამაშს ვერ ისწავლიან. უფროსს "წამყვანი" როლები შეურჩიეთ, უმცროსს - შედარებით მარტივი. გარდა ამისა, ეცადეთ, რომ უფროსს ყოველთვის ჰქონდეს თავისი "ხელშეუხებელი" კუთხე, რომელსაც პატარა ვერ "დაარბევს". უფროსის ბავშვური ფასეულობები პატარას ხელში არ უნდა ჩაუვარდეს.
სულ რამდენიმე თვეში ყველაზე რთული პერიოდი უკან დარჩება. რეჟიმსაც დააწესებთ, საყვარელი თამაშებიც გექნებათ და ტრადიციებიც. რამდენიმე წლის შემდეგ კი თავად გაგიკვირდებათ, როგორ ძლებდით აქამდე მხოლოდ ერთი შვილით.