ასეთ ბავშვს განსაკუთრებით ის მშობლები შენატრიან, ვისაც ჯიუტი და "მოურჯულებელი" შვილები ჰყავთ დამჯერი შვილი ყველა დედის ოცნებაა. ასეთ ბავშვს განსაკუთრებით ის მშობლები შენატრიან, ვისაც ჯიუტი და "მოურჯულებელი" შვილები ჰყავთ. თუმცა ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვის ზედმეტი მორჩილება და სიწყნარე ზოგჯერ არც ისე კარგის ნიშანია.
ასეთი ბავშვებით დედები ხშირად ამაყობენ: "ერთს რომ თვალებს დავუბრიალებ, საკმარისია", "ამდენს არ ვაბედინებ" და ა.შ.
ფსიქოლოგების დასკვნით, ძალიან დამჯერი ბავშვები ძირითადად გაუბედავები და უინიციატივოები არიან. უჭირთ უშუალო და სპონტანური განწყობის გამოხატვა. მშობლის მფარველობის ქვეშ ნამდვილი დედის გულის ვარდები არიან, უფროსის სიტყვა მათთვის კანონია, მაგრამ თუ მთელი ბავშვობა ასე პასიურად წარიმართა, მოზრდილობაში ყოველთვის ადვილად მოექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.
დღეს თუ თქვენს სასიკეთო დარიგებას უსიტყვოდ ასრულებს, ასევე ადვილად დაუჯერებს მას, ვინც ეტყვის, მაგალითად: "სიგარეტს ყველა ეწევა. შენც გასინჯე", "დედაშენს უთხარი, რომ ღამით დაქალთან რჩები და მაგრად გავერთოთ".
ზოგჯერ "დამჯერობის" მიღმა ფარული შიში, შფოთვა, მშობლების სიყვარულში დაეჭვება იმალება.
რა თქმა უნდა, უკლებლივ ყველა წყნარ ბავშვს ეს პრობლემები არ ეხება. პრობლემა უფრო ზედმეტ მორჩილებაშია და არა სიწყნარეში. შეიძლება, ბავშვი წყნარი და მშვიდი იყოს, მაგრამ თავისი სამყარო ჰქონდეს, თავისი "წესებით" ცხოვრობდეს და ძალიან ჰარმონიულად ვითარდებოდეს.
არც სიჯიუტე და "ველურობა" გახლავთ იმის გარანტი, რომ ბავშვი აუცილებლად ლიდერი და წარმატებული გაიზრდება. ასეთ ბავშვებს მოგვიანებით თანმიმდევრულობა და ყურადღების მობილიზება უჭირთ. ეს კი მათი ინტელექტუალური განვითარებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია.
მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბავშვი - მართალია, პატარა, მაგრამ უკვე პიროვნებაა. ამიტომ უფლება უნდა მისცეთ, რაღაცაზე უარი თქვას, რაღაც მოითხოვოს, რაღაც დაავიწყდეს, ხასიათზე არ იყოს, არ შიოდეს და ა.შ. უფროსები ხომ ვაძლევთ თავს ამის უფლებას? არ არის საჭირო მშობლის მხრიდან არც ზედმეტი კონტროლი და ავტორიტარიზმი და არც მეტისმეტად ნებაზე მიშვება.