არ აგრძნობინოთ ბავშვს, რომ მას განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებთ ახალგაზრდა დედამ, ნათიამ დაგვისვა შეკითხვა, რა მოვუხერხო ბავშვს, რომელიც გამუდმებით გაღიზიანებულია და ჭირვეულობსო. სწორედ მას და მის "ბედში" მყოფ დედებს გამოადგებათ ეს რჩევები - ახირებული და ჭირვეული ბავშვების "მოსარჯულებლად".
1. არ აგრძნობინოთ ბავშვს, რომ მას განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებთ, პირიქით, მან ოჯახში თავი სხვების თანასწორად უნდა იგრძნოს.
2. არ დაუთმოთ საუკეთესო - ყველაზე გემრიელი ნაჭერი, საუკეთესო ადგილი - ეს ბავშვს უფრო აეგოისტებს.
3. ისწავლეთ ბავშვისთვის უარის თქმა, მით უმეტეს, თუ მისი სურვილები შესაძლებლობების ზღვარს სცილდება ან უფროსებს ძალიან აწუხებს.
4. ასწავლეთ, რომ უფროსებსაც აქვთ სურვილები და მათაც უნდათ დასვენება.
5. ბავშვს, როგორც ოჯახის სრულფასოვან წევრს, ისე მოექეცით. მოისმინეთ მისი აზრი და მონაწილეობა მიაღებინეთ ოჯახურ მსჯელობებში
6. ბავშვი მისთვის შესაფერისი მოვალეობებით დატვირთეთ და სტაბილურად მიადევნეთ თვალი ამ მოვალეობების შესრულებას. მიეჩვიოს უფროსების მიმართ ყურადღების გამოჩენასაც.
7. ხელი შეუწყვეთ, რომ თანატოლებთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდეს. მიეჩვიოს მათთვის სათამაშოების და ტკბილეულის გაზიარებას.
8. უცხო გარემოში მოხვედრისას გადაამოწმეთ, შეთვისებული აქვს თუ არა ზრდილობის ელემენტარული ნორმები. როგორ პასუხობს უფროსებს, უთმობს მათ ტრანსპორტში ადგილს თუ არა, შეუძლია თუ არა თქვენი კარნახის გარეშე, უფროსის მიმართ თავაზიანობა გამოავლინოს.
9. არ დაუშვათ ბავშვის მხრიდან უხეშობა, თუ ასეთი რამ მოხდა, რაიმე სახის სასჯელი გამოიყენეთ (რა თქმა უნდა, არა ფიზიკური)
10. ბავშვმა უნდა იცოდეს, რას წარმოადგენენ მისი ახლობლები და ოჯახის წევრები. ვინ რას საქმიანობს, თუ ვინმეს ჯილდოები და განსაკუთრებული მიღწევები აქვს, ეს ბავშვსაც უთხარით.
11. მიეცით საშუალება, რომ ოჯახის წევრების მიმართ მზრუნველობა გამოიჩინოს, "ავარჯიშეთ" სიკეთის კეთებაში.
12. როცა ბავშვი გრძნობს, რომ ენდობიან, ანგარიშს უწევენ, მოსწონთ მისი საქციელი, ცდილობს, რომ ეს ნდობა გაამართლოს. ანუ ზუსტად იმას გაძლევთ, რასაც მისგან მოელით.
13. დაცინვა, უხეშად მიმართვა ღრმა კვალს ტოვებს ბავშვის სულში და მის ღირსებას ლახავს.
14. მოექეცით ისე, როგორც უფროსს.
15. ბავშვები, რომლებსაც ღირსების გრძნობა განვითარებული აქვთ, ჯანსაღად რეაგირებენ მშობლების ნათქვამზე და მეტად ემორჩილებიან პედაგოგიურ მიდგომებს.
16. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენი მოთხოვნა ბავშვის მიმართ სამართლიანია, შემდეგ კი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აღარ შეცვალოთ ეს მოთხოვნა.
17. წესები, რასაც ბავშვისგან ითხოვთ, მთელი ოჯახისთვის უნდა მოქმედებდეს. როცა ბავშვი ხედავს, რომ უფროსი ზუსტად იმას სჩადის, რასაც მას უკრძალავენ, არასოდეს დაგიჯერებთ
18. ბავშვის მიმართ თავიდანვე მკაცრი ნუ იქნებით, რბილი მეთოდებით სცადეთ მისი "მორჯულება", მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გაამკაცრეთ ზომები.
19. მოწესრიგებული კვება და დღის განრიგი - ამის გარეშე დადებითი ჩვევების ჩამოყალიბება შეუძლებელია.
20. რაც მთავარია, შეეგუეთ იმ აზრს, რომ ჭირვეული ბავშვის დედობა ადვილი არ არის. ამიტომ თავადაც მოგიწევთ ნებისყოფის გამოჩენა და მტკიცე პოლიტიკის გატარება დისციპლინის საკითხებში. ეს ნიშნავს, რომ რაც არ შეიძლება დღეს, ის არც ხვალ შეიძლება, არც მომავალში.