ბაღს რომ მიეჩვიოს, მანამდე ბავშვი უნდა კარგად მოამზადოთ ამისთვის ფსიქოლოგების უმრავლესობა ჯერდება იმ აზრზე, რომ ოთხი წელი ოპტიმალური ასაკია ბავშვის ბაღში წასაყვანად. სამი წლიდანაც დაშვებულია, მაგრამ მაინც ადრეა. სამი წლის ბავშვს უკვე არ ეშინია დედის გარეშე დარჩენა, თანატოლებთან თამაშიც აინტერესებს. თუმცა ურთიერთობის სურვილი არც ისე ძლიერი აქვს. კოლექტიური მეცადინეობებისა და თამაშებისგან ნამდვილ სიამოვნებას ბავშვი ოთხი წლიდან იღებს.
ძირითადი სირთულე – სამი წლის კრიზისი, ერთ-ერთი ყველაზე რთულია ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვი თავის "მეს" ითავისებს, დამოუკიდებლობას სწავლობს, მშობლები კი კოლექტიურ გარემოში უკრავენ თავს. ამ დროს ბავშვი თითქოს ორ ცეცხლს შუაა. ერთი მხრივ, ძალიან თავდაჯერებულია, უნდა, ყველაფერს თავად მიაღწიოს, რაც ძალიან კარგია.
მეორე მმხრივ – ბავშვი გრძნობს, რომ უფროსის დახმარების გარეშე არ შეუძლია. ეს გაორება აღიზიანებს სწორედ. ბრაზობს, კაპრიზობს, ჩხუბობს... და ვერ ხვდება, რა მოსდის. უარს ამბობს დახმარებაზე, არადა სჭირდება ის. რა უნდა ქნას მშობელმა? უნდა დაეხმაროს. და მოთმინებით აღიჭურვოს.
საბავშვო ბაღში ადაპტაციასთან დაკავშირებით ბავშვს შეიძლება სირთულეები ჰქონდეს. იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სირთულეებს კოლექტივი მოერევა. იქ ბევრი პრობლემა წყდება, მაგრამ ყველაზე სერიოზული მაინც მშობლებმა უნდა გადაჭრან. ბაღს რომ მიეჩვიოს, მანამდე ბავშვი უნდა კარგად მოამზადოთ ამისთვის. ასევე ეცადოთ, რომ გაუიოლოთ რთული ასაკი და საკუთარ თავთან "შეარიგოთ".
ხშირად გაასეირნეთ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაღში უნდა იაროს. ეცადეთ, მეტად ჰქონდეს ურთიერთობა ბავშვებთან, თანატოლებთან, რომ ბაღში არსებული კოლექტიური გარემო მისთვის ზედმეტად უცხო არ იყოს.
როცა ბაღში შეიყვანთ, მაშინვე გვიანობამდე ნუ დატოვებთ. ერთი-ორი კვირა შუადღემდე გყავდეთ, რომ ნელ-ნელა შეეგუოს გარემოს. თუ აღმოჩნდება, რომ პატარა კომფორტულად გრძნობს თავს ახალ გარემოში, ე.ი. შეეჩვია.
ბავშვი ისევ თქვენზეა მოწებებული, ორი კვირის მერეც საშინლად განიცდის ბაღში სიარულს, ღამის კოშმარები ან სხვა სახის სიმპტომი გამოუვლინდა, რაც ძლიერ სტრესს უკავშირდება? მაშინ ნუ დააძალებთ და ექსპერიმენტი ოთხი წლის ასაკში გაიმეორეთ.
დამატებითი რჩევა: არიან ბავშვები, რომლებიც სასკოლო ასაკამდე ვერ ეგუებიან ბაღის გარემოს. ზოგს კოლექტიური ძილი და ჭამა ისე სძულს, რომ ბოლომდე დისკომფორტს განიცდის ამის გამო. ასეთ ბავშვსაც უნდა გაუგოთ და სხვა სახის გარემო შეურჩიოთ "დასაცლელად", სასწავლად, თანატოლებთან შესაგუებლად და კოლექტიური ცხოვრების სასწავლად. არსებობს სტუდიები, წრეები, სადაც პატარებს სხვადასხვა უნარს უვითარებენ და თან ასწავლიან ბევრ რამეს. შეურჩიეთ მისთვის, მისი ნიჭისთვის შესაფერისი ამგვარი წრე ან სტუდია და ბაღის ნაცვლად იქ ატარეთ. ბავშვი გაიხსნება, კომპლექსებსაც მოერევა და გაცილებით მხიარულ და კომფორტულ გარემოშიც აღმოჩნდება, სადაც დედა მთელი დღე კი არ ტოვებს, სულ ორი-სამი საათი და იმ დროსაც სასარგებლოდ ატარებს.