რა გავლენას ახდენს ბავშვზე მულტფილმების ყურება და ტელევიზორთან ჯდომა - ნევროპათოლოგის რჩევები
რა გავლენას ახდენს ბავშვზე მულტფილმების ყურება და ტელევიზორთან ჯდომა - ნევროპათოლოგის რჩევები
რა დადებით და უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე მულტფილმები? როგორ მოქმედებს მულტფილმების დიდხანს ყურება წარმოსახვის უნარის განვითარებაზე? ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა ნევროპათოლოგი ანა ჩოჩია გვესაუბრება.

- სასურველია ბავშვი ვითარდებოდეს რეალურ სამყაროში, გარემოში, სადაც შეიძლება ურთიერთობა დაამყაროს თანატოლებთან, ითამაშოს ისეთი თამაშებით და სათამაშოებით, რომლებიც მის ფანტაზიას, ლოგიკას განავითარებს, შეიცნობს ახალ და საინტერესო შესაძლებლობებს.

- რა დადებით და უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე მულტფილმები? რომელ ასაკში შეუძლია ადამიანს, ფილმი/მულტფილმის რეალობისგან მკვეთრად გამიჯვნა და მისი ადექვატური აღქმა?

- დაახლოებით 2 წლის
ასაკიდან ბავშვებს უკვე შეუძლიათ გაიაზრონ მულტფილმების გმირების ემოცია, შეაფასონ მათი დადებითი და უარყოფითი ქმედებები, მშობლების დახმარებით სწავლობენ მრავალ ფერს, ნივთების დანიშნულებას, რომელიც ნაჩვენებია ამა თუ იმ ანიმაციაში და ა.შ.

როდესაც 1 სთ-ზე მეტ ხანს ბავშვი ზის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, მისი ფსიქიკა იძაბება, ამასთან ერთად მისაღები და დასაშვები ხდება უსაქმოდ, უაზროდ, უდისციპლინოდ დროის გაყვანა, რაც დამღუპველ შედეგამდე მიგვიყვანს ბავშვის მომავალ, სწორ განვითარებაში და მის პიროვნულ ჩამოყალიბებაში.

ასევე შესაძლებელია აღენიშნოს თვალების სიმშრალე, რაც ხშირად იწვევს ხამხამს. პატარამ შეიძლება დაიფიქსიროს ეს მოძრაობა და სამომავლოდ განუვითარდეს ტიკური ჰიპერკინეზი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მიმართონ ბავშვთა ოკულისტს, ნევროლოგს, ფსიქიატრს და/ან
ფსიქოლოგს.

mshoblebi
- რა სახის, თემატიკის მულტფილმებია რეკომენდებული ბავშვებისთვის? რას ურჩევთ მშობლებს? რა კრიტერიუმით უნდა შეარჩიონ მულტფილმები ბავშვებისთვის?

- რეკომენდებულია მულტფილმი იყოს საგანმანათლებო ხასიათის, რითაც, მაგალითად ისწავლის ცხოველების სიყვარულს, მათზე ზრუნვას. ასევე სასურველია შეიცავდეს მშვიდ, დადებით მეგობრულ ქმედებებს, ისტორიებს,   რომლებიც სიკეთის მომასწავლებელი იქნება.

- როგორ მოქმედებს მულტფილმების დიდხანს ყურება წარმოსახვის უნარის განვითარებაზე? შესაძლებელია, რომ კომპიუტერთან/ტელევიზორთან გატარებულმა ხანგრძლივმა დრომ ბავშვის მეტყველების უნარის დაქვეითება გამოიწვიოს?

- ხშირი და დიდი ხნით კომპიუტერთან ყოფნისას ბავშვი გადადის ვირტუალურ სამყაროში, სადაც ქვეითდება უნარი იაზროვნოს, გააკეთოს ანალიზი, რა მოხდებოდა თუ თვითონ გააკეთებდა რაიმე ქმედებას ამა თუ იმ სიტუაციაში. არაადეკვატური, ასაკთან შეუსაბამო ქცევების გამო ექმნებათ პრობლემები მაგ: ბაღში.

ადრეულ ასასკში მეტყველების განვითარებაც შეიძლება შეფერხდეს მეტყველების მცირე პრაქტიკის გამო (ბავშვს ხომ არ ეკითხებიან არაფერს მულტფილმის გმირები, მაშასადამე მას არ სჭირდება მათთვის პასუხის გაცემა). ასევე ვერ სწავლობენ ურთიერთობას, უჭირთ კონტაქტის დამყარება მის ტოლებთან, უფროსებთან, რადგან არ იციან როგორ გააკეთონ ეს. (მულტფილმის გმირები მათგან ხომ მსგავს არაფერს მოითხოვენ), რის გამოც მშობლები შიშით მიდიან ფსიქიატრთან/ფსიქოლოგთან აუტიზმის მსგავსი კლინიკური ნიშნების განვითარების გამო.

- რა გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე სხვადასხვა ენაზე გახმოვანებული მულტფილმების ყურება?

- როდესაც ბავშვს ერთდროულად სხვადასხვა ენაზე გახმოვანებული მულტფილმების პერსონაჟების დიალოგი ესმის, ერთის მხრივ ეს ეხმარება, რომ დაფიქრდეს, დაიმახსოვროს, ისწავლოს რამდენიმე ენა ერთდროულად, საგულისხმოა, ყველაფერს აქვს თავისი დრო და დოზა (როდესაც პატარამ იცის რამდენიმე უცხოური სიტყვა, ჩნდება შეკითხვა, მისი საკუთარი ენა უკვე კარგად იცის?), რა ტემპით შეიძლება ბავშვმა მიიღოს ახალი ინფორმაცია, ისე, რომ მას ზიანი არ მივაყენოთ, ვინაიდან ხშირია, როდესაც პატარა ასაკში ბავშვები ვერ ერევიან ამდენის გაანალიზებას, უჭირთ გაიგონ რა მოისმინეს, რას ნიშნავდა ეს სიტყვა. აქედან გამომდინარე შეიძლება განუვითარდეთ ნევროზული მდგომარეობა, მაგ: ლოგონევროზის, ტიკების სახით, ქცევითი, ემოციური პრობლემები.

mshoblebi
- როგორ აისახება ბავშვის ყოველდღიურ ქცევაზე და ხასიათზე მულტფილმების ყურება? რამდენად შესაძლებელია, რომ ბავშვებმა ტელეეკრანებზე ნანახი პერსონაჟების საქციელები გაიმეორონ?
- მულტფილმების შინაარსში ხშირად გვხვდება სხვადასხვა სახის აგრესია და/ან სხვა შინაარსის არასასურველი კადრები, რომელსაც ბავშვები და მოზარდები აკვირდებიან, უყურებენ, კარგია ეს თუ ცუდი, იმახსოვრებენ. ნეგატიური ქმედების იმიტაციას აკეთებენ (მით უფრო მათი კერპების გავლენით) შესაძლებელია შეუსაბამო გარემოშიც.

- როგორ უნდა დაარეგულიროს სიტუაცია მშობელმა, რომ ბავშვი მულტფილმებზე დამოკიდებული არ გახდეს?
- თითოეული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ გადაწყვეტას, თუნდაც ეხებოდეს ერთ დედმამიშვილებს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში მშობელს ყველაზე მეტად ხელს შეუწყობს აღზრდის მართებული სტილი, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს მშობლის მხრიდან გაწერილ ზუსტ და მკაფიო დღის სტრუქტურას, შვილის აღზრდაში ემოციურ ჩართულობას, აქტიურ ყურადღებას, მხარდაჭერას.
სალომე გორგოშიძე
86306
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ემილი
0
არ ვიცი კარგია თუ ცუდი,ჩემი შვილი საერთოდ არ უყურებს ტელევიზორს და არც ტელეფონის დიდი მოყვარულია
14:18 / 15-02-2018
ნინო.
0
ძალიან კარგი რჩევებია. გმადლობთ... ჩემი პატარაც დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან... მხოლოდ გარეთ გაყვანის შემთხვევაში სცილდება... რაც უფრო მეტ დროს ვუთმობ მას მით ნაკლებ დროს ატარებს ტელევიზორთან...
16:01 / 18-06-2017
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```