"ერთხელ, მშობლების მორიგი ჩხუბის დროს დავყრუვდი... სამი დღე არაფერი მესმოდა..." - ყველა მშობლის წასაკითხი
"ერთხელ, მშობლების მორიგი ჩხუბის დროს დავყრუვდი... სამი დღე არაფერი მესმოდა..." - ყველა მშობლის წასაკითხი
1 / 2
Next
ერთი მარცვალი მზესუმზირასავით
მაია სარიშვილი

...როცა ჩემი ნაჩხუბარი მშობლები შერიგებას გადაწყვეტდნენ ხოლმე, მამის ოთახში შედიოდნენ, კარს კეტავდნენ და იქიდან ან განათებულები, ან შეშლილები გამოდიოდნენ. ეს მოლაპარაკებები მათ შორის ზოგჯერ რამდენიმე საათი გრძელდებოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში, მე ათას სამკითხაო თამაშს ვიგონებდი იმის დასადგენად, შეძლებდნენ თუ ვერა შეთანხმებას. მაგალითად, ლოგინის უშველებელ გადასაფარებელზე, რომელზეც უთვალავი კუბიკი ეხატა, გათვლას ვიწყებდი. პირველ კუბიკს რომ ვადებდი თითს, ვამბობდი: “შერიგდებიან” მეორეზე – “ვერ შერიგდებიან” მესამეზე
– ისევ “შერიგდებიან” და ასე, ვიდრე გადასაფარებელის ბოლოში არ გავიდოდი. უკანასკნელ კუბიკზე ამოსულ სიტყვას კი იმის მინიშნებად ვთვლიდი, რაც ცოტა ხანში მამას ოთახიდან გამოსული მშობლების სახეებზე უნდა წამეკითხა... ან ჩვენს იადონს ვაკვირდებოდი გალიაში და ვფიქრობდი: ვიდრე ხუთასამდე დავითვლი, თუ გალობას დაიწყებს, აუცილებლად შერიგდებიან-მეთქი... ისე ძალიან მინდოდა ისინი ერთად ყოფილიყვნენ, მზად ვიყავი ათასი სიგიჟე გამეკეთებინა და ღმერთს ვეუბნებოდი: აი, მე შევჭამ სკოლის ეზოში ამოსულ სამ სხვადასხვანაირ ბალახს და არ მოკლა დედაჩემი დღეს, თუ ბევრს იტირებს. ან: აი, მე გავიჭრი თითს პასტიდან ამოცლილი ზამბარით, ოღონდ, თუ მამა დღეს ყვირილს დაიწყებს, დამაყრუე...

ჰოდა, ერთხელ მართლაც მოახდინა ღმერთმა სასწაული და ერთ-ერთი მორიგი ჩხუბის დროს მე დავყრუვდი. მასვეს
რაღაც წამლები და მიტარეს გამოკვლევები. რას არ ეცადნენ, მაგრამ სამი დღე არაფერი მესმოდა. ვხედავდი მშობლების შეშფოთებულ სახეებს, მათ უმწეოდ ამოძრავებულ ტუჩებს, ვხედავდი რა სასოწარკვეთილი ემხობოდა დედა წესით ჭრიალა საწოლზე, ვხედავდი, როგორ ესროდა ჩემი ატირებული პატარა ძმა ხის კუბიკებს კედელს, მაგრამ არაფერი მესმოდა... სამი დღის შემდეგ კი გათოვდა. ეს დილაუთენია მოხდა. გავაღვიძე დედაჩემი და ვუთხარი: ფარდები გადაწიე და ნახე, ძალიან ხმამაღლა თოვს და ამან გამაღვიძა-მეთქი. მართლაც გათოვებულიყო. გადათეთრებული ვაჟა-ფშაველას ძეგლი ღმერთივით იდგა ჩემი აივნის წინ და ვერაფერს მპირდებოდა. მე კი მინდოდა ვინმე ძლიერი და კეთილი, რომ ისე დავპატარავებულიყავი, მის ჯიბეში ჩავმძვრალიყავი და ერთი მარცვალი მზესუმზირასავით გავყუჩებულიყავი იქ შეუმჩნევლად.

ახლა მე 45 წლის ვარ და 4 შვილს ვზრდი, მაგრამ ბოლო წლებია, მთავარ პრობლემად ის მექცა, რომ ბავშვი მაია აღმოცენდა უცებ ჩემში და თუმცა არაფერს მეუბნება, მისი დუმილიც მუნჯთა სასოწარკვეთილი ხმაურივით შემზარავია. ამის გამო ფსიქოლოგებთან სიარულიც მომიწია, მაგრამ ვერავინ შეძლო ამ ბავშვის ჩემთან შემორიგება, რადგან იგი იმისთვის, რაც წლების განმავლობაში უხმოდ ითმინა, ახლა გვთხოვდა მეც და სამყაროსაც პასუხს. პასუხი კი ჩვენ არ გვქონდა...

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
37767
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
.....
0
18:04 / 30-05-2019
ლუარსაბი
0
ნაცნობი განცდებია აღწერილი...
18:09 / 29-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```