"ბავშვები არ არიან დამნაშავე ჩვენს დატვირთულ გრაფიკსა და რთულ ყოველდღიურობაში და მათ ძვირფას ნივთებზე მეტად, ჩვენი ყურადღება სჭირდებათ..." ყოველთვის მაინტერესებდა, რამდენად ახერხებდნენ ფსიქოლოგები ისევე მართვას სიტუაციების და თავიანთი რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებას საკუთარ ოჯახებში, საკუთარ შვილებთან და ალბათ რამდენად კარგია, როცა დედა ფსიქოლოგი გყავს ან რამდენად უნდა იყოს ყველა დედა კარგი ფსიქოლოიგი...
სწორედ ამ შეკითხვებით მივმართეთ რამდენიმე ფსიქოლოგს, რომლებიც თან დედები არიან.
ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი:
- საინტერესო კითხვაა და ცოტა არ იყოს რთული. მე სამი შვილის დედა ვარ, მყავს რძალი და საოცარი პატარა შვილიშვილი, რომელიც წლისა და ოთხი თვისაა. ძნელია შეაფასო საკუთარი თავი. რაც შეეხება იმას, მეხმარება თუ არა პროფესია შვილებთან, შვილიშვილთან ურთიერთობაში, დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ ძალიან მეხმარება. ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს შვილებთან, რძალთან და შვილიშვილთან. ვცდილობ, ვიმეგობრო მათთან და არ მოვაბეზრო თავი დირექტივებით. ხშირად ვეკითხები რჩევას, ვითვალისწინებ მათ აზრს. ვაღიარებ, რომ უნაკლო და უშეცდომო ადამიანი არ ვარ ნამდვილად, ხშირად მითქვამს, თეორიულად ყველაფერი მარტივია, მაგრამ პრაქტიკულად განხორციელება, საკმაოდ რთული. მქონია შემთხვევა, რომ მკაცრად დამისჯია შვილი, როცა პატარები იყვნენ და მერე მინანია... ერთი რამ შემიძლია თამამად ვთქვა, ყოველთვის მზად ვარ მოვუსმინო მათ, არ შევაფასო ისინი მკაცრად, არ ჩავერიო გადაწყვეტილებების მიღებაში და ყოველთვის გრძნობდნენ, რომ მათ გვერდით ვარ. არასოდეს არ გავკიცხავ დაშვებული შეცდომისთვის და აუცილებლად ვაღიარებ ჩემს შეცდომას. მე ჩემი შვილებისთვის მომიხდია ბოდიში, არასოდეს არ ვაკონტროლებდი ზედმეტად, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი სად იყვნენ, რას აკეთებდნენ, ჩვენი ყოველდღიურობა ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.
ვერ გეტყვით, როგორი დედა ვარ, ამას ალბათ ჩემი შვილები უკეთ შეაფასებენ, ვერც იმას ვიტყვი, როგორი ფსიქოლოგი ვარ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია თამამად ვთქვა, ყველაფერში, რასაც ვაკეთებ, ვდებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს, არ მიყვარს უხარისხოდ არაფრის გაკეთება, უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და საკმაოდ ბევრი საზრუნავი, მაგრამ ამას ყველაფერს ადვილად ვუმკლავდები იმიტომ, რომ შვილები მაძლევენ ძალას. ვამაყობ მათით, თითოეული მათი მოკითხვა: "დე, როგორ ხარ?“ ჩემთვის ენერგიის წყაროდ იქცევა და ძალას მაძლევს. რაც შეეხება შვილიშვილს, ის ყველაზე ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში. დაბადებიდან ვაკონტროლებ მის განვითარებას, შეიძლება ზედმეტადაც, როცა ყოველდღე ამდენ ბავშვს ხვდები და უამრავ პრობლემას ხედავ, მზარდ ტენდენციას ფსიქიური განვითარების შეფერხებაში და უამრავ სხვა საფრთხეს, ძნელია იყო მშვიდად, ამ შემთხვევაში, მე მგონი ჯერ ფსიქოლოგი ვარ და მერე - ბებია.
ვერ ვიტყვი, რომ ყველა დედა აუცილებლად ფსიქოლოგი უნდა იყოს, მაგრამ გარკვეული ინფორმირება აუცილებელია, თუ ვიცით ბავშვის განვითარების ეტაპების თავისებურებები, ადვილია მათთან ურთიერთობა. უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბავშვები არ არიან დამნაშავე ჩვენს დატვირთულ გრაფიკსა და რთულ ყოველდღიურობაში და მათ, ხშირად ძვირფას ნივთებზე მეტად, ჩვენი ყურადღება სჭირდებათ.
ვთვლი, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, მაქვს პროფესია, რომელიც უზომოდ მიყვარს და მყავს შვილები, რომლებიც მაძლევენ უზომოდ დიდ ენერგიას, ერთი რამ ცხადია, ჩემი ცხოვრების ეს ორი მთავარი დანიშნულება, არასოდეს ეჯახება ერთმანეთ,არ უშლის ხელს და საკმაოდ ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს.
ფსიქოლოგი ანა მურვანიძე:
- კარგი დედა ურთულესი ფენომენია, კარგი ფსიქოლოგი - შედარებით ადვილი მისაღწევი. ანუ ვცდილობ ვიხელმძღვანელო ფსიქოლოგის პრინციპებით, თუმცა ბუნებრივია, ერთვება დედის სისუსტეები. ამ დროს აუცილებელია დაბალანსება. პირადი გამოცდილებით ვფიქრობ, ვახერხებ, ვიყო ფსიქოლოგი შვილთანაც კი, რამდენადაც დარწმუნებული ვარ ჩემი პროფესიის ჭეშმარიტებაში.
ყველა დედა აუცილებლად უნდა იყოს შვილის საუკეთესო ფსიქოლოგი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველა ფსიქოლოგი კარგი დედაა... მე თავს ბედნიერად ვთვლი, რადგან ეს პროფესია მაქვს და ალბათ, ჩემს შვილსაც გაუმართლა ამაში. ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად ობიექტური და ზომიერი, რადგან ვარ დედა, თან ვაჟის...
ფსიქოლოგი ბარბარე ჭკუასელი:
- პროფესიით კლინიკური ფსიქოლოგი ვარ, ფსიქოთერაპევტი და ამავდროულად ჩემი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ცხოვრებაში არის დედობა. ეს არის როლი, რომელიც ყველაზე მეტი მრავალფეროვნების და ემოციის მომტანია.
ჩემთვის დედობა სითბოსთან, სიყვარულთან, მაგრამ უზარმაზარ პასუხიმგებლობასთან არის დაკავშირებული. მე ჩემი შვილებისთვის ვარ ადამიანი, რომელზეც მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის დიდი პროცენტი არის დამოკიდებული. ეს, რა თქმა უნდა, რთულია.
ორჯერ უფრო რთულია, როცა ძალიან კარგად ვიცი აღზრდის სწორი მოდელი, მხარდაჭერის აუცილებლობა, მათთვის ჩემი ჩართულობის მნიშვნელოვნება. ეს ცოდნა ყოველთვის თან დამაქვს, მაშინაც კი, როცა ვცდილობ ჩემს შვილებთან ჩვეულებრივი დედა ვიყო და არა ფსიქოლოგი.
ჩემი აზრით, როლების სწორად გადანაწილებით ყველაზე კარგ საქმეს ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ დედის როლში შეცდომებსაც ვუშვებ და მათ გაცნობიერებაში ჩემი ფსიქოლოგის როლი მეხმარება. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია შეცდომის გაცნობიერება, როცა ყოველთვის ვიცი, რა იქნებოდა ამ ქცევის ალტერნატიული სწორი ვარიანტი, მაგრამ ჩემი მიდგომა ცხოვრების და ადამიანების მიმართ ასეთია: არ არსებობს იდეალური ადამიანი!
შესაბამისად ის, რომ მე შეცდომებს ვუშვებ, ნორმალურია და მეტსაც გეტყვით, ეს ჩემი შვილებისთვის ფუნქციურად მნიშვნელოვანია. ისინი ჩემთან ურთიერთობით სწავლობენ იმას, რომ შეცდომა ყველას მოსდის, მთავარია შეცდომებზე მუშაობა ვიცოდეთ, რომ სამყარო იდელური არ არის და ხანდახან სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება გვიხდება. სწავლობენ იმას, რომ თუ უდნათ მიაღწიონ დასახულ მიზანს, უნდა იშრომონ და მიიღონ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც არიან, იმისთვის, რომ შეძლონ საკუთარი რესურსების სწორად გამოყენება.
მე ვფიქრობ, რომ ჩემს შვილებთან ურთიერთობისას მეც ვიზრდები, როგორც ადამიანი, როგორც დედა და როგორც პროფესიონალი. მათთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
ფსიქოლოგი ანანო ბუბუტეიშვილი:
- როცა ფსიქოლოგი დედაა - ორმაგი პასუხისმგებლობაა, როგორც კარგი დედისა და პროფესიონალის. ფსიქოლოგიის ცოდნა აადვილებს შვილთან ურთიერთობას, რადგან შენ ბავშვის თითოეული ქცევის გამომწვევი მიზეზის შესახებ გაქვს ინფორმაცია. მაქსიმალურად ვცილობ გამოვიყენო სწორი მიდგომა შვილთან ურთიერთობისას, ხშირ შემთხვევაში გამომდის კიდეც, თუმცა არის გამონაკლისი სიტუაციებიც. როგორც პროფესიონალი და როგორც დედა ვცდილობ მუდმივად ვვითარდებოდე, კმაყოფილებას კი მიღებული შედეგები იწვევენ.
რა თქმა უნდა, კარგი დედობისათვის ფსიქოლოგობა აუცილებელი პირობა ნამდვილად არ არის, თუმცა, ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა ეხმარება მშობელს, იყოს მეტად ეფექტური შვილთან ურთიერთობისას. დედობა პროფესიაზე მნიშვნელოვანია ქალისთვის. იყო კარგი დედა, პირველ რიგში ნიშნავს, იყო სწორად აღზრდილი ადამიანი. ფსიქოლოგის პროფესია მხოლოდ და მხოლოდ დაგეხმარება ამაში.
ლელა ზურებიანი
მერი ბლიაძე