ბავშვი ჩვილობიდანვე შეისწავლის თავის სხეულს, ეროგენულ ნაწილებს... ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე დაანონსებულ ბავშვთა ონანიზმის თემას ისეთი მძაფრი პროტესტი მოჰყვა, რომ გადაცემა ჩაიშალა.
(წაიკითხეთ ამ სკანდალური გადაცემის შესახებ)
არადა, ბავშვთა ონანიზმი სულაც არ გახლავთ ხელოვნურად "აგორებული" თემა. ეს საკმაოდ დელიკატური, მაგრამ აქტუალური საკითხია. მასზე მშობლებს საუბარი უჭირთ. თუმცა, ძალიან ბევრი ბავშვია ჩვენს ირგვლივ, რომლებიც ზედმეტად ინტერესდებიან საკუთარი სასქესო ორგანოებით და ხშირად ეხებიან მათ. ამიტომ კითხვა - "რატომ იკიდებს ბავშვი ხელს სასქესო ორგანოზე?" - ხშირად ჩნდება.
ბავშვი ჩვილობიდანვე შეისწავლის თავის სხეულს, ეროგენულ ნაწილებს. თავდაპირველად ეროგენულ ზონას პირი წარმოადგენს, შემდეგ გენიტალიები ხდება ეროგენული ზონა. ამგვარად, სხეულის შესწავლის დროს, ბავშვი ეძებს ადგილებს, რომელთა შეხებაც სიამოვნებას მოგვრის და დაძაბულობას მოუხსნის.
თუ ბავშვის ხელი მაგრად გიჭირავთ, რომ ხელი გენიტალიებისკენ არ წაიღოს, ჰიგიენური მოვლის დროს (დაბანა, გამშრალება) ის მაინც იგრძნობს სიამოვნებას.
ინფანტილური (საბავშვო) ონანიზმის სამი ფაზა არსებობს:
პირველი ჩვილობას ეხება - ბავშვი შეისწავლის საკუთარ სხეულს. მეორე, ხანმოკლე სექსუალურ გამოვლინებას ახასიათებს, 4-5 წლის ასაკში. მესამე ფაზა გულისხმობს სექსუალური მომწიფების პერიოდს.
რატომ იკიდებს ხელს?
ორი ძირითადი მიზეზი არსებობს:
სიამოვნების მიღება საკუთარ გენიტალიებზე შეხებისას. დაძაბულობისა და შიშის მოხსნა, რომელსაც ის განიცდის.
როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათ მშობლებმა?
შეცდომაა ბავშვისთვის შემდეგი ფრაზების თქმა:
"ხელს ნუ კიდებ, თორემ მოგძვრება",
"იქ ხელი არ მოიკიდო, ჭიები გაგიჩნდება".
ეს მოზრდილობაშიც კი შეუნარჩუნებს ბავშვს სასქესო ორგანოზე შეხების შიშსა და შფოთს. მან შეიძლება საერთოდ უარი თქვას სექსუალურ ცხოვრებაზე.
აგრეთვე შეცდომაა, ბავშვისთვის ხელზე დარტყმა და თქმა: "ფუ, რა საშინელებას აკეთებ, არ მოიკიდო ხელი იქ". ამგვარად, ბავშვს შეიძლება საკუთარი თავისადმი ზიზღის შეგრძნება გაუღვიძოთ.
გამოსავალი:
ბავშვს მშვიდად დაელაპარაკეთ და აუხსენით, რომ ხალხში "იქ" ხელი არ უნდა მოიკიდოს. ეცადეთ ყურადღება ხატვაზე, თამაშზე, სეირნობაზე გადაიტანოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვს მოაწესრიგეთ კვება ატარეთ შედარებით ფართო და თავისუფალ სამოსში არ ეჩხუბოთ და არ შეაშინოთ არ მოუწყოთ დაკითხვა სასარგებლოა ცურვა და სხვა წყლის პროცედურები ბავშვი, რომელიც საკუთარ გენიტალიებზე ხშირად იკიდებს ხელს, "ამბობს", რომ მას რაღაც აშფოთებს, დაძაბულია. ბავშვი - მშობლის სიმპტომია. ამიტომ, მიზეზი მშობლების ურთიერთობაში ეძებეთ.
საბავშვო ონანიზმი პათოლოგიად არ ითვლება. სიტუაცია არანორმალურად იქცევა მაშინ, როცა ბავშვს მის გარდა სხვა სიამოვნება და გართობა აღარ აინტერესებს.
იყავით ბავშვის მეგობარი, დაეხმარეთ მას დაძლიოს შიში და შფოთი. ერთად გაარკვიეთ მათი მიზეზები და ნუ დატოვებთ ბავშვს მისთვის გაუგებარ სიტუაციასთან მარტოს.