ცნობილი პედაგოგის რჩევები მშობლებს წარუმატებლობის შიშს შეუძლია "ჩაკლას" ნამდვილი ნიჭი თუმცა, შეცდომებს ყველა უშვებს. ბევრს არ უყვარს ამის აღიარება და რცხვენიათ კიდევაც ამ ფაქტის, რადგან წარმატება მოდაშია, ხოლო წარუმატებლებს გვერდით აგდებენ. სინამდვილეში ჩვენი შეცდომები და წარუმატებლობა გვეხმარება გავხდეთ უფრო ძლიერები და უკეთესები.
პედაგოგი და მკვლევარი ლინდა სტეიდი მშობლებს ეუბნება, რომ წარუმატებლობა სულაც არ არის შავი უფსკრული, საიდანაც არ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა. როგორ ვასწავლოთ ბავშვს წარუმატებლობის მართვა?
"დღეს ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა თავისი შვილის ფოტო, რომელიც გადაღებული იყო ადგილობრივი აუზის ორგანიზატორების მიერ მოწყობილ პოდიუმზე. რა თქმა უნდა, მივულოცე. პასუხად მომწერა, რომ ბიჭმა კი არ მოიგო საპრიზო ადგილი, არამედ ორგანიზატორებს უბრალოდ გადაუღიათ ფოტოები ყველა მონაწილესათვის, რათა რომელიმეს არ სწყენოდა და თავი არ ეგრძნო წარუმატებლად. ასეთ სიტუაციებში პედაგოგების და მშობლების აზრი იყოფა ორად: ერთნი მომხრე არიან იმისა, რომ "ვინც პირველი არ არის, ის ყოველთვის მეორეა". სხვანი კი: "მთავარია არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობის მიღება". უკანასკნელნი იმასაც ამბობენ, რომ რაც შეიძლება დიდხანს უნდა დავიცვათ ბავშვები წარუმატებლობის ნეგატიურობისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ განუვითარდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ შეცდომა და წარუმატებლობა არ არის შავი უფსკრული, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არის. ხშირად წარუმატებლობის შიშს შეუძლია უარი ათქმევინოს ბავშვს ახალ წამოწყებაზე, რაიმე სიახლეზე. ზოგიერთი მშობელი ასე რეაგირებს ამაზე: "ნუ მიაქცევ ყურადღებას, განაგრძე გზა". ზოგიერთს კი ისე ეცოდება თავისი შვილი, რომ ყველაფერს იღონებს. არის კიდევ ერთი სტრატეგია: მაგალითად, თანაგრძნობა და საუბარი.
როგორ მოვიქცეთ რეალურად?
წარუმატებლობა და შეცდომები სიმძიმის მიხედვით სხვადასხვაგვარია. თუ ბავშვები ისწავლიან თავიანთ წარუმატებლობაში განსხვავების დანახვას, მათ აღარ ექნებათ დამარცხების პანიკური შიში. აუცილებელია დასკვნების გაკეთება: "შემდეგისთვის უფრო კარგად უნდა მოვემზადო ინგლისურის საკონტროლოსთვის". ზოგჯერ ასეც შეიძლება: "ინგლისური არც ისე კარგად ვიცი, მაგრამ არა უშავს, რადგან უფრო კარგად გამომდის მათემატიკა".
სკოლისა და მშობლის ამოცანაა ბავშვს შეუქმნათ ისეთი პირობები, რომელშიც ის გამოავლენს თავის ძლიერ მხარეს. ამავე დროს ეცოდინება სუსტი მხარეების შესახებაც. ამიტომ ნიშნებზე ორიენტირება დიდი შეცდომაა.
ყველაზე რთულად მარცხთან შეგუება ფრიადოსან გოგონებს უჭირთ. გოგონების სკოლა Wimbledon Girls High School-ი ცნობილია მაღალი სტანდარტებისა და მოსწრების სკოლად. ამიტომ მოიგონეს პერიოდულად "წარუმატებლობის კვირა", რომლის დროსაც მოსწავლეებს სთავაზობენ მათთვის სრულიად ახალი სახის აქტივობებს. კვირის ბოლოს ისინი ხვდებიან ცნობილ ადამიანებს, რომლებიც უზიარებენ თავიანთი წარუმატებლობის შესახებ, თუ როგორ იყენებენ წარუმატებლობას მომავალი წარმატებისთვის. გოგონებს ასწავლიან, როგორ მიიღონ სარგებელი წარუმატებლობისგან: უვითარებენ შემართების და ანალიზის უნარებს.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
როგორ გავზარდოთ მამაცი ადამიანები?
არ მოახდინოთ რეაგირება ისე, თითქოს რაიმესი უნდა ეშინოდეს. წარუმატებლობა შეიძლება იყოს მტკივნეული და შეიძლება იყოს სასარგებლო.
პასუხისმგებლობა
ასწავლეთ ბავშვებს აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ წარმატებასა და წარუმატებლობაზე. ნუ დაადანაშაულებთ და ნუ დაელოდებით მისგან თავის მართლებას.
ანალიზი
ასწავლეთ, წინასწარ განსაზღვროს მოსალოდნელი შედეგები.
მრავალფეროვნება
მიეცით ბავშვს საშუალება საკუთარი თავი გამოსცადოს რაც შეიძლება მეტი ახალი სახის აქტივობებში - ეს იქნება ფიზიკური თუ ინტელექტუალური. დაეხმარეთ გამოავლინოს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. შემდეგ კი დაეხმარეთ მათთან მუშაობაში.
რისკი კეთილშობილური საქმეა
სახლში შექმენით კეთილგანწყობილი ატმოსფერო, რათა ბავშვებს არ ეშინოდეთ გარისკვის. გაუღვივეთ კრეატიულობა, მიეცით საკუთარი აზრის გამოთქმისა და არგუმენტირებულად დასაბუთების უფლება. მოსინჯონ ძალები სიახლეებში მაშინაც კი, თუ ფიქრობენ, რომ სასაცილოდ შეიძლება გამოჩნდნენ ამა თუ იმ აქტივობებში.