"გული ამიჩქარდა, ვიგრძენი, როგორ გავხურდი სიბრაზისგან ჩემს შვილზე..." - ერთი დედის გულისტკივილი ბულინგის თემა საკმაოდ მტკივნეულად დგას დღევანდელ დღეს. ბევრი მშობელი გულისტკივილით ჰყვება იმას, თუ როგორ იქცა მისი შვილი ბულინგის მსხვერპლი. თუმცა ალბათ არ მოგისმენიათ ისეთი ამბავი, როცა დედა თავად ამხელს ბავშვს შვილს სხვისი ჩაგვრის მცდელობაში, თავადვე იღებს ზომებს და ამაზე საუბარსაც არ ერიდება. ეს ალბათ ერთ-ერთი ის სწორი პოზიცია და შეგნებული დამოკიდებულებაა, რაც ამგვარ საკითხებთან ბრძოლას უფრო ქმედითს გახდის.
მაია შერვაშიძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. შემოქმედი დედა, გვერდის "მოდი ვითამაშოთ" ავტორი და შემქმნელი, აქტიურად უზიარებს ფეისბუქმომხმარებლებს არა მხოლოდ თავის იდეებს, როგორ გავართოთ და გავახალისოთ ბავშვი, არამედ თავის აღზრდის მეთოდებსა და პრობლემებზეც საუბრობს გულახდილად.
"წინა დღეს როცა ჩემს შვილს სკოლაში მივაკითხე და ბავშვები დერეფანში თამაშობდნენ ერთ-ერთი ბიჭი მოვიდა და მითხრა: მაიკო დეიდა, ლეგა არ მათამაშებს. ბიჭუნას ვურჩიე, მისულიყო და მაინც ეთამაშა, რომ ლეგას გადასაწყვეტი არ არის, ვინ ირბენს და ვინ არა.
მივიდა და სთხოვა თავაზიანად, ლეგა, მათამაშეო. ლეგამ ყურადღებაც არ მიაქცია და მერე მიაძახა, არაო. დაჯდა ბიჭუნა მოწყენილი სკამზე, როცა მთელი კლასი მხიარულად თამაშობდა. გული ამიჩქარდა, ვიგრძენი, როგორ გავხურდი სიბრაზისგან ჩემს შვილზე. მე ხომ სულ იმას ვუნერგავ, რომ ადამიანის დაცინვა და გარიყვა არ შეიძლება, რომ ეს სიბოროტის ტოლფასია და რომ ამით ადამიანს დიდ ტკივილს აყენებს და შეიძლება სამუდამო დაღი დაასვას...
და, აი ჩემი ბიჭი რიყავს კლასელს... დავუძახე და კიდევ ერთხელ ავუხსენი, რომ ცუდი რაღაც გააკეთა. მასწავლებელმა მითხრა რომ აქვს ლეგას ეს ჩვევა, ასე გარიყავს ერთ რომელიმე ბავშვსო და არ ათამაშებსო. ჩამწყდა გული!!!!!! სუნთქვა ამიჩქარდა, გავბრაზდი და ყელში ცრემლების ბურთი გამეჩხირა. ჩვენ უარაჩვეულებრივესი დამრიგებელი გვყავს და აუცილებლად ერთად აღმოვფხვრით ამ წამოჭრილ პრობლემას, მაგრამ ვაი, რომ ბევრი მშობელი და მასწავლებელი ვერც ამჩნევს მსგავს შემთხვევებს ან თუკი ამჩნევს, აუცილებლად ამართლებს თავის შვილს ნებისმიერ სიტუაციაში და უწევს დათვურ სამსახურს".
მაია შერვაშიძე