"გატეხა ორი ტელევიზორი, პულტები, მობილური, კატას ესვრის ბურთს, ფეხსაცმელს" ეს წერილი ერთმა მშობელმა მოგვწერა. გთავაზობთ წერილს და შემდეგ ფსიქოლოგის რჩევას:
"უმცროსი შვილი აგრესიული გახდა. როცა უარს ვეუბნებით რამეზე, იფურთხება, ისვრის, რაც ხელში მოხვდება (გატეხა ორი ტელევიზორი, პულტები, მობილური, კატას ესვრის ბურთს, ფეხსაცმელს)... არადა თითქოს კეთილია, ქუჩის ცხოველებს აჭმევს, ეფერება, კლასში იცავს მეგობრებს, თუ ვინმე ერჩის, არც კომუნიკაციის პრობლემა აქვს, ადვილად გაიცნობს და უმეგობრდება, მაგრამ მოითხოვს ძაღლის ყიდვას, რომელიც ამ ეტაპზე შეუძლებელია. შევპირდით, რომ ორ წელიწადში ვუყიდით, როცა დამოუკიდებლად შეძლებს ძაღლის მოვლასა და გასეირნებას, მაგრამ არაფერი ესმის, მოითხოვს და მორჩა. ყველა შენიშვნაზე აგრესიით პასუხობს, გვირტყამს მუშტებს, წიხლებს, შეუძლებელია სიმშვიდის შენარჩუნება და პასუხად გვიწევს დავემუქროთ, რომ აღარ ვუყიდით ძაღლს ან არ შევუსრულებთ სურვილებს. რა არ ვცადეთ, მაგრამ ბოლოს მაინც მუქარამდე მივდივართ, გვაშანტაჟებს, სანამ ძაღლს არ ვუყიდით, ასე მოიქცევა. ვეუბნები, რომ სანამ არ მოიქცევა წესიერად, ძაღლს ვერ მიიღებს და ასე უსასრულოდ.
სასოწარკვეთილი ვარ, ოჯახის წევრები ვეღარ ვუძლებთ და ერთმანეთს ვაჩეჩებთ, ხან ბებიასთან ვუშვებ, რომ ამოვისუნთქო, ხან მამას მიჰყავს ერთი დღით, ისიც ვერ უძლებს, მეორე ბებია საერთოდ არ იტოვებს, რომ არ მოუშალოს ნერვები, რას ვეცე, სად გადავვარდე?"
შეწუხებულ დედას პასუხობს ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, ფსიქოთეტაპიისა და კონსულტაციის ცენტრ "დიალოგის" დამფუძნებელი.ქეთი მესხიშვილი:
- ძვირფასო დედა, არსად "გადავარდნა" არაა საჭირო. საბედნიეროდ, არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ თქვენს დახმარებას, თუ მოისურვებთ. თუკი თქვენ საკუთარ თავს დაიზიანებთ, ამით ბავშვს ნამდვილად ვერ დაეხმარბით.
ბავშვებს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული სირთულეების გადალახვა უწევთ. ჩანს, რომ სკოლის ასაკზეა საუბარი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ სახელდება თქვენი შვილის ზუსტი ასაკი, მიჭირს კონკრეტულ პერიოდზე ყურადღების გამახვილება. ამიტომ ზოგადად გეტყვით, რომ მსგავს სიტუაციაში მშობელმა მოთმინება უნდა გაოიჩინოს და დაეხმაროს შვილს.
ოჯახის სხვადასხვა წევრზე ბავშვის ,,მიჩეჩება" კარგ შედეგს არ მოგცემთ. პირიქით, ამით ბავშვში შესაძლოა გააძლიეროთ განცდა, რომ მისი არავის ესმის და სულ მარტოა, ეს კი მისი აგრესიული ქცევის მაპროვოცირებელი იქნება.
ბავშვებს უჭირთ თავიანთი ემოციების დასახელება და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ ხოლმე. ზოგჯერ - აგრესიასაც. ეს არის ერთგვარი საშუალება ყურადღების მიქცევის. ბავშვებისთვის მშობლებისგან სითბოს გამოხატვა, მოფერება, წახალისება, დროის ერთად გატარება აუცილებელია. გარკვეული მიზეზების გამო ზოგჯერ ამ ემოციური კავშირის დეფიციტი იქმნება და ბავშვი იწყებს ცუდად მოქცევას, რადგან იცის, რომ ცუდად თუ მოიქცევა, მაშინ მაინც მიიღებს ყურადღებას. მართალია, ეს იქნება ნეგატიური, მაგრამ სრულ იგნორს ნეგატიური ემოცია ურჩევნიათ.
აგრესიული ბავშვი - მიზეზები და მშობლების ქმედებები
კარგი იქნება, თუ ოჯახის ზრდასული წევრები შეიკრიბებით და ამ საკითხისადმი ერთნაირ მიდგომას შეინარჩუნებთ.
ერთი მხრივ ბავშვთან სიმკაცრის გამოჩენა აუცილებელია, რომ მან იცოდეს, რა არის ნებადრთული და რა არა. ამას კი ოჯახის წევრები ერთნაირად უნდა აკეთებდნენ. დედ-მამა ავტორიტეტი უნდა იყოს ბავშვისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში საოჯახო ნივთების მტვრევას სახლში ვერ შეაჩერებთ, რადგან თქვენს ნათქვამ სიტუვას "გაჩერდი" ძალა არ ექნება.
თუკი მშობელს უჭირს თავისი ნათქვამის შესრულება, ბავშვები ამას კარგად ამჩნევენ და შემდეგ იწყებენ მანიპულირებას მათი სურვიების ასასრულებლად. ძაღლის ყიდვის მოთხოვნასაც თან ახლავს მანიპულირება.
ბავშვებს ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე უჩნდებათ ხოლმე უსამართლობის განცდა, რის კომპენსირებასაც ოჯახის გარეთ სხვა წრეში სამართლიანობის დაცვით ცილობენ. კლასში დაჩაგრულების დახმარება, უსახლკარო ცხოველებზე ზრუნვა და ა.შ.
აუცილებელია უმოკლეს ვადაში კონსულტაციის გავლა სპეციალისტთან, რათა მოხდეს კონკრეტულად თქვენი პრობლემის დეტალურად განხილვა და დახმარება.