ნუ შეუზღუდავთ შვილს დამოუკიდებლობას 1. არ გააკეთოთ მის ნაცვლად საშინაო დავალება
ამ ტიპის ფრაზები: "დე, მე არ გამომდის!" "მამა, ვერ ვხსნი ამ ამოცანას!" - ხშირად აიძულებს მშობლებს, შვილის ნაცვლად თავად გააკეთონ დავალება. ურჩევნიათ ეს ხანგრძლივ ახსნას და ლოდინს, სანამ ბავშვი თავად მივა სწორ დასკვნამდე. შეიძლება, რომ ბავშვს დაეხმაროთ, მაგრამ არ შეიძლება, მის ნაცვლად აკეთოთ. უნდა გეყოთ მოთმინება გაერკვათ, რატომ არ გამოსდის რაღაც, აუხსნათ. ისე მიიყვანეთ სწორ პასუხამდე, მიხვდეს, რომ თქვენ უბრალოდ ცოტათი დაეხმარეთ, თორემ ყველაფერი მაინც თავისით გააკეთა. ნუ შეუზღუდავთ დამოუკიდებლობას. ხშირად შეაქეთ და თუ გვერდით არ უზიხართ დავალებების შესრულებისას, აუცილებლად შეუმოწმეთ შემდეგ, როგორ შეასრულა.
2. არ ილაპარაკოთ ბავშვის ნაცვლად
ბავშვებს ხანდახან ეიოლებათ, რომ მათ ნაცვლად მშობლებმა ილაპარაკონ. იქნება ეს სხვა ბავშვთან რაიმე თხოვნა, პრობლემის გადაჭრა თუ უფროსისთვის რაღაცის გაგებინება. ყოველთვის აუცილებელია, მის ნაცვლად კი არ თქვათ, წაახალისოთ, თავად გააკეთოს თავისი გასაკეთებელი და თამამი იყოს ამ მხრივ. არის შემთხვევები, როცა მშობლის ჩარევა აუცილებელია და მშობელმა ბავშვის ნაცვლადაც უნდა ილაპარაკოს, განსაკუთრებით, როდესაც სკოლაშია რაიმე კონფლიქტი. თუმცა ამ შემთხვევებშიც მშობელი კარგად უნდა გაერკვას სიტუაციაში, თუ არის საჭირო ჩარევა, ჩაერიოს, თუ არადა ბავშვს დაეხმაროს რჩევებით, როგორ მოაგვაროს თვითონ კონფლიქტი. რაც უფრო მეტად დამოუკიდებელი და თავდაჯერებული იქნება, მისი მომავლისთვის ეს უკეთესია. ჯობს, ყველაფერი გიამბოთ, რცევა გთხოვოთ, თავისი საკეთებელი კი თვითონ გააკეთოს.
3. მის ნაცვლად ნუ აირჩევთ, ვისთან უნდა იმეგობროს
ეს საკმაოდ რთული პრობლემაა. ყველა მშობელს სურს, კარგი მეგობრები შეურჩიოს ბავშვს. მათ ჰგონიათ, რომ უკეთ იციან, როგორი კომპანია შეეფერება მათ შვილს. როცა ბავშვი პატარაა, იოლია მისთვის გარემოცვის შერჩევა. როცა ისინი იზრდებიან, დამოუკიდებლად იწყებენ თავიანთი წრის შერჩევას. ამ დროს მშობლები არ უნდა ჩაერიონ უხეშად, თვალი უნდა ადევნონ, რჩევებით დაეხმარონ, მაგრამ თუ რამე არ მოსწონთ, არ უნდა აუკრძალონ და მით უმეტეს, არ დააძალონ, რომ ვინც თავად მოსწონთ, იმასთან იმეგობროს მათმა შვილმა. თუ მშობელი მეგობრობს ვიღაცასთან, არ არის სავალდებულო, მათმა შვილებმაც ისევე ააწყონ მეგობრობა. თუ ზეწოლას იგრძნობს, იმ ადამიანების მიმართ აგრესიაც შეიძლება გაუჩნდეს და საერთოდ არ იურთიერთოს მათთან. შეიძლება, თავისთავად მოხდეს ისე, რომ თქვენი შვილი ისეთ ვინმეს დაუმეგობრდეს, ვინც თქვენ გსურთ, მაგრამ ისე, რომ თქვენ მოინდომოთ და დააძალოთ, არ შეიძლება.
შვილთან არ არის სასურველი არც დაძალება, არც აკრძალვები, ჩხუბი, იგნორირება თუ მის ნაცვლად რამის კეთება. სასურველია მასთან მეგობრობა, მისი აზრის გათვალისწინება, რჩევებით დახმარება და მის გვერდით ყოფნა, როცა მას მშობლის ყურადღება და სითბო სჭირდება.