პირველ რიგში, პანიკა არ არის საჭირო 1. პირველ რიგში, პანიკა არ არის საჭირო. მის მიერ ნათქვამი ცუდი სიტყვა არ ნიშნავს, რომ მას დანაშაულებრივი ცხოვრება ელის. არ ნიშნავს, რომ თქვენ ცუდი მშობლები ხართ. ეს უბრალოდ სიტყვაა, რომლის აზრსაც ბავშვი ხშირად ვერც კი ხვდება.
2. საუკეთესო, რაც შეგიძლიათ ამ დროს გააკეთოთ – არ მიაქციოთ ყურადღება. თუ ეს პირველად მოხდა, არც უნდა უყვიროთ და არც გაუბრაზდეთ. ბავშვი ვერც მიხვდება, რით ხართ უკმაყოფილო, თქვენი მგზნებარე რეაქცია კი დააინტერესებს. არც უნდა გაგეცინოთ, რადგან თუ ერთხელ გაიცინებთ ამაზე, ეცდება, კიდევ გაიმეოროს და თქვენი სიცილი გამოიწვიოს. ამიტომ ისე მოიქეცით, თითქოს არც კი გაგიგიათ არაფერი.
3. ჰკითხეთ ბავშვს: "იცი, ეს რას ნიშნავს?" თუ ბავშვი აგიხსნით – გულგრილად უთხარით, რომ ვერ ხვდებით, რაში სჭირდება ასეთი უხეში სიტყვის გამოყენება. თუმცა სავარაუდოდ, ვერც ახსნის და მაშინ გაიოცეთ, უცნობ და გაუგებარ სიტყვებს რატომ იყენებს.
4. უპასუხეთ რაიმე არარსებული სიტყვით. ბავშვს შესთავაზეთ, თავად მოიგონოს რამე უცნაური სიტყვა თავისთვის, და არ გაიმეოროს სხვისი უაზრო სიტყვები.
5. ბავშვები ხშირად თავად იგონებენ ხოლმე უცნაურ სიტყვათშეთანხმებებს, რომელიც ხანდახან ცუდ სიტყვებსაც ჰგავს ხოლმე. თუ ეს გაღელვებთ, თავად მოაფიქრებინეთ რაღაც მსგავსი, თანამჟღერი სიტყვები. შეიძლება, თქვენმა მოფიქრებულმა "ტრუკმა", "მოტოკინმა" თუ სხვა მსგავსმა სიტყვებმა ის მეტად "შთააგონოს".
6. თუ ბავშვი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ გაიგოს განმარტება და ქცევის წესებიც გაითავისოს, უამბეთ (მშვიდად, უემოციოდ), რომ მსგავსი სიტყვების გამოყენება არ შეიძლება საზოგადოებასა და ოჯახში. აგრძნობინეთ, რომ ცუდი სიტყვების თქმით თქვენ გულს გტკენთ.
7. თავად დააკვირდით, რომ არ გამოიყენოთ ცუდი სიტყვები – თუ სახლში ესმის ამგვარი საუბარი, ვერ აუხსნით, რატომ არის ეს ცუდი.
8. თუ ბავშვი დანიშნულებისამებრ იყენებს ცუდ სიტყვებს (ანუ ხვდება მათ აზრს და იცის, როდის იყენებენ მას უფროსები, ძირითადად უხეშობისა და გაბრაზების დროს "წამოსცდება" ხოლმე), შესთავაზეთ თუნდაც ემოციური, მაგრამ თავაზიანი ალტერნატიული სიტყვები, რომლებითაც შეუძლია გამოხატოს გაბრაზება.
9. განავითარეთ პატარის მეტყველება, მეტი უკითხეთ, ასწავლეთ ლექსები. ნაკითხ პატარას ნაკლებ მოხიბლავს ცუდი სიტყვები და მის უფრო მდიდარ ლექსიკონშიც ის მარტივად ჩაიკარგება.
10. მიიღეთ ის ფაქტი, რომ რაკი ცუდი სიტყვები არსებობს, ე.ი. ბავშვს შეუძლია მათი "აკიდება". და უკეთესი იქნება, თუ საპასუხოდ არც დააშინებთ და არც დაემუქრებით, არამედ ეცადეთ გაიგოთ, რა იმალება ამ ცუდი სიტყვის უკან – სურვილი, ყურადღება მიიპყროს, დახმარებას ითხოვს, სურს თანატოლებს შორის დაიმკვიდროს თავი თუ უაზროდ იმეორებს.