როგორ უნდა აღვზარდოთ ვაჟი? - ცნობილი ქართველი პედაგოგის დამაფიქრებელი პასუხი
როგორ უნდა აღვზარდოთ ვაჟი? - ცნობილი ქართველი პედაგოგის დამაფიქრებელი პასუხი
ცნობილი პედაგოგი შალვა ამონაშვილი ვაჟის აღზრდის მეთოდებზე საუბრისას საკუთარ შემთხვევას იხსენებს. ეს მოგონება-იგავი ბევრ შეკითხვას სცემს პასუხს:


- ერთხელ, ჩემმა 11 წლის ბიჭმა, დედას აწყენინა. მეუღლემ ძალიან განიცადა და ტირილი დაიწყო. ჩვენს ოჯახში არასოდეს ყოფილა ყვირილი, ჩხუბი, გინება, ბავშვის ცემა და ა.შ. ჩვენი იარაღი მხოლოდ სიტყვა და პირადი მაგალითი გახლდათ ყოველთვის. მე დაკავებული ვიყავი ჩემი სამეცნიერო შრომებით. შემეძლო გამოვსულიყავი ოთახიდან და მეთქვა ბავშვისთვის: როგორ გაბედე ამის გაკეთება? აბა, ახლავე ბოდიში მოუხადე დედას, ანუ მემოქმედა მშობლის ძალაუფლებით. შემეძლო შეშინებაც: „არ გაბედო
ამის ხელმეორედ გაკეთება! გაიგე? წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გაექნება ჩემთან! მე შენი მამა ვარ!“ ასე იქცევა ბევრი მამა.
დედასაც შეეძლო ეყვირა, სილა გაეწნა, გაეგდო ოთახიდან. მაგრამ ეს ხომ აღზრდა არ არის, ასეთი ქმედებებით ბავშვის აღზრდა შეუძლებელია. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს თავისი მშობლების. მას უნდა გავუღვიძოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. მას უნდა ეშინოდეს იმისა, რომ არ დაარღვიოს პასუხისმგებლობა, ეს უხერხული და არასამართლიანი იქნება. სინდისის წინაშე უნდა გვქონდეს შიში. არ მინდა თავი მოგაწონოთ ჩემი ქმედებით, მაგრამ აი, როგორ მოვიქეცი მოცემულ სიტუაციაში.

ამ უსიამოვნებიდან გავიდა ერთი კვირა (იმ წუთას არაფერი არ მოვიმოქმედე), მინდოდა ეს ფაქტი დავიწყებას მისცემოდა. რა თქმა
უნდა, დედა შეურიგდა შვილს, ყველას დაავიწყდა მომხდარი ფაქტი. ერთხელაც, შევდივარ მის ოთახში. ჩემი ბიჭი ზის და მათემატიკის დავალებას წერს. ვეკითხები:
- რას აკეთებ?
- ამოცანას ვხსნი,- მიპასუხა.
- და ვის სჭირდება ეს ამოცანები?
- მე არ მჭირდება, მასწავლებელს სჭირდება.
- მაშინ მასწავლებელი მოიცდის, საქმე მაქვს შენთან. გთხოვ, წამოდი ქუჩაში, მინდა დაგელაპარაკო როგორც კაცი - კაცს.

(მამებს ვთავაზობ ამ მეთოდს - კაცური ლაპარაკი - ერთი-ერთზე). ეს პირველად მოხდა.
გაკვირვებული მეკითხება:
- აქ არ შეიძლება, რომ ვილაპარაკოთ?
- არა, ეს ჩვენი საიდუმლო იქნება, წავიდეთ გარეთ...


ცნობილი პედაგოგი შალვა ამონაშვილი: "თითოეული ბავშვი უნდა გიყვარდეს, არა მხოლოდ ათოსანი და დამჯერი"


მივდივართ პარკის მიმართულებით... მინდა მშობლებს ასეთი კითხვა დავუსვა: „შეგიძლიათ ბავშვი აღზარდოთ დუმილით?“ არ ელაპარაკოთ, მაგრამ ამავდროულად აღზარდოთ? ამ დუმილის მომენტში მის პატარა თავში ათასი აზრი ტრიალებდა: „ნეტა რაზე უნდა მელაპარაკოს?“ „რა დავაშავე?“, „ნეტავ რა მოხდა?“ ამასობაში პარკში მივედით და სკამზე ჩამოვსხედით.
დიდი, ცნობისმოყვარე თვალებით მიყურებდა და ელოდებოდა, როდის დავიწყებდი საუბარს. ვეკითხები:
- შვილო, ახლა რამდენი წლის ხარ?
- 11-ის.
- იცი, უნდა გამიგო რასაც ახლა გეტყვი. შენი დახმარება მჭირდება. იყო დრო, როდესაც შემიყვარდა გოგონა და პირობა მივეცი, რომ თუ ცოლად გამომყვებოდა, არასდროს არავის მივცემდი მისი წყენინების უფლებას. როგორ ფიქრობ, სწორად მოვიქეცი?
- კი, რა თქმა უნდა.
- როდესაც შენ ცოლს მოიყვან, შენც ხომ არავის მისცემ მისი წყენინების უფლებას?
- არა, არავის.
ხელი ჩამოვართვი, მოვუწონე პასუხი და ვუთხარი, რომ ეს ნამდვილი კაცური საქციელი იყო.
- მაგრამ საფიქრალში ვარ ჩავარდნილი, - ისევ წამოვიწყე საუბარი, - არ ვიცი, როგორ მოვექცე ჩემს შვილს, რომელმაც აწყენინა ჩემს საყვარელ ქალს. ქალს, რომელსაც პირობა მივეცი, მაგრამ მისი დაცვა ვერ შევძელი...

ჩემი ბიჭი დიდხანს, დიდხანს დუმდა. არ გეგონოთ, რომ ეს დუმილი ტყუილი დროის ხარჯვა იყო. რაც მის თავში და გულში ტრიალებდა, სწორედ ეგ იყო თერაპია. თავდახრილი იჯდა. უცებ, თავი ასწია და მითხრა:
- დამსაჯე!
- კი მაგრამ, ეგ ხომ ადვილია. მე მაშინვე შემეძლო შენი დასჯა. მითხარი, როგორ მოვიქცე, რითი ვიმართლო თავი მეუღლესთან?

ისევ დუმილი... ისევ მე დავარღვიე სიჩუმე:
- მოდი, დავტოვოთ ყველაფერი, როგორც არის. ეს იყო ჩვენი კაცური საუბარი. ამის შესახებ არავის ეცოდინება, მარტო მე და შენ. ოღონდ გახსოვდეს, ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ვინმემ აწყენინოს. იმასაც ვერ დავუშვებ, რომ ჩემს შვილს ვაწყენინო. დამინდე...

ასე წამოვედით სახლისკენ...
49710
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
REAList
1
".... ამის შესახებ არავის ეცოდინება, მარტო მე და შენ..." არადა მშობლები.ჯი-ს ყველა მკითველმა იცის უკვე.. :))) ეს რათქმაუნდა ხუმრობით! გენიალურია !
14:49 / 25-10-2018
დავითი
1
დედმამის, მშობლების ძალისხმევაა საჭირო, არავითარი ცემა არავითარი ჩხუბი, ყვირილი,დაშინება, დასჯა,არა..შვილის ცხოვრებით უნდა იყო დაკავებული ,იცოდე რა უნდა, რა აინტერესებს, მოუსმინო, გაუგო, ესაუბრეთ, ეკონტაქთეთ მეტი, მით უმმეტეს ასეთ ასაკში, და როდესაც ამას თქვენსგან ვერ იღებს ის სხვაგან ეძებს..,,
12:24 / 07-08-2018
ასევე დაგაინტერესებთ
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```