"დღევანდელი მშობლები ძალიან მძიმე დღეში არიან... ფულის შოვნა თვითმიზნად იქცა..."
"დღევანდელი მშობლები ძალიან მძიმე დღეში არიან... ფულის შოვნა თვითმიზნად იქცა..."
ცნობილმა ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ mshoblebi.ge-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მშობლებისთვის აქტუალურ ბევრ შეკითხვას უპასუხა. ამჯერად გთავაზობთ მის პასუხებს ძველი და ახალი თაობის მშობლებს შორის სხვაობაზე და ასევე სიმკაცრის თემაზე.

- რა შედარებას გააკეთდებით ძველი თაობისა და თანამედროვე თაობის მშობლებს შორის?

- ჩვენი მშობლები საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ, სადაც ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. ადამიანებს ხვალინდელი დღის არ ეშინოდათ. ბაზისური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული ჰქონდათ, თავს ასე თუ ისე უსაფრთხოდ გრძნობდნენ - ჰქონდათ გარანტირებული სამუშაო, ხელფასი, თავსაც არავინ იკლავდა მუშაობით. ხელფასი სრულიად სამყოფი იყო მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

საზოგადოებას სამომხმარებლო ფსიქოლოგია არ ჰქონდა. მაღაზიებში თითქმის არაფერი იყიდებოდა და ყველას ჰქონდა თანასწორობისგანცდა. წინასწარ იცოდნენ, სად ისწავლიდნენ, ჰქონდათ გარანტირებული სამუშაო. ჩვენს საზოგადოებაში კი შფოთვა ძალიან მაღალია. 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ახალი რეალობა გაჩნდა, რომლის გამოცდილებაც ჩვენს თაობას არ ჰქონდა. ჩვენი შვილები შფოთვის მქონე მშობლების შვილები არიან. სულ მაინტერესებდა, ასეთ ვითარებაში როგორი ადამიანები გაიზრდებოდნენ. განსხვავება იცით, რაშია? სამამულო ომის დროსაც უჭირდათ ადამიანებს და სტრესშიც იყვნენ, მაგრამ ჩვენ მიჩვეული კომფორტი, მშვიდობა და კეთილდღეობა წაგვართვეს, შეჩვეული ცხელი წყალი, სინათლე, სიმშვიდე ერთ მშვენიერ დღეს გაქრა. ეს ბევრად დიდი ტრესია.

დღეს ასეთი ვითარება გვაქვს: ლუკმაპური საშოვნელად
დაწყებულმა მიგრაციულმა პროცესებმა დაიშალა ოჯახური ურთიერთობები, დაირღვა ფუნდამენტური ოჯახური ბირთვი, რომელსაც ეყრდნობოდა საბჭოთა პერიოდის ადამიანი. ოჯახთა შორის უწყვეტობა, გამოცდილების გადაცემა, ერთობის განცდა, თანდათან გაქრა. სხვათა შორის, კვლევებით არის დადასტურებული, რომ ქართველი ადამიანის ცნობიერებაში ოჯახს წამყვანი ადგილი უჭირავს. ქართველები ოჯახს აყენებენ სამშობლოსა და სხვა დანარჩენზე წინ. სწორედ ეს ოჯახი გამოეცალა ადამიანს. ბებია, ბაბუა, წავიდნენ, ზოგი საზღვარგარეთ გაიქცა ან აქაურ მიგრაციულ პროცესებში მოჰყვნენ და მუშაობენ იმისთვის, რომ ლუკმა-პურისთვის საჭირო თანხა გამომიმუშაონ. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ, მხარდაჭერის იმედი არ აქვთაი, ასეთ საწყალ, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დღევანდელი მშობლები, სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდა დედაჩემი სტუმრად მოსული ოცი კაცისთვის სუფრის გაშლას, სამსახურიდან მოსული და დაღლილი. მე რომ ეგ ვინმემ შემომთავაზოს, გადავირევი კიდეც. 20 კაცი კი არა, 3 კაცი თუ მოვიდა, მაგის თავიც შეიძლება არ მქონდეს. მაშინ სხვა ენერგეტიკა ჰქონდათ და ეს იყო მათი გადარჩენის მთავარი გზა. ადაპტაციის მექანიზმი გკარნახობდა,  რომ შენ, ახლობლებთან ერთად რაღაცნაირად გადარჩებოდი. დღეს რა არის ჩვენი ადაპტაციის მექანიზმი, არ ვიცი. დღეს ჩვენ მარტოდმარტო, ინდივიდუალურად ვფიქრობთ გადარჩენაზე, რაც ძალიან რთულია, რადგან ინდივიდუალურად ადამიანი ვერ გადარჩება.
ახლანდელი თაობა მუდმივად არის შფოთვის და ბრძოლის პოზიციაში. მთელი საქართველო ჩხუბობს. მთელი საქართველო უკომპრომისოდ იცავს თავის უფლებებს. მაშინ, როცა სხვისი უფლებები არავის აინტერესებს და ამიტომ ეს არის ნამდვილად პოსტტრავმული საზოგადოება. ახლანდელი მშობლებს უსაფრთხოების და მხარდაჭერის მოთხოვნილებები არ აქვთ დაკმაყოფილებული, ამიტომაც არიან შეშფოთებულები, არც იციან, ხვალ რა ელოდებათ. მათი მთავარი მიზანია, ელემენტარული სურვილები დაუკმაყოფილოს შვილს და ოჯახს, რასაც ეწირება ადამიანური ფაქტორები. ამ სურვილების დაკმაყოფილებისთვის სჭირდება ფული და ფული თვითმიზნად ექცევათ. რომ ეკითხები, ფული რისთვის გინდა, ადამიანი ვერც გპასუხობს, არადა ფულის გამო ყველაფერს აკეთებს. ამაში კი თავად იხდის ძალიან დიდ საფასურს. ეს არის ერთი ფაქტორი. მეორე ისაა, რომ ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა არ აქვთ. ძალიან ხშირად ჩემთვის უთქვამთ ახალგაზრდა დედებს, რომ ურჩევნიათ სამსახურში წავიდნენ და თუნდაც არ ჰქონდეთ დიდი ხელფასი. იმ ხელფასს, რასაც იღებენ, უხდიან ძიძას და ამბობენ: "მე არ შემიძლია სახლში დაჯდომა, ბავშვი გაიზრდება, სხვა სამსახურს კი ვერ ვიპოვი". სწორედ ამას ჰქვია ხვალინდელი დღის შიში. შედეგად კი რა თანხასაც შოულობს, უხდის ძიძას. დაზარალებულია ორივე, ბავშვიც და მშობელიც. ამასთანავე აკლიათ თავდაჯერებულობაც, არ აქვთ საკუთარი თავის იმედი. ახლა რომ დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, არ იქნება მართებული. იმიტომ, რომ ვერ შევადარებთ ამ ორ თაობას ერთმანეთს. იმიტომ, რომ ახლა სხვა რეალობის წინაშე ვართ.

- აღზრდის მეთოდებზე რომ გვესაუბროთ, აღნიშნავენ, რომ ძველი თაობის მშობლები სიმკაცრით გამოირჩეოდნენ...

- მაშინ ძალიან მკაფიო იერარქია იყო. არსებობდა უფროსი და უმცროსი. სკოლას ჰქონდა სტატუსი, კონკრეტული მიზანი, იცოდა, ვინ უნდა აღეზარდა. ნებისმიერ განათლების სისტემას აქვს მიზანი. საბჭოთა განათლების სისტემაც იმიტომ იყო წარმატებული, რომ აწყობილი იყო ზუსტად იმ ადამიანის აღზრდაზე, რომელიც მას სჭირდებოდა. დღეს აღარ არის იერარქია. დაირღვა მიზნებიც. დღევანდელ სახელმწიფოს რა მიზნები აქვს, ვერ გაიგებ. ამას ღიად ვამბობ. სახელმწიფომ რომ არ იცის, რა მიზნები აქვს, შესაბამისად არ იცის განათლების სისტემამ და ამიტომ ვერ ეშველა სკოლას. მასწავლებელმა არ იცის, ვინ უნდა გაზარდოს. წინათ თუ იყვნენ მშობლები მკაცრები, იყვნენ სიუხეშის გამო, დღეს გვეუბნებიან, რომ მკაცრები არ უნდა ვიყოთ,რომ ბავშვი არ უნდა დავსაჯოთ. ეს ყველამ იცის, მაგრამ სახალხო დამცველის ანგარიშში რომ ჩაიხედოთ, ნახავთ, რომ ნახევარი საქართველო ურტყამს ბავშვს. ვთვლით, რომ ბავშვი სტრესში არ უნდა ჩავარდეს. რატომ არ უნდა ჩავარდეს სტრესში, ვერ გავიგე. სტრესთან გამკლავება ბავშვმა უნდა ისწავლოს. დაბრკოლების გადალახვა ბავშვმა უნდა ისწავლოს. ბავშვს სტრესს ვერ მივაყენებთო და ზღაპარსაც კი არ უკითხავენ მგელზე და კრავზე, რომელიც მგელმა შეჭამა, მაგრამ ნერვებს თუ მოუშლის, კარგად ურტყამენ. იმიტომ, რომ არ იციან ბავშვის ქცევის მართვა. ბავშვი რომ სტრესში არ ჩავარდეს, ამიტომ ყველაფერი უნდა შეუსრულო? ამას წინათ ვუყურებდი მაღაზიაში, შემოვიდნენ მშობლები ბავშვთან ერთად. შემოსული არ იყო ბავშვი, რომ დაიწყო ყვირილი: „მინდა, მინდააა, მინდა“. მაინტერესებდა დედა როგორ მოიქცეოდა ამ დროს. იგი ძალიან კარგად გაუმკლავდა სიტუაციას, კინაღამ ტაში დავუკარი. დედამ უთხრა: “შენ სახლში გაუხსნელი სათამაშოები გაქვს. მე ვერ გიყიდი, არა იმიტომ, რომ ფული არ მაქვსო“. დედა იყო ძალიან მართალი ამ დროს. შენ ჯერ გახსენი ის სათამაშოები და გამოიყენეო და მერე თუ აღმოაჩენ, რომ ისინი არ მოგწონს, მერე ვილაპარაკოთ ახალ სათამაშოზეო. მაგრამ ბავშვმა მაინც იმდენი იზუზუნა, რომ პატარა სათამაშო მაინც აყიდინა. მაინც ვერ მოითმინა დედამ ბოლომდე...
რუსკა კილასონია

13484
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ელენა
0
უღრმესი მადლობა! ძალიან მომეწონა თემა, საკმაოდ ფართოდ გაშალეთ, მაგრამ სამეუხაროდ ძალიან მწირი ინფორმაციაა. როგორ მოვერგოთ ამ დროს? რა შედეგს მივიღებთ 10-15 წლის შემდეგ, ქ-ნი თამარ? თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. თავდაჯერებულობა აკლია მშობელს - რას გულისხმობთ? გმადლობთ წინასწარ.
23:06 / 03-06-2018
ნათული
0
აი ეს უნდა წაუკითხო ყველა იმ მშობელს და დღეში სამჯერ უნდა გაუმეორო, რომ ბავშვს ყველაფერი არ უნდა შეუსრულო და დასჯაც რა თქმა უნდა (ცემატყეპას არ ვგულისხმობ)უნდა იყოს გარკვულწილად
23:15 / 18-04-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?