ბავშვი იზრდება იმ მაგალითებზე, რასაც აძლევს მშობელი
"მინდა ბავშვთან სწორი მიდგომა ვიცოდე, ისე გავზარდო ჩემი შვილები, რომ მათთან ჩხუბი არ მჭირდებოდეს""ჩემმა შუათანა შვილმა ტყუილები ისწავლა, ისეთი პაწაწინაა და უკვე მიზნის მისაღწევად ტყუილებს ამბობს, რატომ ხდება ეს და როგორ გადავაჩვიო?"
"ჩემი შვილი დედისერთაა. მინდა ისე აღვზარდოთ, რომ და-ძმის არყოლამ მასზე უარყოფითი კვალი არ დატოვოს, არც ის მინდა, ზედმეტად მოექცეს მშობლების გავლენის ქვეშ... მოკლედ, ოქროს შუალედს ვეძებ"
"მე შვილიშვილებს ვუვლი. მიჭირს, რადგან თანამედროვე ბავშვები ძალიან განსხვავდებიან წინა თაობისგან, ჩემი შვილიშვილები საერთოდ არ ჰგვანან ჩემს შვილებს. მინდა, მეტი ვიცოდე, რომ შეცდომები არ დავუშვა"...
ამ და სხვა საფიქრალით მშობელთა საკმაოდ დიდი წრე ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის პაატა ამონაშვილის საავტორო სემინარს დაესწო. შეხვედრის თემა გახლდათ "ბავშვის განვითარება და ოჯახის ჰარმონიული ცხოვრება".
სემინარი აუდიტორიასთან აქტიური კომუნიკაციის ფონზე ჩატარდა. პაატა ამონაშვილმა მშობელთა პირადი მაგალითებით განიხილა ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტები. უპასუხა უამრავ შეკითხვას და რაც მთავარია, ძალიან საჭირო ცოდნა და რჩევები გაუზიარა მშობლებს.
"ჰუმანური პედაგოგიკის არსი ერთი შეხედვით მარტივი ჩანს - ბავშვი ყველაზე კარგად ვითარდება იმ მაგალითებით (სურათ-ხატებით), რომლებსაც მისი მშობლები და საყვარელი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში უჩვენებენ. ბავშვი იზრდება იმ მაგალითებზე, რასაც აძლევს მშობელი საკუთარი ქცევით და არა ჭკუის სწავლებით. სამწუხაროდ, რჩევა-დარიგებები და ჭკუის სწავლება ბავშთან მიმართებაში დიდ შედეგს არ იძლევა. რა თქმა უნდა, რთულია, საკუთარი საქციელი მუდმივად აკონტროლო, რათა შვილს სწორი მაგალითი მისცე, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბავშვის აღზრდა ზოგადად რთულია. თუ ჩვენ არ მივცემთ სწორ მაგალითს, ბავშვი მაინც აიღებს მაგალითს, მაგრამ არა სწორს და არა მხოლოდ ოჯახისგან. მაგალითად, ეკრანიდან, რომელიც მას კარგს არაფერს აჩვენებს" - ამბობს პაატა ამონაშვილი, რომელიც სემინარის განმავლობაში მშობლისთვის ბევრ აქტუალურ თემას შეეხო და მათი მოგვარებისთვის საინტერესო გზებიც გაანდო აუდიტორიას.
"ბავშვს ისეთი მოთხოვნილება აქვს განვითარების, როგორც ჩვენ სუნთქვის. განვითარებისკენ ლტოლვას ბუნება აძლევს ბიძგს და ამიტომ ერთი შეხედვით ბავშვის აბსურდული და თქვენთვის მიუღებელი ქმედება სინამდვილეში ამ ლტოლვის შედეგია.
იხილეთ ვიდეო:
ბავშვის განვითარების კანონები
განვითარება არ გახლავთ დასწავლა, უნარ-ჩვევების შეძენა და შემეცნება.ბავშვი ძალიან ბევრი შესაძლებლობით იბადება, დაახლოებით ისე, თესლებით სავსე მინდორი რომ წარმოიდგინოთ. თუ ბავშვში ეს ღმერთისგან ბოძებული შესაძლებლობები აღმოცენდება და გაიფურჩქნება, ეს იქნება განვითარება. ამ გაფურჩვნის პროცესს ხელს შეუწყობთ თუ შეუშლით, ეს დიდწილად მშობელზეა დამოკიდებული" - განმარტავს პაატა ამონაშვილი.
შემდგომი სემინარი "ოჯახური ბედნიერების ფორმულა" 29 მაისს მაისს გაიმართება.