როგორ დავეხმაროთ ბავშვებს მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში
ჩვევა ბევრ რამეზე მეტყველებს და ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილის ჩვევებმა ბავშვის ხასიათის დადებითი თვისებები განავითარონ. თუმცა არავისთვის არის საიდუმლო, რომ დრო და დრო პატარები მავნე ჩვევებს "აიკიდებენ" ხოლმე და თუ დროულად არ ჩავერიეთ, ეს ჩვევები დიდობაშიც გაჰყვებათ. ყველაზე გავრცელებულია მათ შორის ფრჩხილების კვნეტა (თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ჩვევას, შეგიძლიათ ამის შესახებ სტატია იხილოთ), თითის წოვა, ცხვირში თითის შეყოფა, წკლაპუნით ჭამა, უფროსების ლაპარაკში ჩარევა, სასქესო ორგანოზე ხელის ხშირად მოკიდება და ა.შ.
მავნე ჩვევებთან ბრძოლა აუცილებელია. თანაც, რაც ადრე,
მით უკეთესი. მაგრამ პირველ რიგში მიზეზი უნდა იპოვოთ, თუ რატომ ჩნდება ისინი. როგორც წესი, მათ გაჩენას თავისი მიზეზი აქვს – სტრესი, მიბაძვა, უხერხულობა და ა.შ. განვიხილოთ მიზეზები და მათი მოცილების გზები.

1. საკუთარი თავისთვის სხვა მხრიდან შეხედვა
მავნე ჩვევების პროფილაქტიკის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახში ნორმალურ გარემოს, ბავშვისადმი სათუთ დამოკიდებულებას, ყურადღებას. აუცილებელია, ყოველთვის იპოვოთ მისთვის დრო და ელაპარაკოთ, აუხსნათ ქცევის წესები, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახლში, ქუჩაში, სუფრასთან. თუ პირს აწკლაპუნებს ჭამის დროს, მიეცით საშუალება, საკუთარ თავს ამ მომენტში სარკეში შეხედოს. ალბათ არც თავად მოეწონება და ეცდება, გამოასწოროს. თუ სუნთქვის პრობლემა არ აქვს და ეს უბრალოდ ჩვევაა, მაშინ მას იოლად დაამარცხებს. მთავარია, ხედავდეს, რომ იმავეს
თქვენც არ აკეთებთ, რომ თქვენ ამის გამო ღელავთ, ოღონდ ეს უნდა აუხსნათ და მშვიდად ელაპარაკოთ და არა ჩხუბით.

2. იპოვეთ ალტერნატიული გადაწყვეტილებები
დეპრესია, ცუდი განწყობა ბავშვს ცუდი ჩვევის ფორმირებაში ეხმარება. მაგალითად, ფრჩხილებს სტრესის დროს იკვნეტენ და მერე უკვე გამუდმებით, მცირე ნერვიულობის დროსაც კი (როცა ღელავენ, ან ტელევიზორში უყურებენ რაღაც მძაფრსიუჟეტიანს) პირისკენ მიაქვთ ხელები, გაუცნობიერებლად. უფროსებმა მღელვარების მიზეზი უნდა დაადგინონ და ბავშვს დაეხმარონ მის გადალახვაში.
თუ უბრალოდ მოწყენილობისგან იკვნეტს ფრჩხილებს, ალტერნატიული საქმიანობა შესთავაზეთ – თხილი დაუყარეთ, მზესუმზირა, ჩირი, რომ მათზე გადაერთოს. ან პატარა ჯოხი დააჭერინეთ ხელში. შეგიძლიათ, ყურადღება გადაატანინოთ, სხვა რამით დაკავდეს და რაც მთავარია, მშვიდად უნდა იყოს. თუ თმის თითზე დახვევის ჩვევა აქვს, ვარცხნილობა შეუცვალეთ, ან შეუმოკლეთ, რომ ამ ჩვევას ებრძოლოს.
როდესაც მავნე ჩვევა აღგზნებადობის, ნერვული აშლილობის ბრალია, ამ დროს ბალახეულის დამამშვიდებელი ნაყენებიც დაგეხმარებათ.

3. უფროსების მიბაძვა
ხშირად ბავშვები უფროსებს ბაძავენ და ამ შემთხვევაში თავად უფროსებმაც უნდა იზრუნონ საკუთარი მავნე ჩვევების მოსპობაზე. ერთად გადალახეთ პრობლემა და ერთმანეთს დაეხმარეთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში.

რაც მთავარია, როდესაც ამ პრობლემას ებრძვით, არ უნდა ეჩხუბოთ ბავშვს, არ უნდა შეარცხვინოთ. ამით ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაყენებთ, რომელსაც გაცილებით ძნელად გაუმკლავდება, ვიდრე თავად ჩვევას. მშობელმა უნდა კარგად გაიაზროს, რომ ბრძოლა საჭიროა სწორედ იმ ჩვევასთან და არა ბავშვთან.
4719
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ანა
0
ჩემი შვილი 4წლის და შვიდი თვის არის საოცარი ჩვევები აკვს მკავდა ნევრო პათოლოგთან კველაფერი წესრიგსში აქვს ზალიან განვიცდი მის მავნე ჩვევებს,ნევრო პატოლოგმა მიტხრა რომ ეს ტიკები მირსჰიეტ როგორ დავეხმარო მას ამ სჰვევების გადალახვაში
19:08 / 13-02-2015
მსგავსი სიახლეები