როგორ განვსაზღვროთ ბავშვის ფსიქოტიპი და რაზე მეტყველებს ის - მშობლები

როგორ განვსაზღვროთ ბავშვის ფსიქოტიპი და რაზე მეტყველებს ის

2018-10-28 04:24:15+04:00

რატომ არის, რომ ზოგი ბავშვი ადვილად ერთვება სასწავლო პროცესში, ზოგს კი ამის გაკეთება ძალიან უჭირს? როგორ აღვზარდოთ ბავშვი მისი ფსიქოტიპის გათვალისწინებით? რატომ არის, რომ ზოგი ბავშვი ადვილად ერთვება სასწავლო პროცესში, ზოგს კი ამის გაკეთება ძალიან უჭირს?

რაზე არის დამოკიდებული ბავშვის ფსიქოტიპი

მშობლების გენი და მუცლადყოფნის პერიოდი პირდაპირ განსაზღვრავს ბავშვის ნერვულ სისტემას.

ნერვული სისტემის მდგომარეობა განსაზღვრავს სწორედ იმას, თუ რამდენად ადაპტირდება ბავშვი გარე სამყაროსა და სხვადასხვა, იქნება ეს სასწავლო თუ სხვა პროცესების მიმართ. ამიტომაც არის, რომ ერთი და იგივე ფაქტი სხვადასხვა ბავშვმა სხვადასხვანაირად შეიძლება აღიქვას, შესაძლოა ერთისთვის ესა თუ ის მოვლენა ტრავმის მომგვრელი აღმოჩნდეს, მეორესთვის კი - აბსოლუტურად ჩვეულებრივი.

ყველზე საინტერესო ის გახლავთ, რომ არსებობს შერეული სახის ფსიქოტიპიც: შესაძლოა თქვენ საკუთარი შვილი ორი ან მეტი ტიპის დახასიათებაში ამოიცნოთ, ეს ნუ შეგაშინებთ, უფრო მეტიც, ეს ნორმალურია, უბრალოდ ამ შემთხვევაში უნდა განსაზღვროთ, რომელი ტიპია წამყვანი.

შემოქმედი ბავშვი

დიახ, ხელოვანი, არასტანდარტულად მოაზროვნე, პატარა შემოქმედი. ასეთი ბავშვები სკოლაში, როგორც წესი, მოიწყენენ ხოლმე, ვიღაცის მსგავსად, ავტომატურად მოქცევა ეწინააღმდეგება შემოქმედი ადამიანის შინაგან სამყაროს.

ასეთ ბავშვებს სკოლის გარდა სხვა გატაცებები და მისწრაფებები გააჩნიათ. უფრო მეტიც, სწავლის პროცესი ხშირად ხელსაც კი უშლის მათ ძირითად გატაცებას.

ასეთი ტიპის ბავშვი მშობელმა მუდმივად უნდა აკონტროლოს, რათა არ ჩამორჩეს სასწავლო პროცესს.

ასეთ ბავშვებს სხვა ბავშვებთან კომუნიკაციის სურვილი არც ისე დიდი აქვთ. ისინი აფასებენ ისეთ ადამიანებს, ვისგანაც რამე ახლის სწავლა ან გაგებაა შესაძლებელი.

მოწესრიგებული ბავშვი

ასეთი ბავშვები ყოველთვის ემორჩილებიან წესებს და ცდილობენ მათ ჩამოყალიბებას. ისინი, როგორც წესი, ორიენტირებულნი არიან წარმატებაზე, ამიტომ კარგად სწავლა მათთვის პრიორიტეტია. მათ აქვთ აზროვნების იერარქიული წყობა და ადამიანებს პირამიდის მსგავსად ალაგებენ, მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანები პირამიდის თავში ექცევიან. თავში მყოფ ადამიანებს მათ უნდა დაუჯერონ. თავად ცდილობენ დომინირებას, სხვების დამორჩილებას და მართვას. ცდილობენ ასაკით პატარა ბავშვებთან დაამყარონ კომუნიკაცია, რადგან ისინი უფრო მარტივად სამართავები არიან.

ასეთი ბავშვის აღზრდის დროს ყურადღება უნდა მიექცეს მის მორალურ პრინციპებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოუყალიბდეს განცდა, ვინც ძლიერია ის მართალია.

ბავშვი ვარსკვლავი

ბავშვი ვარსკვლავია არა იმიტომ, რომ მართლა ვარსკვლავია, არამედ იმიტომ, რომ თავად თვლის ასე. ეს გახლავთ მისი სუბიექტური განაცხადი მის განსაკუთრებულობაზე.

ასეთ ბავშვებს ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. არიან ძალიან არტისტულები. გაკვეთილებზე მოუსვენრობით გამოირჩევიან, ცდილობენ ყოველთვის საკუთარი კომენტარები ჩართონ და დააფიქსირონ განსხვავებული აზრი. არის შემთხვევები, როდესაც არ იციან გაკვეთილი ან კითხვაზე სწორი პასუხი, თუმცა ხელს მაინც იწევენ. მათი მიზანია, რომ შეამჩნიონ.

შრომისმოყვარეობით არ გამოირჩევიან, ხშირად იცვლიან წრეებსა თუ კლასს, თუ პირველები არ არიან, იქ გაჩერება არ მოსწონთ.

მეგობრული ბავშვი

თბილი, ტკბილი, ცელქი და მხიარული ბავშვები. მათთან ურთიერთობა ძალიან კომფორტული და ადვილია. არიან ზრდილობიანები და თავაზიანები. არ იზიდავთ ლიდერობა, ურჩევნიათ ყველასთან მეგობრულები იყვნენ. ისიც აკმაყოფილებთ, რაც აქვთ. მათი აღზრდისას ერთადერთი სირთულე არის ის, რომ ხანდახან არიან ფლეგმატურები და ზოგჯერ მელანქოლიურები. ძალიან მიშვნელოვანია ასეთ ბავშვთან მშობლის სიახლოვე, ხშირი, გულახდილი საუბრები. სიტყვები "შენ ამას შეძლებ", ან "მორჩი ახლა წუწუნს და მიხედე საქმეს" მათთან არ გამოგადგებათ, უმჯობესია გამოიყენოთ ფრაზები "ჩვენ ამას შევძლებთ", "შენ მარტო არ ხარ".