არასდროს მოექცეთ ბავშვს ისე, როგორც არ გინდათ, რომ ვინმე თქვენ მოგექცეთ... 20 ნოემბერს ამონაშვილების აკადემიამ მშობლებისთვის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაზე პაატა ამონაშვილმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახში კონფლიქტური სიტუაციები, მათი მართვის პრინციპები, პრაქტიკული რჩევები და ის ოქროს ფორმულები, რომლებიც ნებისმიერ მშობელს გაუადვილებს შვილთან ურთიერთობას, სწორი კომუნიკაციის დამყარებას, ოჯახში კრიზისული სიტუაციების მართვას.
შეხვედრის დაწყებამდე მშობლებმა მათი მოლოდინების შესახებ ისაუბრეს, დასვეს კითხვები, რომლებსაც საუბრის მიმდინარეობის დროს ამომწურავად გასცა პასუხი ბატონმა პაატამ. ერთი შეხედვით, გამოუვალი პრობლემიდან გზა ყოველთვის არის და ეს გზა სიმშვიდეში, სიყვარულსა და მოთმინებაშია.
როგორ უნდა მოვიქეთ, თუ ბავშვს შუა მოძრაობაში ქუჩაზე ველოსიპედით გადასვლა უნდა? როგორ უნდა მივცეთ შენიშვნა, რომ არ ეწყინოს? როგორ დავარეგულიროთ ურთიერთობა მამებსა და შვილებს შორის? როგორ უნდა გავხადოთ ბავშვი დამოუკიდებელი? როგორ გავიგოთ, რა უნდა ბავშვს? როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი ძალიან ჯიუტობს? როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების გამოხატვა? - ამ და სხვა ძალიან საინტერესო შეკითხვებზე სემინარის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს. ჩვენ კი გთავაზობთ პაატა ამონაშვილის იმ მთავარ, "ოქროს" ფორმულებს, რომლებიც დაგეხმარებიან ბავშვებთან სწორ კომუნიკაციაში.
ყოველთვის შევძვრეთ ბავშვის ტყავში და მივხვდებით, რას გრძნობენ ისინი. ყველა ბავშვს აქვს სწრაფვა დიდობისკენ, თავისუფლებისკენ და განვითარებისკენ. ისინი ეძებენ პრობლემებს და სიძნელეებს, ისწრაფვიან თავისუფლებისკენ, განვითარების მარცვალი არის თითოეულ ბავშვში, მნიშვნელოვანია როგორი ნიადაგი, როგორი ოჯახური გარემო დახვდება მას. შევამციროთ აკრძალვები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აკრძალვას შედეგი არ მოაქვს. ბავშვებს სჭირდებათ დიდები, რომლებიც მათ წაახალისებენ და მისცემენ სტიმულს, იმის ნაცვლად, რომ მუდმივად აკრიტიკონ და მიუთითონ. მივცეთ არჩევანის უფლება, ამით დავანახვებთ, რომ დიდები არიან და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ. მივცეთ საშუალება, ჩვენთან ერთად გადაჭრან პრობლემა. პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, ვაგრძნობინოთ რომ იმაზე დიდები არიან, ვიდრე სინამდვილეში. ვემეგობროთ ბავშვებს. ვაღიაროთ ისინი პირობების გარეშე. საშინაო დავალება მოტივაციის გარეშე არის ბომბი, რომელსაც მასწავლებელი სახლში ატანს ბავშვს. ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია, ისევე როგორც დიდებს. ნებისმიერ ურთიერთობაში იყავით ბავშვის მხარეზე. ისწავლეთ ბავშვის მოსმენა, გულისხმიერად, ინტერესით, თვალით თვალში კონტაქტით, თანაგრძნობით, დავუდასტუროთ, რომ გვესმის მისი. კონფლიქტი წარმოიშვება იქ, სადაც ვერ ვიგებთ, რა უნდა ბავშვს. მთავარი შეცდომები ურთიერთობაში - ბრძანება (მითითება), კრიტიკა, დადანაშაულება, ჭკუის სწავლება, გათავებელი ლექციები, რჩევები მზა გადაწყვეტილებებით, დაცვინვა, დაკითხვა... არასდროს მოექცეთ ბავშვს ისე, როგორც არ გინდათ, რომ ვინმე თქვენ მოგექცეთ.
სალომე გორგოშიძე