მშობლების უმრავლესობა ადრე თუ გვიან ეჯახება საყვარელი ბავშვისგან ტყულებს. ოჯახური ფსიქოლოგი გვიყვება სწორად როგორ მოვახდინოთ რეაგირება ტყუილზე.
3-5 წელი: ფანტაზიორი
ამ ასაკის ძირითადი ამოცანაა სამყაროს შეცნობა თამაშით. ეს არის არაჩვეულებრივი ასაკი, როდესაც ბავშვს თავისი თავი ყოვლისშემძლე და სამყაროს ცენტრი ჰგონია, მშობლები და ბებია-ბაბუა კი - ორბიტაზე მოძრავები. ამ პერიოდის ყველაზე გავრცელებული ტყუილის სახეობა ფანტაზიას უკავშირდება. ბავშვი ჯერ ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან რეალურსა და მოგონილს და გულწრფელად სჯერა, რომ ნახა მოცურავე მატარებელი ან ვარდისფერი ძაღლი.
რა მოვიმოქმედოთ?
არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულოთ ბავშვი ტყუილში. არ განავრცოთ მასთან ერთად მისი ფანტაზიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოუყალიბდება მაგიური შეხედულებები (როდესაც ადამიანი ხედავს იმას, რაც არ არსებობს სინამდვილეში).
7-10 წელი: დასჯის შიშით ნათქვამი ტყუილი
ეს არის სტაბილური პერიოდი ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც ფსიქიკური ენერგია მიმართულია სამყაროს შეცნობისკენ. ამ ასაკის ძირითადი ამოცანაა ცოდნის მიღება. ამ ასაკის ბავშვები ძირითადად იტყუებიან დასჯის შიშით ან იმისთვის, რომ მშობლების მხრიდან იმედგაცრუება არ დაიმსახურონ.
რა მოვიმოქმედოთ?
თუ ბავშვი შიშის გამო იტყუება, საჭიროა გადახედოთ თქვენი აღზრდის მეთოდებს და ტაქტიკას. ფიზიკური დასჯის მეთოდები უნდა გამოირიცხოს. ეს ძალიან დამამცირებელია ბავშვისთვის, ცუდად მოქმედებს მის თვითშეფასებაზე და უყალიბებს მსხვერპლის ფსიქოლოგიას.
ერთადერთი მიღებული მეთოდი ინტერნეტისა და ჯიბის ფულის შეწყვეტაა, მაგრამ არა გლობალურად, არამედ ერთი ან სამი დღით.
თუ ბავშვი იტყუება იმის გამო, რომ არ სურს მშობლებს გაუცრუოს იმედები, მაშინ გულწრფელად უპასუხეთ კითხვას: რაში გჭირდებათ მისი მიღწევები? თუ თქვენი შვილი არ იქნება წარმატებული, მაშინ როგორი დამოკიდებულება გექნებათ მის მიმართ?
10-13 წელი: ტყუილი - ყურადღების მიქცევის მიზნით
აქტიური ზრდის დრო, როდესაც ბავშვი იცვლება როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანადაც. ამ ასაკის ძირითადი ამოცანაა იმ ქმედებების მოძებნა, რომელიც საინტერესო იქნება ბავშვისთვის: შეიძლება ინტერესების მკვეთრი ცვლილებები მოხდეს: ცურვიდან და მსუბუქი ტანვარჯიშიდან ქსოვაზე, მაკრამესა თუ ხეზე ამოწვის სწავლებაზე გადასვლა. ამ ასაკისთვის დამახასიათებელი ტყუილის მიზეზი - ყურადღების მიქცევის მცდელობაა.
რა მოვიმოქმედოთ?
თქვენ გგონიათ, რომ ბავშვი უკვე ძალიან დიდია, მაგრამ ამ ასაკში მას ძალიან სჭირდება მშობლები და თუ თქვენი გოგონა გეუბნებათ, რომ ძალიან სტკივა მუცელი, ეს იმისთვის კი არ სჭირდება, რომ სკოლაში არ წავიდეს არამედ, იმისთვის, რომ მუდმივად დაკავებულმა დედიკომ მიაქციოს ყურადღება.
14-17 წელი: ტყუილი იმისთვის, რომ მშობლებს განერიდოს
ეს არის ჰორმონების ბობოქრობის ასაკი. ბავშვი თითქოს უკვე დიდი გეჩვენებათ, მაგრამ ძლიერი ემოციები მის ჯერ კიდევ სუსტ ფსიქიკას აზიანებს.
ეს არის თანატოლებთან ურთიერთობის, საპირისპირო სქესისადმი ინეტესის გაღვიძების და მშობლებისგან განცალკევების ასაკი. სკოლაში შეფასებები დაბალა იწევს, ფიზიკური ცვლილებები სახეზეა. ვიღაც საერთოდ აღარ იბანს, ვიღაც კი პირიქით, სულ სარკესთან ტრიალებს და მუდმივად წუხს ყოველი სახეზე გამოსული მუწუკისთვის. ამ პერიოდის ტყუილი აიხსნება საკუთარი თავის კომფორტის შექმნისთვის ან მშობლებისგან თავის გარიდების სურვილით.
რა მოვიმოქმედოთ?
როდესაც საუბარია საკუთარი თავის კომფორტზე - ზოგჯერ ზრდასრული ადამიანიც მოიტყუება. ასეთ ტყუილს გაგებით მოეკიდეთ. მაგალითად: დედამ მისცა შვილს ფული რეპეტიტორისთვის. ის კი არ წავიდა გაკვეთილზე და ის ფული კაფეში დახარჯა. დედა ეკითხება, თუ როგორ ჩაიარა გაკვეთილმა. ის კი პასუხობს - კარგად. ეს ტყუილი სარგებელის მიზნითაა ნათქვამი.
თუ ბავშვი იტყუება იმისთვის, რომ მშობელი არ შეუშვას თავის სამყაროში, აქ მხოლოდ ერთი გამოსავალია -დაანებოთ თავი, არ აკონტროლოთ (ყოველ შემთხვევაში, ასე მოაჩვენეთ თავი) და არ გამოიჩინოთ ჰიპერ მზრუნველობა.
ამ მომენტისთვის მთავარია - არ დაკარგოს ბავშვმა თქვენი ნდობა.
ესაუბრეთ იმაზე, რომ მას აქვს შეცდომების დაშვების უფლება, რომ თუ მისი სურვილი იქნება, თქვენ მზად ხართ ნებისმიერ სიტუაციაში გვერდით დაუდგეთ.
ნებისმიერ ასაკში მშობლის მთავარი ამოცანაა გაიგოს და შეიცნოს მიზეზი, თუ რატომ იტყუება ბავშვი. მაშინ გაჩნდება შანსი სიტუაციის გამოსწორებისა. ნუ შეეცდებით ბავშვის ტყუილში ზე-სიუჟეტები გამოიგონოთ მაგალითად: “ამას ჩემს ჯიბრზე აკეთებს“ ან „ ბებიამისის ინფარქტამდე მიყვანა უნდა“ და ა. შ. ბავშვები თავისი ბუნებით სუფთები არიან. მათ სიამოვნებას არ ანიჭებს ტყუილის თქმა.