მომავალში თავად ძალადობს ყველა ქალზე, ვის გვერდით ცხოვრებასაც ბედი არგუნებს ”სხვას რას ვერჩი, ჩემი გაფუჭებული ხარ,” - ეს და მსგავსი პათოსით ამოთქმული ფრაზები დედებისგან არცთუ იშვიათად ისმის. როგორ წესი, მაშინ, როცა საკუთარი შვილების ცუდ ჩვევებს მტკივნეულად ეჯახებიან. ზრდასრულ შვილებთან შექმნილი პრობლემების გამოსწორება ხშირად შეუძლებელი ხდება. მაინც როგორ ”ვაფუჭებთ” დედები შვილებს. როგორ ვახერხებთ, რომ უკვე ზრდასრულ მამაკაცს ეზარება ხელების დასვრა, ეშინია ბრძოლისა და სიძნელეების.
”სიხარულო, მაგას ხელი არ ახლო, ჭუჭყიანია... მანდ ნუ მიძვრები, არ ჩამოვარდე... იქ ფეხი არ დაგიცურდეს, იმას არ ეთამაშო, მოჩხუბარია...” - ეს სიტყვები ყოველდღე გვესმის. როცა ”სიხარული” 2 წლისაა, ეს ყველაფერი მისაღებია, მაგრამ 5 წლის ასაკისთვის ”სიხარულმა” დროა, რომ რაღაც სიძნელეები დაძლიოს.
ნუ ეჩხუბებით ბიჭუნას მხოლოდ იმიტომ, რომ ტანსაცმელი დაისვარა. მიზნის მიღწევა მამაკაცური ბუნებაა. თუ მიზნისკენ მიმავალი ბიჭი ახალგარეცხილი ჯინსების გაფრთხილებაზე ფიქრობს, საეჭვოა, ამ მიზნამდე მივიდეს. სულაც ნუ იყიდით ძვირფას ტანსაცმელს, მას არაფერში სჭირდება. ეს მშობელს სჭირდება, რაც სინამდვილეში ასუსტებს მისი ვაჟის ბუნებას.
შეუქმენით ბიჭებს სიძნელე (რა თქმა უნდა, კონტროლირებადი) და უკეთესია, თუ ამ სიძნელის გადალახვისკენ მამა უბიძგებს. ისწავლოს შიშის დაძლევა, გოგონების დაცვა, დედისა და პატარების გაფრთხილება. ისწავლოს მოგება ისე, რომ ჩხუბი ნაკლებად დასჭირდეს.
უჩვენეთ მაგალითი. ბიჭს გვერდით ღირსეული და ძლიერი მასწავლებლები უნდა ჰყავდეს. ნუ დაიშურებთ მათ მოსაძებნად დროს და ეს დაგიფასდებათ. არასოდეს მისცეთ გოგონებთან ჩხუბის ნება.
ბიჭი დედამ არ უნდა დასაჯოს, ჯობია ეს მამამ გააკეთოს (ან ბაბუამ, ბიძამ, მწვრთნელმა). როცა მამაკაცზე (ბიჭზე) ქალი ძალადობს, შეწინააღმდეგების დაუოკებელი და უკონტროლო მოთხოვნილება უჩნდება. სიბრაზისგან ნამდვილ მხეცს ემსგავსება და მომავალში თავად ძალადობს ყველა ქალზე, ვის გვერდით ცხოვრებასაც ბედი არგუნებს.
გახსოვდეთ, რომ გარკვეულ ასაკში ბიჭის აღმზრდელის როლი მამაკაცმა უნდა იტვირთოს. იდეალურ შემთხვევაში - მამამ. თუ რაღაც მიზეზის გამო ეს შეუძლებელია, იგივე მისია ჯობს სხვამ შეასრულოს, ვიდრე ისევ დედამ.