რა უშლის ბავშვს სწავლაში ხელს - თამარ გაგოშიძე მშობლებისთვის აქტუალურ პრობლემაზე
ცნობილმა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აზროვნების აკადემიაში გამართული ლექცია საკმაოდ აქტუალურ პრობლემას მიუძღვნა -ემოციური ინტელექტის განვითარებას ბავშვებში, როცა ნორმალური ინტელექტისა და გონებრივი შესაძლებლობის ბავშვები ვერ აღწევენ წარმატებას სწავლაში, ან პირიქით, სწავლობენ, მაგრამ მაგრამ მოგვიანებით უჭირთ ცხოვრების, კარიერისა და ურთიერთობების აწყობა.

თამარ გაგოშიძე

"ბოლო 5-6 წელია ჩემთან ხვდებიან სასკოლო ასაკის ბავშვები, რომლებსაც მასწავლებლები და მშობლები უჩივიან, რომ აქვთ განვითარების შეფერხება, ვერ ძლევენ პროგრამას, არ შეუძლიათ სასწავლო მასალის ათვისება. ძალიან ხშირად ამ ბაშვებს
ინტელექტიც მაღალი აქვთ და დასწავლის უნარის დაქვეითებაც არ აღენიშნებათ. აბა, რა იწვევს პრობლემას? - ეს გახლავთ ემოციური რეგულაციის პრობლემა. ესენი არიან ბავშვები, რომლებსაც ეშინიათ შეცდომის დაშვების, ვერ უმკლავდებიან იმედგაცრუებას, არ იციან დაბრკოლების გადალახვა, ეშინიათ სირთულეების. ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ დაბალი თვითშეფასება, ისინი ფიქრობენ, რომ ვერ გაამართლეს მშობლისა და მასწავლებლის იმედები, უქვეითდებათ სწავლის მოტივაცია და უქრებათ ინტერესი. ასეთი მდგომარეობა ბავშვებში ყველაზე მეტად მუშა მეხსიერებას აზარალებს, რაც სწორედ სასწავლო პროგრამის ათვისებისთვის არის საჭირო, შესაბამისად, აქედან მომდინარეობს პრობლემებიც.
ემოციური რეგულაციის პრობლემა ვლინდება აგრესიაშიც სხვა ბავშვების მიმართ, ამის გამოხატულებაა დაუმორჩილებობა კლასში, უყურადღებობა, ემოციური შეტევები. როცა შეფასებას დავიწყებთ, მერე აღმოჩნდება, რომ ამ ბავშვს აქვს შფოთვა, შიშები და მისი სწავლის
პრობლემებთან არაფერ შუაში არ არის კოგნიცია, მშვენიერი უნარები აქვს. ვერ უმკლავდება სიბრაზეს იმიტომ, რომ წააგო, იმიტომ, რომ პირველი არ არის, ვერ მოახერხა თავისი იმედგაცრუების დაძლევა. მე არ დამავიწყდება ერთი ბიჭუნა, რომელმაც კლასში გადაატრიალა მერხები მარტო იმიტომ, რომ სასკოლო ავტობუსზე დააგვიანდა, ვერ გათვალა დრო, ვერ მიასწრო ავტობუსს, რომელსაც სკოლიდან სახლში უნდა წაეყვანა. დაბრუნდა კლასში და ისეთი ამბავი მოაწყო, მასწავლებლები ცალკე მშობლებს ურეკავდნენ, ცალკე მე. ძალიან გაბრაზებული იყო. ვისზე- არავინ არ იცის. მან ვერ მოახერხა მისაღები გზით, თავისი ემოციის გამოხატვა. უნდა გამოეხატა, ცხადია, მაგრამ ამის რეგულაცია ვერ მოახერხა. ბავშვი შვიდი წლის იყო.
ბავშვებს ჩვენ არ ვსწავლით, როგორ გამოხატონ სიბრაზე და უკმაყოფილება. 6 წლის ასაკში სკოლაში მიდის ბავშვი, რომლისთვისაც არ გვისწავლებია ემოციის გამოხატვას სწორი გზით, არ იცის, როგორ ითხოვოს დახმარება იმიტომ, რომ ეს სირცხვილია, რომლისთვისაც არ შეიძლება შეცდომის დაშვება იმიტომ, რომ ესეც სირცხვილია, აუცილებლად აქვს მიღწევის მოთხოვნილება, რომ იყოს საუკეთესო და იყოს პირველი, ყველამ შეაქოს - ეს პერიოდი არის ძალიან მოწყვლადი. ძალიან ბევრი ბავშვი ჩამორჩება სკოლაში სწორედ იმიტომ, რომ ვერ ახერხებს დაბრკოლების გადალახვას. ძალიან ხშირად მშობლებიც ვერ იგებენ, რატომაა ესეთ მდგომარეობაში, ვერც მასწავლებლები იგებენ. ჩვენ ხომ ემოციური რეგულაციისთვის არაფერს ვუკეთებთ შვილებს. ამაზე არ ვესაუბრებით. ბავშვებთან, ძირითადად, საუბარია სწავლაზე. გვაინტერესებს შემეცნებით აქტივობები - როგორ ისწავლა ინგლისური, რუსული და მათემატიკა. ესეც მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ამ ასაკში, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ განვითარდეს და ჩამოყალიბდეს პიროვნება. საბოლოო ჯამში, ხომ ჩვენი შვილები პიროვნებებად უნდა ჩამოყალიბდნენ.

მერე იწყება გარდატეხის ასაკის "უბედურება", როცა ორივე მხრიდან უტევთ ყველაფერი. გარდატეხის ასაკის ბავშვები მზად არიან დაჯგუფებები შექმნან და იყვნენ აღიარებულები იმ ჯგუფში, თუ სხვაგან არ იქნებიან აღიარებულნი. ესეც ემოციური განვითარების ნაწილია. ჩვენს მოგვწონს და ვართ იქ, სადაც მიგვიღებენ, სადაც გვაღიარებენ, ჩვენს ემოციურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებენ. ზუსტად გარდატეხის ასაკში ეს ინიციატვა ძალიან ძლიერია და აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსების მხრიდან ყურადღების მიქცევა. ზუსტად გარდატეხის ასაკში უნდა ისწავლოს მან თავისი ემოციების სწორად გამოხატვა. შეიძლება ეს იყოს ცოტა უფრო ხმამაღალი ყვირილი, შეიძლება იყოს არსასიამოვნო საუბარიც, მაგრამ ის უფროსთან ერთად ეჩვევა ამ ტიპის დიალოგებს. ეს დიალოგები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რეგულაცია ისწავლოს მანაც და ჩვენც.
საბავშვო ბაღიდან რომ მოჰყავთ მშობლებს ბავშვები, რას ეკითხებიან "რა ჭამე, ,,რა გასწავლეს", ,,ხომ არ დაისვარე". იმას კი არ ეკითხებიან, რა გეწყინა, ან რა გაგიხარდა. ეს სფერო რაღაცნაირად არის გამოტოვებული. ეს ალბათ ჩვენი აღზრდის ბრალია. შეიძლება წინათაც ასე იყო, მაგრამ მაშინ, ცოცხალი ურთირთობების გვერდით, ასე არ ჩანდა. დღეს კი, როცა ყველა ინტერნეტშია შემძვრალი, კომუნიკაცია ნაკლებია, ეს ჩვევებიც "მობლაგვდა". ცოცხალ ურთიერთობასაც თავისი ვარჯიში სჭირდება, იმიტომ, რომ ესეც ენერგიის გაცვლაა. უკვე თავიც აღარ გაქვს ამის. მთელი დღე შემძვრალი ხარ ინტერნეტში, თავს მოაწონებ ვიღაცას, ხან იმას გალანძღავ, ახან ამას და იცლები ამ გზით ემოციებისგან. ბავშვებიც ზუსტად ამ გზას ადგანან. სწორედ დღეს არის აქტუალური, რომ ჩვენ ემოციების აღზრდა ვისწავლოთ. ეს აუცილებელია ინტელექტის სასარგებლოდ გამოყენებისთვის. რამდენი ადამიანი ვიცით ჩვენ, რომ ძალიან კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს და ვერ იყენებს ამას. დიდხანს ვფიქრობდი, რატომ. იმიტომ, რომ ვერ ახერხებს ემოციურ რეგულაციას, სხვა ადამიანის ემოციის გაგებას, სიტუაციის გაგებას და ემპათიის გაგებას. ჩვენ რატომ ვართ ახლა ასეთ მდგომარეობში? უსიხარულო, სულ გაკიცხვისა და დაპირისპირების და ნეგატიური ემოციებში. პოზიტიურ ემოციებს აღზრდა სჭირდება. ამისთვის მაგალითი უნდა გქონდეს შენი მშობლებისგან, მეზობლებისგან, მათ როგორ უხარიათ. ახლა მეტყვით, როცა ფული არ გაქვს, როცა საჭმელი არ გაქვს, როგორ შეიძლება ცხოვრება გიხაროდესო. ფარდობითია ყველაფერი. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ამ პირობებში უხარიათ ცხოვრება და ისეთებსაც ვიცნობ, რომლებსაც ძალიან ბევრი შემოსავლის პირობებში ცხოვრება არ უხარიათ. მოზრდილი ადამიანი უკვე იზოლაციისაკენ მიდის, მან უკვე თავისი უნარები უნდა გამოავლინოს, თავისი კონკრეტული გზა აირჩიოს, პერსონალური სივრცე კარგად შექმნას და თუ ემოციის რეგულაციის მემკვიდრეობა არა აქვს, ძალიან გაუჭირდება. კარიერის შექმნას ინტერპერსონალური ურთიერთობები სჭირდება, ემოციის რეგულაცია, სხვა ადამიანის გაგება. პარტნიორს, შეყვარებულს ასევე სჭირდება შესაბამისი შენი ენერგიის დახარჯვა და ეს თუ არ გაქვს ამ პერიოდისთვის მარაგად მომზადებული, ძალიან სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ ცხოვრებაში. ეს მარაგი, რესურსი თუ არ გაგაჩნია, რა შესაძლებლობებიც გაქვს, იმასაც ვერ იყენებ".

alt"კარგად სწავლა ბავშვს ცხოვრებაში არაფერს მოუტანს, თუ არ ითამაშა და სოციალური უნარები არ განივითარა" - ზედმეტად დაკავებული ბავშვების პრობლემა


alt"ბავშვის განვითარება არ გახლავთ დასწავლა, უნარ-ჩვევების შეძენა ან შემეცნება" - ცნობილი ფსიქოლოგის ძალიან საინტერესო შეხედულებები აღზრდაზე



11921
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
ძალიან სასარგებლო რჩევებია. ბვწუხვარ, რომ ადრე არ იყო ამდენი ინფორმაცია ბავშვთა ფსიქოლოგიაში. შვილიშვილების ემოციების მართვასა და სწორად აღზრდაში დამეხმარება.
09:06 / 02-06-2019
მარი
0
ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციაა, აუცილებლად გავითვალისწინებ სამომავლოდ ჩემი შვილისთვის. მართლა მარტო სწავლა არ უნდა მოვთხოვოთ შვილებს. აუცილებლად უნდა იყო ორმხრივი დიალოგი.
15:41 / 06-03-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```