ბავშვები ხშირად განიხილავენ ოჯახში მომხდარ ამბებს მეზობლებთან ან თანატოლებთან. ხშირად ბავშვის ამ გაუაზრებელი თუ გააზრებული ქმედების გამო უფროსებს უჩხუბიათ კიდეც - რძალ-დედამთილს, მეზობლებს და ა.შ. რატომ უჩნდებათ მათ ეს მოთხოვნილება, რომელიც ხშირად სერიოზულ სანერვიულოდ ექცევათ ხოლმე მშობლებს? თემაზე ფსიქოლოგ ლელა სტურუას ვესაუბრეთ.
- როდესაც ოჯახური საქმეები გააქვს ბავშვს გარეთ, მნიშვნელოვანია ასაკი გავითვალისწინოთ. 3 წლამდე ასაკის ბავშვს არ შეუძლია პროგნოზირება, რას სად იტყვის. გამომდინარე აქედან, არ შეუძლია განსაზღვროს რა მოჰყვება მის სიტყვებს. რატომ არის ეს არასწორი ან სწორი. 3 წლამდე ასაკის ბავშვს ამის გააზრება არ შეუძლია. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მშობელმა. მან უნდა გაიაზროს, რა ინფორმაციას აჰკიდებს ტვირთად, თუ შეიძლება ასე ითქვას, 3 წლის ბავშვს იმისთვის, რომ ეს ატაროს. მით უმეტეს, თუ რაღაც სერიოზული ხდება, ბავშვს არ შეუძლია არც ამის გაგება, არც ამის ზიდვა. ეს ემოცია კი იწვევს იმას, რომ მას უჩნდება დაუცველობის შეგრძნება, საფრთხის განცდა. რადგანაც ოჯახიდან ვერ იღებს ამ უსაფრთხოების განცდას, მერე სოციუმის დანარჩენი სეგმენტებიდან შეეცდება ამ უსაფრთხოების განმტკიცებას. მოყვება, რომ ვიღაცამ უთხრას "ყველაფერი კარგად არის". ამიტომ ამ ასაკის ბავშვებისთვის მშობელი უნდა დაფიქრდეს, რა ინფორმაციას აწვდის ბავშვს. და არ შეიძლება ამ დროს აკრძალვა ან ჩხუბი, რომ არ მოყვეს ესა თუ ის რაღაც გარეთ, სხვასთან. შეიძლება მომავალში ეს საფუძვლად დაედოს, რომ ბავშვმა სიმართლე არ უნდა თქვას. ჩვენ არ ვიცით როგორ გადაამუშავებს ამას მისი ფსიქიკა. გამომდინარე აქედან, ასეთი პასუხისმგებლობის დაკისრება ბავშვებისთვის, არაგონივრულია მშობლების მხრიდან.
- აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რა მოტივი აქვს ბავშვს. ყოველთვის უნდა გავარკვიოთ მოტივი. თუ კი ბავშვი იზრდება ოჯახური სკანდალებისა და გარჩევების ფონზე, მას ეს 3 წლის ასაკში აღმოცენებული შფოთი უგრძელდება 5 წლის ასაკშიც და ელოდება სიტუაციის განმარტებას სხვა ადამიანებისგან იმიტომ, რომ ოჯახში არ აქვს საკმარისი ემოციური კონტაქტი. ამიტომ, ყოველთვის მშობელმა უნდა დაუსვას თავის თავს შეკითხვა, როდესაც ჩემი შვილი ამას არჩევს მეზობელთან, რას იღებს ის ემოციურ დონეზე. კონტაქტს იღებს ხომ, პირველ რიგში? ანუ, იმას რაც მას სახლში დააკლდა, აუცილებლად იღებს სხვა ადგილიდან.
- რა თქმა უნდა. რადგანაც ეუბნებიან, რომ არ თქვა, ეს მისთვის უფრო მიმზიდველია. თუ ბავშვს ამავე დროს აქვს მოთხოვნილება, რომ თავად იყოს ვინმესთვის საინტერესო და ყურადღების ცენტრში, ამ შემთხვევაში ბავშვი შინაგანად იცით რას აკეთებს? "აი შემომხედეთ, რა საინტერესოდ ვსაუბრობ, ნახეთ რა მაგარ რაღაცებს ვყვები", ამიტომ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია მოტივი. ხანდახან ამას ემოციური კომუნიკაციის ნაკლებობის გამო აკეთებს, ხანდახან ეს არის ყურადღების მიპყრობის საშუალება, ხანდახან ეს არის მანიპულაცია. ძალიან ხშირია, მე მქონია პრაქტიკაში, როდესაც დედა ეუბნება ბავშვს, რომ "ბებიასთან არ თქვა...", ბავშვი ეუბნება, "მე ვეტყვი ბებიას, რომ გუშინ სადილი არ გამიკეთე, ან კატლეტი არ შემიწვი..." ამ შემთხვევაში, ბავშვი, როგორც მნიპულატორი, ისე გვევლინება. მიზანი არის მანიპულაცია და მართვა სიტუაციის. ეს უკვე ცუდია. გავიგოთ მოტივი, რომ შემდეგ მიდგომა იყოს სწორი. კი არ უნდა დასცინონ ან წაახალისონ მშობლებმა ან ბებიამ ეს, მსუბუქ იუმორში უნდა გაუტარონ, რომ შემდეგ არ გამოიწვიოს უკურეაქცია.
- კომუნიკაცია უნდ იყოს ემოციური ცხოვრების ნაწილი. ძალიან ხშირად მშობლები გასულები არიან, მუშაობენ. მოვლენ სახლში და კითხვა არის ასეთი: "სკოლაში რა ხდებოდა?", "ჭამე?", "დაიბანე?", "იმეცადინე?" - მაშინ დაწექი". ეს უკვე არის პრობლემა. იმიტომ, რომ მარტო ჭამა, მეცადინეობა და ძილი არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კი არ ვაკნინებ როლს, მაგრამ საკმარისი არ არის. შვილთან ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური კავშირი. რას გრძნობს, რას ფიქრობს და რას განიცდის. ამით უნდა დაინტერესდეს პირველ რიგში მშობელი. ძალინ ხშირად ენის მიტანა ახასიათებთ ლიდერ ბავშვებს, რომლებიც მომავალში ლიდერები ხდებიან. გარდა ამისა, თუ მაგალითად ბავშვი მივიდა ბაღში და ამბობს, "გუშინ დედამ და მამამ იჩხუბეს, მამამ ცუდი სიტყვა თქვა, დედამ უყვირა"- ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა ის უფროსი ადამიანი, ვისთანაც ეს ამბავი მიდის. მან უნდა გადაატანინოს ყურადღება, რადგან ბავშვის ყურადღება გამახვილებულია ნეგატივზე. ამ დროს, შეიძლება მასწავლებელმა, ან იმ ადამიანმა, ვისთანაც ბავშვი ამბობს ამ ყველაფერს, მას უთხრას "3 დღის წინ დედა და მამა ვნახე ხელჩაკიდებულები, კარგად ატარებთ დროს, ხანდახან სეირნობთ" - ანუ გადაატანინოს ყურადღება დადებით ელემენტებზე და მერე მოუბრუნდეს და უთხრას, რომ ხანდახან შეიძლება ყველა ადამიანმა იკამათოს.
ხანდახან ბავშვი თანატოლებში ყვება, როდესაც მიაჩნია, რომ უმიზეზოდ დასაჯეს. ხანდახან ასეთ შემთხვევებში სხვა თანატოლების ამბები მიაქვს მშობლებთან - როგორც კი დაინახავს, რომ სხვა ბავშვმა იგივე გააკეთა, რისთვისაც მას საყვედურობენ ხოლმე ოჯახში, გაიქცევა უფროსთან და აუცილებლად იტყვის, რომ ეს მაგალითად, გააკეთა ნინიმ. ამ შემთხვევაში, ბავშვს აწეული აქვს შფოთვა, აკლია კომუნიკაცია და ეძებს სხვადასხვა გზას. თუ ასეთი ბავშვის დასჯას დავიწყებთ, შესაძლოა მერე მთელი ცხოვრება გაუჭირდეს საკუთარი აზრის დაფიქირება, ემოციის გამოხატვა და ასე შემდეგ. და საერთოდ აღარ მოყვეს, რა ხდება მის თავს, ჩაიკეტოს საკუთარ თავში.თამარ იაკობაშვილი