- ბოლო დროს ყველა საინფორმაციო წყაროდან გვესმის, რომ საქართველოში ძალადობის მაჩვენებელი მაღალია. ხშირად ვუსვამთ ხოლმე ხაზს ძალადობის ფაქტებს სკოლებში, ბაღებში, საინფორმაციო გამოშვებებიც ხშირად ძალადობის ფაქტების გაშუქებით იწყება.
ადამიანი დაბადებიდან მოძალადედ ვერ ჩამოყალიბდება. აგრესიული ქცევა დაისწავლება სოციალურ გარემოში. ყველაზე ყურადსაღებია აგრესიული ქცევა. ბავშვები სწავლობენ ქცევით და გადააქვთ უფროსების ქცევის მაგალითები. ამიტომ გვეყოლება თუ არა მოძალადე და კრიმინალი საზოგადოებაში, დამოკიდებულია ბავშვის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. განსაკუთრებით აქტუალურია ჩემთვის ბავშვთა თემა. პირველი სოციუმი, რომელსაც ბავშვი ეხება, არის ოჯახი. ძალადობის მრავალი ფორმა არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ზოგჯერ ძალადობას არ ვაღიარებთ და რატომღაც ვიყენებთ აღზრდის ისეთ მეთოდებს, რომლებიც რეალურად ძალადობაა.
"მამაჩემი ბედნიერი იქნება, თუ მჩაგვრელს ვცემ"- მშობლები მოზარდების ძალადობას ამართლებენ
ასე შეიძლება იქცეოდეს მშობელიც და ბავშვის მოვლაში ჩართული სხვა უფროსებიც - ძიძები, ბაღის აღმზრდელები და ასე შემდეგ, რომლებიც ბუნებრივად აკეთებენ იგივეს. ანუ, ბავშვის მოთხოვნილებებს არ აქცევენ ყურადღებას. მაგალითად, ბაღში არ უშვებენ სამი წლის ბავშვს საჭირო ოთახში მარტო იმიტომ, რომ ყველა ერთად უნდა გაიყვანონ. ეს არის აბსურდი. ესეთი ფაქტები ჩემს პერიოდში ხშირი იყო. პირდაპირ ვიტყვი, რომ მე ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლი. ეს ჩვეული პრაქტიკა იყო საბჭოთა კავშირში, რომ ჯგუფურად უნდა წავეყვანეთ საჭირო ოთახში. წყნარად უნდა ვმსხდარიყავით, ხელები უკან უნდა წაგვეღო.
მეორე გახლავთ ემოციური ძალადობა, რომელიც რატომღაც თვალში არ გვხვდება და ძალიან მიკვირს, რატომ არ გვხვდება. ახლა უკვე თამამად ვიტყვი, რომ ეს ყოველდრიურად ხდება ჩვენს ოჯახებში, ბაღებში, სკოლებში და ზოგჯერ უმაღლეს სასწავლებელში. ბაღებში და სკოლებში უფრო მეტად მასწავლებლები ძალადობენ ბავშვებზე, როცა ბავშვები გაიზრდებიან, მოზრდილი ბავშვები იწყებენ პედაგოგებზე ძალადობას. რატომ?. ჩვენ ის გავზარდეთ მოძალადედ. ჩვენ ვაჩვენეთ როგორ უნდა ეთქვა: "აბრძანდი ახლავე და მიპასუხე, გამოშტერებული თვალებით რომ მიყურებ." ეს გახლავთ ძალადობა, რომელიც ბავშვის თვითშეფასებაზე, ემოციაზე და შეგრძნებებზე ახდენს გავლენას და მას უჩნდება განცდა, რომ ან უვარგისია ან ბრაზდება ამ პედაგოგზე და ვერ გამოხატავს ამ სიბრაზეს. იმიტომ, რომ ფიქრობს, უარესი დაემართება ან იმ მომენტში სოციალურად არაკომფორტულად გრძნობს თავს და ამას იგროვებს. თუ უფროსთან ამას ვერ გამოხატავს , ცხადია დასვენებაზე ამ აგრესიას გამოხატავს სხვებზე. თავის თანაკლასელს ან ყელში წაუჭერს, ან დაარტყამს, ან თმას მოქაჩავს და მიეწებება იარლიყი, რომ ის არის უზრდელი. არავინ დაფიქრდება, რატომ იქცევა ეს ბავში ასე. სკოლაში არსებული უფროსები, უნდა დაფიქრდნენ ამაზე.
სკოლაში ან ბაღში იმიტომ არ დაგვყავს ჩვენი შვილები, რომ იქ მხოლოდ წერა-კითხვა ისწავლონ ან მსოფლიოს ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიიღონ, არამედ დამყავს იმიტომ, რომ ისწავლოს ადამიანებთან ადეკვატური ურთიერთობა, ისწავლოს კომუნიკაცია თანატოლებთან, ისწავლოს ის ძირითადი ღირებულებები, რაც ცხოვრებაში ამყოფებს კარგად და ამაზე აქცენტების გაკეთება მხოლოდ აკადემიური სწავლებით არ ხდება.
მშობლებსაც გვავიწყდება, რომ არ შეიძლება პატივისცემის გარეშე მივმართოთ თუნდაც 3 ან 4 წლის ბავშვს. არ შეიძლება, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, როგორ ვერ ვმართავთ საკუთარ ემოციებს და როგორ ვღრიალებთ გაბრაზებულები, ან როგორ ვისვრით ნივთებს ბრაზისგან. არ შეიძლება მისი შეკითხვის იგნორირება. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, გახლავთ ძალადობის ნიმუშები. ადამიანები და განსაკუთრებით პატარები სწავლობენ მზერით. თუ ისინი დაისწავლიან, როგორია ემოციური ძალადობა, როგორია უგულებელყოფა, როგორია ფიზიკური ძალადობა, ისინი ამას გამოავლენენ აუცილებლად დასთან, ძმასთან, თანატოლთან, მეზობელთან და თუ ამაზე არავინ დაელაპარაკა, თუ არ უთხრეს, რომ ეს არ შეიძლება, მაშინ 25-28 წლის ასაკში მას შეიძლება ჰქონდეს ჩამოყალიბებული ძალადობრივი ქცევა ანუ მოძალადე იქნება.
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი გახდა და როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში
ძალადობაგადატნილი ბავშვები არიან ან ზედმეტად ჩუმები, გულჩათხრობილები, იზოლირებულები, შეიძლება დაერღვეთ ჭამის რუტინა, ძილის რეჟიმი და ასე შემდეგ. პირიქითაც, შეიძლება იყვნენ აგზნებულები, თვითონაც აგრესიულები და მოძალადეები და მათაც შეიძლება რუტინები დაერღვეთ. ამაზე აქცენტი უნდა გააკეთონ მშობლებმა, პედგოგებმა. მშობელი რომ დაფიქრდეს, რატომ შეიცვალა მისი შვილის რეაქციები, ეს შეიძლება იყოს მიმანიშნებელი. ან რატომ გადაწყვიტა ბავშვმა, როცა ოჯახი ერთად ზის, მარტო გასვლა ოთახის სხვა ნაწილში. ამაზე საუბარი და კრიტიკული თვალით შეხედვაა მნიშვნელოვანი. თუ საგანმანათლებლო სისტემაში ეს მუდმივი კომპონენტი არ იქნება, საზოგადოებაში ცვლილება არ მოხდება. ის, რა რეალობაცაა დღეს ჩვენს საზოგადოებაში, ესე უცვლელად შენარჩუნდება, რაც დაბადებს და გამოჩეკავს მოძალადე მოზრდილებს, ანტისოციალურ ქცევას გაამრავლებს და ეს პირდაპირ კავშირშია კრიმინალთან.