როცა მშობელს შვილის სამეგობრო წრე არ მოსწონს ან ბავშვი არაფერს უყვება - ფსიქოლოგ დავით ანდღულაძის რჩევები - მშობლები

როცა მშობელს შვილის სამეგობრო წრე არ მოსწონს ან ბავშვი არაფერს უყვება - ფსიქოლოგ დავით ანდღულაძის რჩევები

2019-04-10 09:50:57+04:00

მშობელი დილემის წინაშე დგება, როცა ხედავს, რომ მისი შვილი მეგობრებს არასწორად ირჩევს. მათი გავლენით არასწორად იქცევა და თავის მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს. რა უნდა ქნას ამ დროს მშობელმა, როცა პირად ცხოვრებაში ჩარევას შვილები მტკივნეულად განიცდიან, შორიდან ყურება კი შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს და შვილი საბოლოოდ ცუდ წრეში აღმოჩნდეს.
ამ კითხვით ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძეს მივმართეთ:

- იმის მიხედვით, თუ როგორები არიან შვილის მიერ არჩეული ადამიანები და რა საფრთხეს წარმოადგენენ მისთვის, ჩარევის ფორმაც სხვადასხვა იქნება. უმთავრესია, რომ მშობელი ბავშვს დაეხმაროს იმის გაცნობიერებაში, თუ რა საფრხე ემუქრება ასეთი მეგობრების გვერდით. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს - ყველა ასაკში უნდა გავაგებინოთ ეს. უბრალოდ, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ენით გადასცემს მშობელი, თუმცა საუბარი ყველა შემთხვევაშია საჭიროა. მეორე მხარეა, თუ რამდენად დიდი უბედურება შეიძლება მოუტანოს ბავშვს ცუდმა სამეგობრო წრემ. შედარებით უფრო უწყინარ, მაგრამ არასასიამოვნო ქმედებებში შეიძლება მშობელმა მიუშვას კიდეც ბავშვი რაღაც დოზით და პროცესშივე აჩვენოს, რა ცუდი რამ გამოიწვია მისმა საქციელმა და ბავშვს შედეგზე გული დასწყდება. შეიძლება მშობელი ხისტადაც მოიქცეს, რადგან ბავშვი ვერ აცნობიერებს საფრთხეს. როგორც პატარა ბავშვს ვერ გააცნობიერებინებ ყოველთვის, რომ ნაყინი მისთვის სასარგებლო არ არის ან წყალში ფეხშიშველი თამაში არ შეიძლება, მშობელმა შეიძლება ყოველთვის ვერ დაიყოლიოს, გაჯიუტდეს ბავში, მაგრამ გაჯიუტება საფუძველი არ არის იმის, რომ მის ნებას ყოველთვის დავემორჩილოთ და სერიოზული პრობლემა შევუქმნათ მის ჯანმრთელობას. იგივეა გარემოსთან მიმართებაშიც.

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილზე სხვა ბავშვები ცუდ გავლენას ახდენენ?

- ზოგ შემთხვევაშ მშობელთან არ ავლენს ხოლმე, მაგრამ უმეტესად მაინც ვლინდება ეს ყველაფერი. მინიმუმ, ხასიათის ცვლილებაა, გაღიზიანობადობა, შფოთიანი ძილი, მოუწესრიგებლობა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ცვლილება შეიძლება სხვადასხვა რამემ გამოიწვიოს. თუნდაც, ასაკის მატებამ ან რაღაც ახლის აღმოჩენამ. ელემენტარულად, მისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ფილმის ნახვამაც კი, თითქოს მას გადაეტანოს ის ტრაგედია, რაც იქ მთავარმა გმირმა განიცადა. ფუნქციაც ესაა ფილმის ნახვისა და წიგნის წაკითხვის, რომ განვიცადოთ მისი ტკივილი და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებად ვაქციოთ. ასე, რომ ეს ყველაფერიც შეიძლება აისახებოდეს ბავშვის ქცევაზე და მშობელმა ეს შენიშნოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ, მეგობრობდნენ და ბავშვს ჰქონდეს იმის საშუალება, მშობელს გაუზიაროს თავისი განცდები, ემოციები, ტკივილები, ეჭვები და ასე შემდეგ. შვილთან მეგობრობის შემთხვევაში, მშობელს არ ექნება საფიქრალი, რისი ბრალია ბავშის შეცვლილი ქცევა. კარგი ურთიერთობის შემთხვევაში იოლად გამოვლინდება, მაგრამ თუ ბავშვი გახსნილი არაა, ამ დროს ისევ მცდელობა და დაკვირვებაა აუცილებელი. მეტი ყურადღება, მეტი ფიქრი ბავშვზე და ძიება-ძიებაში მეტი შანსია ვიპოვნოთ მიზეზი, ვიდრე არ ვეძებოთ და პირდაპირ, სტანდარტულად ვიფიქროთ, რომ ცუდად იქცევა, ესეიგი ვიღაც ცუდთან მეგობრობს ან ვინმე ძალადობს მასზე. პირდაპირ ასე დასკვნის გაკეთება არ შეიძლება.

- თუ ბავშვი არ უყვება მშობელს მის ირგვლივ განვითარებული ამბების შესახებ, როგორ შეიძლება, რომ მშობელმა ამ დროს რეაქცია გამოხატოს ან როგორ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მის შვილს რაღაც უჭირს და ის ამაზე არ ლაპარაკობს?

- რაღაც რომ უჭირს ბავშვს, თუ მშობელმა ეს იეჭვა, შეუძლია გულწრფელად გაუზიაროს ეჭვი ბავშვს. ,,შვილო მგონია, რომ რაღაც გიჭირს"- ამას ეუბნება არა დამკითხველი, ზემწოლი მშობელი, რომელსაც უნდა ნაძალადევად გამოტეხოს და ათქმევინოს ის, რისი თქმაც არ უნდა ბავშვს, არამედ დამწუხრებული მშობელი თავის ეჭვებს უზიარებს შვილს, რომელიც შეიძლება თავიდან უარყოფდეს ყველაფერს, მაგრამ, როცა შვილი ხედავს და გრძნობს, რომ გამუდმებით ზრუნავს მასზე და ცდილობს, მასთან მეგობრობას, მხარდაჭერას, ხანგრძლივი მცდელობის შემთხვევაში, გაცილებით უფრო იზრდება შანსი, რომ ბავშვმა რაღაც თქვას. შეიძლება მან სათქმელი პირდაპირ არ თქვას, მაგრამ მშობელმა თავისი ალღოთი იგრძნოს რასთან აქვთ საქმე. შეიძლება მოსინჯოს და ჰკითხოს, ,, ასე ხომ არ არის?" და რეაქციას დაელოდოს. შეიძლება შეშმუშვნით, უხერხულობის სხვანაირი გამოვლინებით თუ წამოწითლებით მიხვდეს მშობელი, რასთან აქვს საქმე. ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით შესაძლოა თავად შეთხზას მშობელმა ისტორია და გაუზიაროს გულწრფელად შვილს. ,,არ ვიცი შვილო შენს თავს რა ხდება, მაგრამ მგონია, რომ რაღაც გიჭირს. არადა მეც ათასნაირი გაჭირვება გამომივლია. ხან ის ყოფილა, ხან ის. მე არა და ჩემს მეგობარს შეემთხვა"- თუ ასე ესაუბრება მშობელი ბავშვს, ის, როგორც წესი, ყურადღებით ისმენს. ბევრს სასიკეთოს იზიარებს იმ კონკრეტულ მომენტში. ეს უკვე რეალურად მხარდაჭერაა მშობლის მხრიდან. შეიძლება ზუსტად არ იცოდეს მან, რა ხდება, მაგრამ ვარაუდები, რაც აქვს, ამის შესახებ შეიძლება ისაუბროს. კი არ უნდა დააძალოს ბავშვს ამაზე საუბარი, არამედ თავის ან მეგობრის ისტორია უყვება, თუნდაც მოგონილს და აგრძნობინებს მხარდაჭერას. ეს ზრდის ბავშის მიმართ სიმშვიდის ხარისხს, ზრდის ალტერნატივების რაოდენობას და ნდობას.

- თავად მშობელმა რა ცუდი გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვზე?

- ერთ-ერთი ცუდი ზეგავლენა არის თავად მშობლის ცუდი ქცევა. დავუშვათ, თამაშზე დამოკიდებულებით და ბავშვმა იცის, რომ მამამისი ამით არის დაკავებული. შეიძლება იყოს წამალდამოკიდებულებით, თუნდაც თამბაქოზე დამოკიდებულებით. მშობელი ეუბნება ბავშვს, რომ მოწევა არ შეიძლება, მაგრამ ამ დროს თავად აჩვენებს, რომ ეწევა. ან კიდევ ეუბნება, რომ რა დროს მისი მოწევაა და ეს კიდევ ახალი გამოწვევაა, რადგან ბავშვს უნდა დაუმტკიცოს, თუნდაც საკუთარ თავს, რომ დიდია. ჩუმად გაიპარება და მოწევს. ,, რა დროს შენი სიგარეტია“- არ არის სასურველი გამოთქმა. დავუშვათ, მშობელს არ აქვს განათლება და ეუბნება შვილს ,,ისწავლე, თორე ჩემისთანა დამხმარე მუშა იქნები სულ. მთელი ცხოვრება შრომა მოგიწევს“, თუ კი ამას გულწრფელად ეუბნება, გამოცდილებას უზიარებს, ეს ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ბავშვს სწავლა დააძალოს მაშინ, როცა თავადაც არ აქვს განათლება. ცუდი მაგალითი შეიძლება გახდეს მისაბაძი ბავშვისთვის და გულწრფელი საუბარიც შეიძლება გახდეს მისთვის მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცეს. ძალიან ბევრი შემთხვევაა საზოგადოებაში, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულ მშობლებს, მათნაირი შვილი ჰყავთ, მაგრამ არის მაგალითებიც, როცა სრულიად განსხვავებული შვილი ჰყავთ. ვისაც ჰყავს, ერთი ტიპის მაგალითი მიუცია შვილისთვის და ვისაც არ ჰყავს, მეორე. ცუდი აკრძალვა ბავშვში აღძრავს პროტესტს. მისი საციცოხლო ინტერესია, რომ იყოს თავისუფალი და ჰქონდეს არჩევანის ნება და რაც უფრო ადრე მოვახერხებთ ბავშვებთან მეგობრულ ურთიერთობას და რაც უფრო ადრე გავაცნობიერებინებთ ბავშვებს, რომ მასზეა არჩევანი, მითუფრო მოგებული იქნება ბავშიც და, შესაბამისად, მშობელიც. მშობლის ინტერესიც ისაა, რომ განვითარებული, პროგრესულად მოაზროვნე შვილი ჰყავდეს და არა მორჩილი.

თამარ იაკობაშვილი

altროგორ დავიახლოვოთ მოზარდი შვილები და აღვადგინოთ მათთან ახლო კავშირი - პასუხებისთვის პაატა ამონაშვილი გელით

altარ დატოვოთ მოზარდი ჯიბის ფულის გარეშე - როგორ მოქმედებს ბავშვზე ფული?

altმოზარდების 5 ყველაზე მტკივნეული პრობლემა