ფსიქოლოგიააქტუალური
რა უნდა იცოდეს მშობელმა ჰიპერაქტიური ბავშვების შესახებ
რა უნდა იცოდეს მშობელმა ჰიპერაქტიური ბავშვების შესახებ
დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ ამ თაობის პატარები ჰიპერაქტიურები არიან. თუმცა სინამდვილეში რა არის ჰიპერაქტიურობა და მართლაც ასეთია თუ არა ბავშვების დიდი ნაწილი, ეს სხვა საკითხია. სინამდვილეში, ჰიპერაქტიურ ბავშვებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ, ფსიქოლოგისა და ნევროპათოლოგის ჩარევაც კი. და ის, რომ ბავშვი უბრალოდ ცელქი და აქტიურია, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ჰიპერაქტიურია.
ჰიპერ - ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს ნორმის გადამეტებას. ჰიპერაქტიური ბავშვების ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემაა გაძლიერებული. თემის შესახებ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის
ასოცირებულ პროფესორს, ფსიქოლოგს, ქალბატონ ელისო კერესელიძეს ვესაუბრეთ.

- რა ნიშნები უნდა ახასაითებდეს ბავშვს, რომ მას ჰიპერაქტიური ვუწოდოთ?
- ჰიპერაქტიურ ბავშვებს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები აქვთ. თუმცა თვით ჰიპერაქტიურ ბავშვებშიც არის ორი სხვადასხვა ჯგუფი. გამოიყოფა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიური სინდრომის მქონე ბავშვების ჯგუფები:
1. ყურადღების დეფიციტით, ჰიპერაქტივობის გარეშე;
2. ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით.
პირველ ჯგუფში შემავალ ბავშვებს ახასიათებთ აპათია, ინერტულობა, მოდუნებულობა, სიზანტე, სიმორცხვე. მათ აქვთ სწავლის პრობლემები ან ემოციური აშლილობა.
მეორე ჯგუფის ბავშვებს ახასიათებთ: იმპულსურობა, ძლიერი აქტიურობა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ქცევის პრობლემები, ანტისოციალური პრობლემები.
- არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ჯანმრთელობის პრობლემა?
- ეს არის ფსიქიკური განვითარების დარღვევა.
- უნდა ეცადოს მშობელი ბავშვში ჰიპერაქტიურობის დათრგუნვას?
-
არანაირი პრობლემის შემთხვევაში არ უნდა დაითრგუნოს ბავშვი, პირიქით, გამოვლენილი უნდა იქნას ნებისმიერი პრობლემა და გამოსავალი მოიძებნოს პრობლემისადმი შემოქმედებითი და გააზრებული მიდგომით.
- რა ხერხებით უნდა სცადოს მშობელმა ბავშვის "მოთოკვა"?
- "მოთოკვა" არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით აღზრდის საუკეთესო მეთოდი არ არის. პირველ რიგში მნიშვნელოვანია პრობლემის დიაგნოსტირება. ასეთი ბავშვების მიმართ სწავლის დროს საჭიროა სპეციალური მიდგომების გამოყენება (ერთი ან ორნაბიჯიანი დავალება, საშინაო დავალებების მცირე დავალებებად დაყოფა, გეგმის ჩამოწერა და ა.შ.). გარდა ამისა, საჭიროა ოჯახური ინტერვენციის პროგრამაში მათი ჩართვა. მშობლების ინფორმირებულობა პრობლემის შესახებ და მათთვის ქცევის მართვის პრინციპების გაცნობა.
- რა განსხვავებაა ჰიპერაქტიურ ბავშვებსა და ინდიგო ბავშვებს შორის?
- ჰიპერაქტიურ ბავშვებზე ზემოთ ვისაუბრეთ. გარდა ამისა, ეს არის ფსიქიკური განვითარების დარღვევა - სინდრომი. ინდიგო ბავშვის მახასიათებლები კი ფსიქიკური განვითარების დარღვევის მაჩვენებელი არაა, ისინი არიან 21-ე საუკუნის ბავშვები, რომელთაც აქვთ სამყაროს თავისებური ხედვა, განვითარებული ინტუიცია, ადვილად არ ემორჩილებიან უფროსებს, არიან დამოუკიდებლები და ა.შ. (ინდიგო ბავშვების შესახებ იხილეთ სტატია).
- რომელ ასაკამდეა ბავშვი ჰიპერაქტიური?
- ძირითადად, გარდატეხის ასაკამდე. თუმცა მერეც შეიძლება სხვადასხვა ქცევითი აშლილობების სახით გამოიხატოს ეს სინდრომი.
- რას ურჩევთ ჰიპერაქტიური ბავშვების მშობლებს?
- აუცილებლად უნდა მიმართონ ნევროპათოლოგსა და ფსიქოლოგს და მათგან მიიღონ კონსულტაცია.

ბოლოხანს სულ უფრო მეტი მკვლევარი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საკვები და მისი ხარისხი ჰიპერაქტიური ბავშვის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ აუცილებელია რაციონის მართვა, საკვები რაციონიდან ემულგატორებითა და საღებავებით გაჯერებული ტკბილეულის ამოღება და ბოსტნეულით ჩანაცვლება (იხილეთ დაწვრილებით). აუცილებელია, ასეთი ბავშვები რაღაცით დავაკავოთ, ვატაროთ სპორტზე, ცურვაზე, ისეთ წრეზე, სადაც ენერგიას მიზნობრივად დახარჯავს. სეირნობა, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და მშობლებისა და ექიმის კომპლექსური ჩართულობა აუცილებელია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის.

სალომე გორგოშიძე

ბეჭდვა
```