რა არის ბედნიერება, როგორ ისწრაფვიან ადამიანები მისკენ, რა გზით ეძებენ მას, ამ ძიებაში რისი დათმობა და რა ტკივილის მოთმენა უწევთა, ვის ან რას უძღვნიან ისინი საკუთარ თავს და რა კრიტერიუმებით ფასდება ბედნიერების ხარისხი - ამ თემაზე ფსიქოლოგმა, ნინო გოგიჩაძემ მარი მალაზონიას გადაცემაში "პირადი ექიმი" ისაუბრა.
- არსებობს თუ არა ბედნიერება და უნდა ვისწრაფვოდეთ თუ არა ბედნიერებისაკენ. ეს ერთ- ერთი ფილოსოფიური შეკითხვაა, თუმცა ჩვენი პროფესიაც შეეჭიდა ამ თემას. ის დოქტრინები, რომლებიც გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ შექმნილი ბედნიერებისათვის, ჩვენ მუდმივად იმედგაცრუებულ პოზიციაში გვაყენებს. "რა არის ბედნიერება?" - ამაზე თითოეულ ადამიანს თავისი პასუხი აქვს და თითქოს ეს პასუხი ხელშეუხებელია. ეს არის მომენტალური განცდა თუ დროში გაწელილი, მარტო თუ სხვებთან ერთად განცდილი? მოდიან ადამიანები და გვეკითხებიან, "ვიქნები ბედნიერი?" და ეს ტკივილის ამოძახილია. ამ კითხვაზე პასუხია, რომ არ ვიცით, ჩვენ იქნებიან თუ არა ისინი ბედნიერები, მაგრამ ვიცით, რომ კარგი მომენტები იქნება მათ ცხოვრებაში. რაც ისტორიამ გვაჩვენა, ვხედავთ, რომ რთული მომენტია უფრო მეტია ცხოვრებაში, ვიდრე ნათელი. უფრო მეტი მომენტი იქნება, როდესაც ჩვენ მოგვიწევს რაღაცის წინ დაყენება და ეს აღემატება წამიერ სიამოვნებას. ეს გადასატანი გვაქვს, როგორც პიროვნებებს, როგორც ოჯახის წევრებს და სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს. როდესაც ვლაპარაკობთ ბედნიერებაზე, ვსაუბრობთ მდგომარეობაზე, რომელიც არის ადამიანისთვის სასურველი, რადგან ამ დროს ჩვენი სხეული, ტვინი აღმატებულ მდგომარეობაშია, ვგრძნობთ ენერგიის მომატებას, გვაქვს სიხარულის განცდა. განსაკუთრებით, ესეთი განცდები დამახასიათებელია შემოქმედებითი ადამიანებისთვის, შემსრულებლებისთვის, სპორტსმენებისთვის. როდესაც რაღაცაში ისე ხარ ჩართული, თითქოს შენი ჩარჩოები ირღვევა. აი, სწორედ აქ დგას კითხვა, მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ თუ ის, რასაც მე ვაკეთებ და დგება თავის მიძღვნის საკითხი. რას ვუძღვნი მე ჩემს თავს? - აღმოჩნდება, რომ დღის ბოლოს, როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით, ვფიქრობთ, რა იყო ჩვენი ბედნიერება. ადამიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის განცდა, რას მიუძღვნეს მათ საკუთარი თავი, რა იყო ის მომენტები, რომელებმაც ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელობა მიანიჭა. მოსაყოლად მარტივია, მაგრამ განსაცდელად და საცხოვრებლად, არც ისე ადვილი. ამის უკან კი არჩევანი დგას. არის თუ არა დამოკიდებული ჩემი ბედნიერება ჩემს არჩევანზე. ერთი შეხედვით, პასუხი დადებითია, თუმცა ის მომენტები, რომლებიც ადამიანებისათვის ბედნიერების მომტანია, შეიძლება სულაც არ იყოს არჩევანზე დამოკიდებული. ცოტა მითიური მდგომარეობაა, რომ ჩვენი არჩევანი განაპირობებს ჩვენს ბედნიერებას. ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ფსიქოლოგიური წონასწორობა, როგორ შიძლება, შევინარჩუნოთ პიროვნული სიჯანსაღე, რომ ამ ცხოვრების ტკივილებს, შეჭირვებას, იმედგაცრუებას გავართვათ თავი. როგორ გავაკეთოთ ეს?- გავეკიდოთ ბედნიერების წუთებს თუ გავეკიდოთ იმას, რაშიც შეიძლება ჩვენი ღვაწლი დავინახოთ ან დავიჭიროთ მომენტები, რისთვისაც ღირდა ცხოვრება.
ერთ- ერთი ყველაზე რთული თემა, რაზეც ვმუშაობთ როგორც მშობლები, ასევე პროფესიაშიც, არის ის, როგორ მივეხმაროთ ბავშვებს დათმენის გაღვივებაში, როგორ შეძლონ, წუთიერ სიამოვნებაზე უარის თქმა. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ზეადამიანური მდგომარეობა და რაღაც ისეთი, რაც მიუღწეველია. ეს არის უბრალოდ ადამიანის შინაგანი გადაწყვეტილება, თუ რას ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ შეგვიძლია ინტელექტუალურიც და ემოციური განსჯაც. ღირებულებითი განსჯის საფუძველზე ქცევის განხორციელება არის კმაყოფილების მომტანი და არა სიამოვნების. სიამოვნება და კმაყოფილება განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ქიმიური პროცესებით, რაც ჩვენს ტვინში ხდება, ახლოს არიან ერთმანეთთან ეს მდგომარეობები. თუმცა, სიამოვნების განცდა უფრო დაბალი დოზითაა, ხოლო კმაყოფილების განცდა - პირიქით. სიამოვნების განცდა გარედან მიღებულზეა ორიენტირებული, კმაყოფილების განცდა დაკავშირებულია საკუთარ ქმედებაზე. ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე ახერხებს, რომ მისთვის ცხოვრებას აზრი და მიზანი აქვს და შეესაბამება იმ მრწამს, რომლითაც ცხოვრობს. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გვჭირდება, რომ ჩვენი ქცევა იყოს ჩვენივე ღირებულების შესაბამისად შეფასებული. გვქონდეს იმის განცდა, რომ მოვიქეცით ღირებულებების მიხედვით ან გადავდეთ ის, სხვა უფრო ღირებულისთვის. არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, რას აირჩევთ, თქვენ მოგკლან თუ თქვენ მოკლათ?- ეს არის ღირებულებითი ღერძი, რომელი უფრო ადვილი გადასატანია თქვენთვის- თუ დავუფიქრდებით ამ მორალურ დილემას, ძალიან კარგად ასახავს ღირებულების თემას.