ფსიქოლოგიააქტუალური
როგორ უნდა მოვიქცეთ ენის ბორძიკის დროს
როგორ უნდა მოვიქცეთ ენის ბორძიკის დროს
ენის ბორძიკი შესაძლოა გამოწვეული იყოს ძალიან ბევრი, სხვადახვა მიზეზით. თუ მშობელი შეამჩნევს, რომ ბავშვი ენას უკიდებს აუცილებლად უნდა მიმათოს ლოგოპედს, რომელიც გამოიკვლევს, რა სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე და მშობელს კონკრეტულ რეკომენდაციებს მისცემს.
უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, რომ ენის ბორძიკი, როგორც წესი, უკავშირდება ბავშვის ემოციურ გადატვირთვას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ტრავმას, შიშს. ტრავმა ძალიან მძიმედ ჟღერს, მაგრამ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა თქვენ სასაცილოდაც არ გეყოთ მაგალითად: აღარასდროს არ გაყურებინებ ამ მულტფილმს, გასართობ ცენტრში აღარ წაგიყვან და ა.შ. ბავშვისთვის ეს შეტყობინებები აღიქმება შემდეგნაირად :
ტაბუ ტელევიზორზე, კომპიუტერზე, გართობაზე უარის თქმა. იქ "ბუაა", "გუდიანი კაცი" წაგიყვანს და სხვა. ყოველივე ეს, განსაკუთრებული მუქარით თქმული, გამუდმებული სიმკაცრე მშობლის მხრიდან, მით უმეტეს - ფიზიკური ძალადობა, პატარაზე ძალიან მძიმედ აისახება, გავლენას ახდენს მის ფსქიკაზე, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ოჯახური კონფლიქტი. შესაძლოა თქვენ რაიმე საკითხი გაქვთ განსახილველი, პატარა კი ზის და სათამაშოებით ერთობა. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვი არ გისმენთ, მაგრამ მაინც, უმჯობესია სხვა ადგილი მონახოთ და იქ გაარკვიოთ დიდების პრობლემები.
მიაქციეთ ყურადღება: ენის ბორძიკი ვლინდება მაშინ, როდესაც პატარა სხვა ადამიანებთან ურთიერთობს. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი თამაშობს და თავისთვის ლაპარაკობს, ენას არ უკიდებს. ამ დროს ლოგოპედები ურჩევენ მშობლებს, მაქსიმალურად შეზღუდონ
ვერბალური ურთიერთობა. არ დაუსვათ კითხვები, არ დაიწყოთ დიალოგი, არ დააძალოთ ლექსების წაკითხვა. პრობლემის გამოსწორების შემდეგ კი ბავშვებიც და მშობლებიც ურთიერთობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ყურადღება მიაქციონ საკუთარ საუბარს: ილაპარაკეთ ცოტა, ილაპარაკეთ ნელა, ილაპარაკეთ გარკვევით და წყნარად. ბავშვები, რომელიც ენას უკიდებენ, უნდა დააკავოთ თამაშით. მაგალითად ასაწყობი კონსტრუქტორებით, პლასტელინებით, ფანქრებით, პაზლებით. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ენის ბორძიკს შველიან წყლის თამაშებით. მაგალითად, თოჯინების ბანაობა, ავტომობილის გარეცხვა, სათამაშო გემების გაშვება და სხვა. თამაშის დროს უნდა გამოვრიცხოთ ყვირილი, ემოციური აღგზნება. ასეთ დროს განსაკუთრებულად აუცილებელია მშობლის სითბო, სიყვარული და მშვიდი გარემო ოჯახში.
ლოგოპედის და მშობლის ერთიანი ძალისხმევით ამ პრობლემის გამოსწორება სრულიად შესაძლებელია, მედიკამენტების გარეშე.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ

ბავშვის მეტყველების პრობლემებზე ასევე იხილეთ სტატია
ბეჭდვა