თამარ გაგოშიძის რჩევები სწავლის დაწყების წინ
ახალი სასწავლო წელი საჯარო და კერძო სკოლებში 2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათ დღეს დაიწყება და როგორც წესი, განსაკუთრებული ემოციით ამ დღეს პირველკლასელთა მშობლები ელოდებიან, მათ ხომ შვილებთან ერთად უწევთ იმ ნაბიჯების გავლა, რაც სკოლაში სიარულის პირველ დღეებს ახლავს თან და  ბუნებრივია, რომ  თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანია, როგორ შეეჩვევა ბავშვი ახალ გარემოს, როგორ ჩაერთვება საგაკვეთილო პროცესში. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის ბავშვი მზად მოსწავლეობისთვის. როგორი ბავშვი ითვლება სკოლისთვის მზად და
რა უნარებს უნდა ფლობდეს პირველკლასელი? - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გვპასუხობს ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.

- იმისათვის, რომ ბავშვი პირველ კლასში შევიყვანოთ,  ბევრ რამეში უნდა იყოს მზად.  პირველ რიგში, მას სჭირდება წერისთვის, კითხვისთვის და ანგარიშისთვის საჭირო უნარები. ამას მშობელი თვითონ ვერ გაარკვევს. ის უნარები, რომლიც უკვე აღვნიშნე, ბავშვს გავარჯიშებული და განვითარებული უნდა ჰოქნდეს საბავშვო ბაღში. მომწიფებული არის თუა არა ბავშვის გონება  იმისთვის, რომ იგი  ადვილად დაეუფლოს  წერას, კითხვას და ანგარიშს, ამის ზუსტად შეფასება მშობელმა შესაძლოა ვერ შეძლოს,  მაგრამ ის, რაც ცხადად ჩანს და მშობელსაც შეუძლია შეამჩნიოს და დააკვირდეს, ეს არის  შვილის ემოციური და ქცევითი მომწიფებულობა,  ანუ მას შეუძლია თუ არა ნახევარი საათი იჯდეს  მშვიდად,
შეუძლია თუ არა  იმპულსის შეკავება,  შეუძლია თუ არა მასწავლებლის მოსმენა 30 წუთის განმავლობაში. ახერხებს თუ არა  აზრის გადმოცემას თავისუფლად, აქვს თუ არა ლექსიკური მარაგი. შეუძლია თუ არა მოსმენილიდან  შინაარსის გამოტანა - მოკლედ,  ბევრი პარამეტრია, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვი თავიდანვე წარმატებულად ჩაერთოს სასწავლო პროცესში? რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ პირველკლასელისთვის გაკვეთილები არ იყოს მოსაბეზრებელი და არ ჩამორჩეს საგაკვეთილო პროგრამას?


- მშობელი ამ ყველაფერს მარტო ვერ გაართმევს თავს. მან უნდა ითანამშრომლოს მასწავლებელთან.  90 პროცენტით მასწავლებელზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩაერთვება ბავშვი საგაკვეთილო პროცესში, რამდენად ხალისიანი, რამდენად საინტერესო იქნება გაკვეთილი და როგორ მოახერხებს მასწავლებელი ბავშვების დაინტერესებას. ამასთანავე, მშობელი  უნდა იყოს საქმის კურსში და არ უნდა სწყინდეს, თუ მასწავლებელი უკუკავშირს აძლევს ბავშვის ქცევაზე, ან სწავლაზე. მშობელმა და  მასწავლებელმა ერთობლივად უნდა მოახერხონ მიჰყვნენ ბავშვს ფეხდაფეხ, რაც სამწუხაროდ, ძნელი მისაღწევია. არადა მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია პირველ კლასში იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად მოახერხოს ადაპტაცია სასკოლო გარემოსთან. აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ მშობელმა შვილი არ უნდა  შეადაროს სხვა ბავშვებს. არც თავის და-ძმას, "შენი და-ძმა კარგად სწავლობდა და შენ რა გემართება", ასეთი შეფასებები ყოვლად დაუშვებელია. როცა ბავშვს უჭირს დასწავლა, ერთი ახსნით ბავშვი ვერ ახერხებს გაგებას, მშობელი მასზე არ უნდა გაღიზიანდეს.  მშობელმა უნდა დაუშვას, რომ შეცდომები და დაბრკოლებები არის ლეგიტიმური და ბავშვს აქვს უფლება, რომ შეცდომები დაუშვას, მშობელმა კი ამ დროს  მხარი უნდა დაუჭიროს.

- ხშირად, როგორც მშობელი, ასევე მასწავლებელიც აღნიშნავს, რომ თითქოს ერთნაირი უნარების მქონე ბავშვები არიან კლასში, მაგრამ ზოგიერთი ჩამორჩება თანატოლს... რატომ ხდება ეს?

- ეს ხომ ბავშვის შინაგან განწყობაზე და ინდივიდუალურ უნარებზეა დამოკიდებული. ერთნაირები არავინ არ ვართ. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პლუსები და მინუსები და ეს არ ნიშნავს, რომ ერთი უკეთესია და მეორე უარესი. საერთოდ  არ ვარ მომხრე ნიჭზე და სიჭკვიანეზე აქცენტის გაკეთების, რაც ქართველებს ძალიან ხშირად გვჩვევია. არ ფასობს ნიჭი, არ ფასობს ჭკუა, ფასობს ძალისხმევა, რასაც ქართველები არ ვაფასებთ. მასწავლებელიც და მშობელიც უნდა აფასებდნენ ბავშვის ძალისხმევას. ყოჩაღ! ძალიან კარგია, ძალიან კარგად გაართვი თავი! - მსგავსი შეფასებები ბავშვის მოტივირებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. ჭკვიანი ხარ, გენიოსი ხარ და შენ ყველაზე მაგარი ხარ,  არ უნდა ვუთხრას ბავშვს არც მასწავლებელმა და არც მშობელმა. სამაგიეროდ უნდა წავახალისოთ აუცილებლად. მე მომწონს, შენ როგორ კარგად აკეთებ დავალებას,  მე მომწონს, რამდენი დრო დახარჯე დავალების შესასრულებლად და როგორ იბრძოლე იმისთვის, რომ ეს გაგეკეთებინა.

- რას ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია პირველი კლასელებისთვის გახანგრძლივებულ ჯგუფებში სწავლება?


- მე ვარ კატეგორიულად წინააღმდეგი, მაგრამ რა უნდა ვქნათ. მშობლებს ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავთ. რა გააკეთონ მშობლებმა, როცა 6 საათამდე სამსახურიდან ვერ გამოდიან. დამსაქმებელი არ უწყობს ხელს შვილიან ადამიანებს  იმისთვის, რომ ადამიანურად მოექეცნენ თავიანთ შვილებს. ეს არის ძალიან რთული მომენტი მშობლისა და ბავშვის ცხვრებაში. ასე პირველკლასელი ბავშვი იღლება. ის არ არის ჩვენნაირი. მას ხან ეძინება, ხან დასვენება უნდა, ხან თამაში უნდა. 6 წლის ბავშვისთვის დიდი დატვირთვაა გახანგრძლივებულში ყოფნა. ზოგ კერძო სკოლაში არის დასასვენელი და მოსასვენებელი სივრცე. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, იმიტომ, რომ პატარა ბავშვი 12 საათამდე უნდა იყოს სკოლაში და შემდეგ სახლში უნდა მოდიოდეს, მაგრამ მშობლებს აქვთ სერიოზული პრობლემა, რითი დააკავნო ბავშვები, ვინ უნდა დახვდეს სკოლიდან მოსულ ბავშვს, ვინ უნდა გამოიყვანოს სკოლიდან, მერე რა უნდა გააკეთოს და ა.შ. შედეგი კი არის ის, რომ ბავშვი არის დემოტივირებული. აღარ აინტერესებს გადაღლილ ბავშვს არაფერი. ამოსული აქვს ყელში, მთელი დღე სკოლაში ყოფნა. ამ წრეზე წადი, იმ წრეზე წადი. მშობელი ამბობს, რომ ეს მის შვილს მოსწონს, ხშირ შემთხვევაში ბავშვსაც უხარია, იმიტომ, რომ მშობელს უხარია, რაღაც პერიოდის მერე კი ეს ბეზრდება  და გარადტეხის ასაკში აღარაფერი აღარ უნდა ამ ქვეყანაზე. თავის შესაძლებლობებს ხომ პატარა ასაკში თვითონ ვერ აფასებს. თავიდან არ იღლება თითქოს, მაგრამ მერე გაღიზიანებულია. საღამოსკენ უკვე აგზნებულია, ამის მიხედვით უნდა შევატყოთ ბავშვს, რომ გადაიღალა.

- მშობლების კატეგორიას აქვთ სურვილი, ბავშვებს სასკოლო დავლებების გარდა დამატებით შეასრულებინონ სავარჯიშოები სკოლის შემდეგ...

- არ ვარ მომხრე დამატებითი  დავალებების. გარდა მშობლებისა, ზოგიერთი მასწავლებელიც ბევრს თხოვს მოსწავლეს. საქმე რაოდენობაში კი არ არის, საქმე არის იმაში, რამდენად შეუძლია ბავშვს ათვისება, ანუ მეცადინეობის დროს ირთვება თუა არა ბავშვის მექანიზმი. რაც ჩვენ გვინდა რომ ბავშვმა აითვისოს, იმას მეცადინეობების და დავალებების რაოდენობა არ შველის. შველის კეთილგანწყობილი გარემო და სურვილი, მოტივირება, თვითეფექტურობა, ანუ იმის დაჯერება, რომ მე ამას გავაკეთებ თვითონ.
- მიუხედავად მშობლისა და მასწავლებლის კეთილგანწყობისა, არიან ბავშვები, რომლებიც ჯიუტობენ და არ სწავლობენ... როგორ უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა

- მსგავსი სიტუცია არის ფაქტობრივად, წითელი დროშის აღმართვა და სიგნალი იმისა, რომ ბავშვს რაღაც პრობლემა აქვს. პირველ კლასში გამორიცხულია ბავშვი რამეს აპროტესტებდეს. ბავშვს უხარია სწავლა, თუ რა თქმა უნდა, არ აქვს ემოციური პრობლემა. ხანდახან ზოგიერთ ბავშვს ახასიათებს სასკოლო შფოთვა, ტირის და სკოლაში არ რჩება დედის გარეშე. სხვა შემთხვევაში ბავშვები სიხარულით მიდიან სკოლაში, რადგან ისინი ძალიან ცნობისმოყვარე არსებები არიან. უნდათ რაღაცების გაგება, ათვისება, თუ ამ ყველაფერს ბავშვი აპრტესტებს და ვერაფრით ინტერესდება, მაშინ ბავშვს ნამდვილად  პრობლემა აქვს.

- წერის სწავლის დროს ზოგიერთ მასწავლებელი და მშობელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლამაზად წერას, რამდენად არის ამის ხაზგასმა გამართლებული ?


- ბუნებრივია, ნატიფი მოტორიკა ბავშვს უნდა განუვითარდეს და მოახერხოს შესაბამის უჯრებში ასოების მოთავსება, მაგრამ ლამაზად წერა თვითმიზნად არ უნდა იქცეს და ამაზე არ უნდა დავაკლათ ბავშვი, თუმცა ზომიერად უნდა მოვთხოვოთ ბავშვს, რომ პატარ-პატრა უჯრებში ასოების სწორად ჩაწერა მოახერხოს, რათა ნელ-ნელა ეს ჩვევა გამოიმუშავოს. ცხადია, წერა ზოგ ბავშვს უკეთესად გამოსდის, ზოგს- უარესად. მე მაგალითად დღემდე ისე ვწერ, დატანჯული მყავს ჩემი თავიც და გარშემო სულ ყველა. ამის გამო თავის დროზე, პირველ-მეორე კლასში ძალიან ვიჩაგრებოდი, სულ ორებს მიწერდნენ კალიგრაფიაში. მთავარია დავაკვირდეთ, რამდენად ცდილობს ბავშვი ლამაზად წეროს და ეს დავუფასოთ, დავეხმაროთ მას ამ უნარების გამომუშავებაში.
რუსკა კილასონია
25185
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ქართველი
4
მე უზომოდ მიყვარს ბავშვები და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ყოველგვარ ძალადობას და ძალდატანებას ბავშვების მიმართ, თუნდაც ჭამაში, ძალით რომ აჭმევენ იმას რაც სძულს ბავშვს, არც სწავლაში უნდა დატანჯოთ ბავშვი, ზომიერებაა საჭირო ყველაფერში. ჩემს ნაცნობს 6 წლის ბავშვი წრიდან წრეზე დაყავდა და 11 საათზე მოყავდა სახლში, მერე ამეცადინებდა, ამ საქციეს ამართლებდა იმით რომ თვითონაც ასე დატვირთული იყო მის ასაკში. ბავშვი არ ეცოდებათ და ტანჯავენ რადგან ერევიან.
23:04 / 30-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი