სასწავლო წლის დაწყება ნებისმიერი მოსწავლისთვის განსაკუთრებული მოვლებაა. ბევრისთვის ამ პროცესს ძალიან დიდი შფოთვა და ნერვიულობა ახლავს თან. ეს განსაკუთრებით იმ მოსწავლეებს ეხებათ, რომლებიც პირველად მიდიან სკოლაში და, შესაბამისად, იქაური გარემო და ადამიანები მათთვის უცხოა. ბავშვებზე არა ნაკლებ ნერვიულობენ მშობლები. როგორ უნდა შევუსუსტოთ მათ სკოლის დაწყებამდე არსებული შფოთვა, რა უნდა გაითვალისწინონ პირველკლასეთა და მოზარდთა მშობლებმა, ამ თემაზე გადაცემაში "პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ პედიატრმა, ცოტნე ბესელიამ, და ბავშვთა ფსიქიატრმა, ნევროლოგმა, მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრეს:
-სწავლის დაწყებამდე ცოტა დრო დარჩა. რა საკითხებია, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ყველა ოჯახისთვის?
-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაწყებით კლასებში სასკოლო აქტივობა წარმატებული იყოს და ბავშვს მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდეს. ეს სამომავლოდ ხელს შეუწყობს მის განვითარებას, თვითშეფასებასა და მოტივაციას. მნიშველოვანია, რომ მოვემზადოთ ბავშვის სკოლაში შესაყვანად. ამისთვის რაღაც ღონისძიებების გატარება, დაკვირვება და შეფასებაა საჭირო, როგორ ვითარდება ბავშვი. მშობლები ფიქრობენ, რომ რაღაც სტანდარტები არსებობს, რომელსაც უნდა შევადაროთ ბავშვის განვითარება. ამ სტანდარტების მიხედვით ვიტყვით, რომ არის ან არ არის მზად. აღმოჩნდა, რომ ეს სტანდარტები მსოფლიოში არ არსებობს და ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. იმის გამო, რომ ასეთი აზრთასხვადასხვაობაა, სპეციალისტები და მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს საბავშვო ბაღში. ისეთი ავტორიტეტული კომპანია, როგორიცაა ამერიკის პედიატრთა აკადემია, გვეუბნება, რომ ყველა ბავშვი უფლებამოსილია ისწავლოს გარემოში, სადაც გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ბავშვის განვითარება შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს და მხარს უჭერენ მას. აქედან გამომდინარე, სანერვიულო არაფერია. შეიძლება იყოს ტიპური განვითარების ან პირიქით. უნდა ვიზრუნოთ, რომ ყველა ბავშვმა ისწავლოს საბავშვო ბაღსა და სკოლაში. თუმცა, მაინც დავკონკრეტდეთ და ვთქვათ, რომ რაზე შეიძლება გამახვილდეს ყურადღება და რითი შევუწყოთ ხელი ბავშვს, რომ მან საკუთარი სასკოლო პოტენციალი უკეთესად წარმოადგინოს. სკოლისთვის მზადყოფნა სამ კომპონენტს მოითხოვს: თავად ბავშვის მზადყოფნას, სკოლის საგანმანათლებლო სისტემის მზადყოფნასა და ოჯახისა და საზოგადოების მხარდაჭერის სისტემებს. ბავშვის მზადყოფნაც თავის კომპონენტებს შეიცავს. ეს არის ფიზიკური და მოტორული განვითარება, შემდეგ სოციალური და ემოციური განვითარება, ბავშვის სწავლისადმი მიდგომა, ენის განვითარება, კოგნიტური სფერო და ზოგადი ცნობა. ბავშვებს ადრე სასკოლო მზადყოფნისთვის ასე აფასებდნენ ხოლმე, რამდენად იცის საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრებები. მაგალითად ის, რომ ქართულ ენაში 33 ასო გვაქვს, რომ ცა ლურჯია და მზე ყვითელი. თვლა იცის თუ არ იცის. აღმოჩნდა, რომ ასე მშრალად შეფასება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და უფრო სხვა რაღაცაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. მაგალითად, ასეთია სოციალურ - ემოციური სფერო. გაცილებით მაღალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს ბავშვებმა, რომლებიც ემოციურად და სოციალურად მომზადებულნი იყვნენ. ამის გათვალისწინება სკოლამდელ დაწესებულებაშიც აუცილებელია. სამწუხაროდ, ეს ესე არ არის. იქაც მშრალადაა, მხოლოდ ფორმალური შეკითხვები: დაითვალე, ფერი მითხარი, ჭამე, დალიე, დაიძინე. ის ბავშვი, რომელსაც სოციალურ - ემოციურად გამართულია, ყოველთვის შეძლებს დათვლასაც, ფერების გამოცნობასაც, რამდენიც დასჭირდება, იმდენ ლექსს ისწავლის. მთავარია, ის სკოლაში შევიდეს, სოციალურადაც და ემოციურადაც გამართული.
- რა შფოთვასთან გვაქვს საქმე , როდესაც ბავშვი სკოლაში, ბაღში მიდის ან გადაიყვანეს სხვა სკოლაში?
მედეა ზირაქაშვილი:-დასწავლის პროცესი საკმაოდ იერარქიულია და გულისხმობს დაშენების პროცესს. ბავშვი მიდის რაღაც ბაზისური ცოდნით, რაც გულისხმობს ხუთი სფეროს ურთიერთშეთანხმებულ განვითარებას და მას ემატება ის სწავლის უნარები, რომელსაც აძლევს სკოლა. სოციალური გარემოს ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება შფოთვას. შფოთვა არც ერთ შემთხვევაში არ არის იზოლირებული. შფოთავს მთელი ოჯახი. ითვლება, რომ ეს განსაკუთრებით მძაფრია პირველკლასელთათვის და მათი მშობლებისთვის. თუ სკოლიდან სკოლაში გადასვლისა და თინეიჯერობის შემთხვევაში, შფოთვა განსაკუთრებით მძაფრია ბავშვებში, აღმოჩნდა, რომ ის გაცილებით მაღალია ოჯახის წევრებში, როცა ბავშვი პირველად მიდის სკოლაში. პირველი რეკომენდაცია, რაც შეიძლება გავცეთ არის ის, რომ მშობელი უნდა დამშვიდდეს. ოჯახის შფოთვა გადამდები არ უნდა იყოს ბავშვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა მაგალითი მისცეს საკუთარი სიმშვიდით იმისათვის, რომ ბავშვიც მშვიდად შეხვდეს სკოლის დაწყებას. ის წარმატებით დაიწყებს სასკოლო პროცესს, თუ მშობელი მშვიდად იქნება. ძალიან ხშირად ის ურევს ერთმანეთში სასწავლო და სასკოლო მზაობას. ამას განაპირობებს მშობლის განათლება და დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, რამდენად მზრუნველია მშობელი და აქვს თუ არა შვილთან თამაშით ურთიერთობა. იმიტომ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვი თამაშით სწავლობს. ამიტომ, მშობელს თუ ჰგონია, რომ ბავშვი მეცადინეობის ნაცვლად თამაშობს და ამით რაღაც აკლდება, ცდება.
-რა ტიპის არის ეს თამაში?
-ესეთია მაგალითად როლური თამაში. ბავშვებს ძალიან უყვართ სკოლობანას თამაში. აღმოჩნდა, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შფოთვის შესამცირებლად. ბავშვი მოსწავლის და მასწავლებლის როლს ირგებს თამაშში. მას ვეუბნებით, რომ სკოლაში მივდივართ, მაგრამ ვზრუნავთ იმის გაგებინებაზე, თუ რა არის სკოლა, როგორია საკლასო ოთახი, სად მდებარეობს საჭირო ოთახი? წინა სასკოლო პერიოდში შეიძლება, რომ ბავშვი ვამეცადინოთ, როგორ გამოთქვას სახელი და გვარი. ეს როლური თამაშის შემთხვევაში, ძალიან ადვილად გამოგვივა. პირველი შეკითხვა, რაც სკოლის დაწყების დროსაა, არის "როგორ გავატარე ზაფხული". შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ბავშვს საერთოდაც არ უფიქრია ამხელა აუდიტორიის წინაშე მოეყოლა, როგორ გაატარა ზაფხული. ეს ძალიან დიდი შფოთვაა. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რამდენად იგებს ბავშვი სხვის ემოციას, როგორ მართავს საკუთარ ემოციებს, რამდენად შეუძლია კომპრომისზე წასვლა, როდესაც მეგობრები რაღაც თამაშის ტიპს სთავაზობენ. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება. გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს მშობელმა მომზადება, რომ სასკოლოდ შფოთვის დონე შემცირდეს.
- რას გულისხმობს ფიზიკურ ჭრილში მზაობა?
ცოტნე ბესელია: -აქ შეიძლება განვითარების სხვადასხვა ტიპი იყოს. თუ ბავშვს აქვს თანდაყოლილი დაავადება, ამ შემთხვევაში, მას შეიძლება სჭირდებოდეს დამხმარე ინსტრუქციები. ეს უნდა იყოს სასკოლო პროგრამასთან მიბმული და არა იზოლირებულად. შეიძლება ფიზიკური თერაპია შემოვიტანოთ სკოლაში სწავლების პარალელურად, რაც დააჩქარებს მის ამ განვითარებას. ასევე უნდა მიექცეს ყურადღება სმენისა და მხედველობის განვითრებას. ეს სკოლამდე პერიოდში უნდა ხდებოდეს. სმენის შემოწმება უფრო ადრეულ ასაკში, ხოლო მხედველობის ჯერ სამი წლის ასაკში, შემდეგ სკოლის წინაც. გასათვალისწინებელია, აქვს თუ არა ბავშვს ყველა გეგმიური აცრა ჩატარებული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ იავადმყოფოს ბავშვმა და არ გაავრცელოს დაავადებები.
-თუ ბავშვს გამოტოვებული აქვს რაღაც მიზეზით აცრა, საჭიროა თუ არა წინასასკოლო პერიოდში ამის ხელახლა გადასინჯვა და გამოტოვებული აცრების შევსება?
-აუცილებელია. სკოლაში როდესაც შედის ბავშვი, ერთ-ერთი რეკომენდაციაა, შემოწმდეს აცრების ფურცელი. სკოლაში შეიძლება უთხრან, გამოტოვებული გაქვთ აცრა, წაბრძანდით და შეივსეთო. ეს არის აბსოლუტურად სწორი მიდგომა და ვეთანხმები.
-არის თუ არა მნიშვნელოვანი, როდესაც ბავშვის სოციალიზაცია წინასწარ ხდება და ეჩვევა სასკოლო რეჟიმს?
-ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთია ძილის რეჟიმის მოწესრიგება. ამისთვის ერთი დღე არ გვეყოფა, ამიტომ ვიწყებთ გაცილებით უფრო ადრე. რა თქმა უნდა, ხელი შეეშლება, თუ იქნება გამოუძინებელი, გაუჭირდება სწავლა. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადების მქონე ბაშვებში ძირითადად გავრცელებულია ასთმა. მშობელმა და პედიატრმა სწორად უნდა მართოს ეს დაავადება, რომ სასკოლო ასაკში გამწვავებებს ადგილი არ ჰქონდეს და ბავშვს არ მოუწიოს სკოლის ხშირად გაცდენა. აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ეს იქნება ასთმა, ალერგია თუ სხვა დაავადება.
- თუ ბავშვი 11 წლისაა და მეექვსედ მიდის სკოლაში, მაგრამ შფოთვა მაინც ვერ გადალახა, შეგიძლიათ რაიმე კონკრეტული ურჩიოთ მშობელს ამ შემთხვევაში?
მედეა ზირაქაშვილი:-მშობელს ვურჩევ, რომ არ გამოგვრჩეს გარკვეული სირთულეები. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის ვუმოწმებთ ინტელექტს. შეიძლება მას ჰქონდეს აკადემიური მოსწრებასთან პრობლემა. შეიძლება ის ცდილობს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ვერ ძლევს პროგრამას. ასეთი გახანგრძლივებული შფოთვის მეორე მიზეზი არის, სოციალური უნარების დეფიციტი. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა მიაქციოს თანატოლებთან ურთიერთობასაც ყურადღება. ხომ არ არის ბულინგის მსხვერპლი. ვურჩევდი, რომ ყოველთვის იყოს ჩართული ექსკურსიებში. ეს მნიშვნელოვნად მისცემს სურათს, როგორი ურთიერთობა აქვს თანატოლებთან.
- რა შეიძლება კიდევ ვურჩიოთ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებისთვისაც 16 სექტემბერს დაიწყება სწავლა?
-ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დაძინების პროცესზე ზრუნვა, ასევე გაღვიძებასთან დაკავშირებით ზრუნვა. შემდეგი რეკომენდაციაა კვების რეჟიმი. გარდა იმისა, რომ ჯანსაღი რაციონი იყოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროს. სკოლა ვერ მოერგება ოჯახის წესებს კვების დროსთან დაკავშირებით. ამიტომ, საკვების მიღების რეჟიმიც სკოლის კვების რეჟიმზე უნდა გადაერთოს. მნიშვნელობანია, ბავშვმა იცოდეს, სად მდებარეობს მისი სკოლა. შფოთვა რომ ნაკლები იყოს, მან უნდა იცოდეს, რა ნიშნულები უნდა გაიაროს, რომ მივიდეს სკოლამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი შფოთვა პედაგოგთანაა დაკავშირებული. ხშირად ვაძლევთ ხოლმე რეკომენდაციას, რომ ბავშვი იცნობდეს პედაგოგს, სანამ დაიწყებს სწავლას. ეს ეხება როგორც პირველ კლასელს, ასევე სკოლაში გადამსვლელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველკლასელი ბავშვისთვის, თუ მას არ უვლია ბაღში იმიტომ, რომ მშობელთან განშორება სერიოზული პრობლემაა. შეიძლება გაიხსენოთ კიდეც, რომ თქვენს გარშემო არიან მშობლები, რომლებიც მთელი პირველი სემესტრი სხედან დერეფანში და ელოდებიან ბავშვებს. უნდა იცოდეს საპირფარეშოს მდებარეობა და კიბეებით საკლასო ოთახამდე მისვლა. ძალიან მნიშვნელოვანია ტანსაცმლის მორგება. არ არის რეკომენდებული, რომ ტანსაცმელი წინა დღეს ვუყიდოთ. ეს პროცესი მინიმუმ ორი კვირით ადრე მაინც უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ბავშვმა კომფორტულად მოირგოს ტანსაცმელი, ჩანთა და ფეხსაცმელიც იყოს მოსახერხებელი. სულ უნდა ვუმეორებდეთ ბავშვს, რომ ეს არ არის პროცესი, რომლის დროსაც სამუდამოდ შორდება მშობელს. ძალიან ხშირად ბავშვებმა არ იციან საათის ცნობა, მაგრამ უნდა მივანიშნოთ, ვაჩვენოთ ისრებით, როდის იწყება სკოლა და რომელ საათზე მიაკითხავს მშობელი.
ცოტნე ბესელია:
-მშობელი მობილიზებული უნდა იყოს ყოველთვის, სანამ მისი შვილი ბავშვია და მისი პასუხისმგებლობაა მოვლა და განვითარება. რა თქმა უნდა, მაშინაც, როცა მისი შვილი სქესობრივად მწიფდება. ამ დროს, მთელი რიგი ცვლილებებია. ხდება ნახტომისებური ზრდა და უცებ აიყრიან ხოლმე ტანს როგორც გოგოები, ასევე ბიჭებიც. შეიძლება იყოს არაპროპორციულობა სხეულის ნაწილთა შორის. სწრაფად იზრდება სახის ნაწილი, ზედა კიდურები და ტანი და ქვედა კიდურები ჩამორჩება ხოლმე. მოზარდს ამ დროს შეიძლება საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას. სქესობრივ მომწიფებას მთელი რიგი ცვლილებები ახლავს თან, შეიძლება ეს იყოს ოფლიანობისა და კანის ცხიმიანობის გაზრდა, გამონაყარი და სხვა. მშობელმა ამ შემთხვევაშიც, გაცილებით ადრე უნდა შეამზადოს ბავშვი. როდესაც ის ფიქრობს, რომ უახლოეს ხანში ბავშვს დაეწყება სქესობრივი მომწიფება, მანამდე უნდა აუხსნას, რა ცვილებები შეიძლება განვითარდეს მის ორგანიზმში და რომ ეს ცვლილებები არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ფიზიოლოგიური. რაც შეეხება საკუთარ თავთან პრობლემებს, რაც აქვთ ხოლმე მოზარდებს, ეს ხშირ შემთხვევაში თავისით გადაივლის, თუ ოჯახი და პედაგოგები არიან მოწოდების სიმაღლეზე და არ მისცემენ მას უადგილო შენიშვნებს, არ გაუმახვილებენ ყურადღებას გარეგნობაზე და შეეცდებიან, ეს პროცესი მისთვის უმტკივნეულო იყოს.