"უცხო პატარა ბიჭუნამ შეცდომით დამირეკა, დე, როდის მოხვალო? უცხო ხმაზე ტელეფონი გათიშა, მაგრამ მალევე დამიკავშირდა, შეგიძლიათ მელაპარაკოთო? უცებ გამიელვა, შესაძლოა, სწორედ ამ წამს, ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემის გადალახვაში მხარდაჭრა სჭირდება-მეთქი... აღმოჩნდა, რომ 12 წლის მოზარდი, მუდმივად სახლში გამოკეტილია, ტელეფონის, კომპიუტერის და ტელევიზორის ტყვეობაშია. პრაქტიკულად, უმოძრაოდ ცხოვრობს, სკოლაში მანქანით მიჰყავთ, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი კვირაში ერთხელ აქვს და ისიც ხან აქვს, ხან არა. სახლშიც მანქანით მოჰყავთ. შემდეგ ჩაკეტილ კარს მიღმა ხანგრძლივად ელოდება დედას, რომელიც სამსახურიდან ხშირად აგვიანებს. მენატრება ქუჩაში დედასთან ერთად სიარული. საერთოდ, სიარული, გარეთ სირბილი მენატრება, დედას ვთხოვ, ძაღლი მიყიდოს. ამბობს, გარეთ ძაღლთან ერთად სეირნობისას რამე რომ დაემამართოს, საკუთარ თავს ვერ აპატიებს. ძალიან დავიღალე სახლში მარტო ყოფნით. ნუთუ სანამ გავიზრდები, სულ სახლში უნდა ვიყო? წუხდა ბიჭუნა. შევძელი, გამერკვია სად მუშაობდა დედა, როგორ მივდგომოდი მას... დღეს ბიჭუნას ძაღლიც ჰყავს, დედა უფრო ხშირად იცლის, სამსახურიდან თითქმის აღარ აგვიანებს და ყველა ბედნიერია. დადიან, სეირნობენ, დარბიან, ვარჯიშობენ, ლაშქრობებს აწყობენ, იღებენ ფოტოებს და ყველას უყვებიან, რომ არაფერს არ შეუძლია მშობლის და შვილის ერთობლივ ფიზიკურ აქტივობაზე მეტი სიამოვნება მოგვანიჭოს." _ ეს ტექსტი ერთ-ერთი ფსიქოლოგის ჩანაწერებიდან არის. ამ პროფესიის წარმომადგენლების კლიენტები ბოლო წლებში უფრო ხშირად არიან ადამიანები, რომელთაც მატერიალურად თითქმის ყველაფერი აქვთ, მაგრამ იტანჯებიან აპათიისგან, დეპრესიისგან, თითქოს აღარაფერი სურთ. მეტიც, ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ გაჯეტების ტყვეობაში, არასწორი მეთოდებით აღზრდის და ფაქტობრივად სრული, ფიზიკური უმოძრაობის შედეგად ბავშვებში ძალიან აქტუალური გახდა განვითარების დეფიციტი და ინტერესების განლევა.
ფსიქოლოგები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ, აცხადებენ, რომ გაჯეტების ტყვეობაში, არასწორი მეთოდებით აღზრდის და ფაქტობრივად სრული, ფიზიკური უმოძრაობის შედეგად ბავშვებში ძალიან აქტუალური გახდა განვითარების დეფიციტი და ინტერესების განლევა.
თამარ წიგნაძე, ფსიქოლოგი:
- დღეს ბავშვებს, იმ ასაკში, როდესაც უსაზღვრო ფანტაზია უნდა ჰქონდეთ და ათასგვარ თამაშს გეგმავდნენ, არც კი შეუძლია მოიფიქრონ, რა ითამაშონ, არ იციან როგორ გაერთონ, როგორ გამოიყენონ ფუნქციურად ესა თუ ის სათამაშო. ბავშვები დამოკიდებული არიან გაჯეტზე. არსებობს ბავშვის ინტერესებზე მორგებული თამაშები, ისეთი, რომელსაც ბავშვი თვითონ უნდა იგონებდეს და აკეთებდეს. მოზარდი სურვილებს ციფრული ტექონოლოგის დახმარებით იკმაყოფილებს, თან იმდენადაა ჩართული, რომ ჰგონია, ამას თვითონ აკეთებს და თამაშით კმაყოფილდება. თუმცა, ფიზიკური სხეული, შინაგანი ორგანოები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა არ ტყუვდება და ერთ დღეს იწყება ხერხემლის, საჭმლის მონელების და სხვა პრობლემები. გაჯეტს შეუძლია გვაფიქრებინოს რომ ჩვენ დავრბივართ მოლზე, მაგრამ სხეული ასე ვერ ტყუვდება. ორგანიზმი აპროტესტებს ინერტულობას, ფაქტობრივად, თითოეული მათგანისგან ტკივილი სიგნალია, რომ მათ ბუნებრივ რეჟიმში მოქმედება სურთ.
როდესაც გაჯეტების ტყვეობაში, ფაქტობრივად უმოძრაობაში მყოფი ბავშვები ჩემთან მოჰყავთ, ვეკითხები, რა გაინტერესებთ, რა გსურთ? არ იციან. არამხოლოდ ბავშვებმა, სოციალურ ქსელში "დაკარგულმა" ზრდასრულმა ადამიანებმაც არ იციან, რა სურთ. ისინი იტყვიან, რომ ასე ცხოვრება მობეზრდათ, მაგრამ რა გააკეთონ, როგორ მოიქცენ, რომ გარეთ გამოვიდნენ და თუნდაც ორი ნაბიჯი გაიარონ, არ იციან, ვერ ხვდებიან.
- შეიძლება ითქვას, რომ მშობლების რაღაც ნაწილმა ვერ მოიფიქრა, როგორ აღზარდოს ბავშვი?
- შეიძლება ითქვას, რომ ისინი ბავშვს იმ ეტაპების გავლაში უშლიან ხელს, რაც აუცილებელია, რომ გაიაროს. ეს ხდება ძალიან ადრეული ასაკიდან. მოჰყავთ მოზარდები, რომლებსაც მოძრაობა არ უნდათ, დგომა უჭირთ. საბავშვო ბაღში ან სკოლაში არ მოქმედებენ ისე, როგორც სხვები. იცით, რატომ? ჩვილობაში მათ არ გაუვლიათ ბუნებრივი სტადიები. ჩვილი ჯერ უნდა დაჯდეს, მერე იხოხოს და გზად აღმოჩენები ჰქონდეს, რაც მის ცნობისმოყვარეობას უფრო ზრდის, უფრო და უფრო მეტის შემეცნებისკენ უბიძგებს. შესაბამისად, ისახავს მიზანს და მის მისაღწევად ბრძოლას იწყებს, თავის თავში ახალ ძალებს ეძებს და ფეხზე დგება, მერე გაივლის. ეს ბუნებრივი ეტაპები თუ არა გაიარა, ბავშვი სწორად ვერ განვითარდება. არადა, როცა პატარა პაციენტის მშობლებს ვეკითხები, ბავშვი ხოხავდა? ისინი შეშფოთებული მპასუხობენ, დაბლიდან რომ რამე პირში არ ჩაედო, სულ ხელში აყვანილი დაგვყავდაო. ვერც კი ხვდებიან, სწორედ ამ დროს ბუნებრივი განვითარების პროცესს რომ აფერხებენ. ფიზიკური აქტივობა არ არის მხოლოდ ძვალ-სახსროვანი და მამოძრავებელი სისტემისთვის აუცილებელი. გონებრივი, სენსორული განვითარებისთვის აუცილებელია და სამწუხაროდ, ხშირად ეს არ ესმით მშობლებს. მათ თამაში უმნიშვნელო რამე ჰგონიათ, არადა, ბავშვი აღმოჩენებს სიარულში, მოძრაობაში, თამაშში აკეთებს და როგორც თამაშობს, ისევე ცხოვრობს დიდობაში, არის ლიდერი? წინააღმდეგობების გადალახვა უყვარს? შეუპოვარია, რთულ თამაშებს იგონებს? მას არ შეეშინდება ცხოვრების, იგივე როლს მოირგებს ცხოვრებაშიც.
- რა გამოდის, ბინებში, საკუთარ ოთახებში ჩაკეტილი ბავშვები ხელოვნურად ხდებიან აუტისტური სპექტრის მატარებლები?
- სამწუხაროდ, ბავშვები აუტისტურ გარემოში ცხოვრობენ. ძიძებთან ან ბებიებთან, ან დედებთანაც, რომლებსაც ურჩევნიათ ბავშვი თანამედროვე ტექნოლოგიებმა გაართოს, მათ კი მეტი დრო ჰქონდეთ და თანაც რისთვის, ისიც გაჯეტებისთვის, სადაც საკუთარი და შვილის განვითარების შესაძლებლობას კარგავენ. მეტიც, უზარმაზარ სახლებში, ბავშვებს საკუთარ ოთახებს ისე უწყობენ, რომ გარეთ გამოსვლა აღარ მოუნდეთ. ასეთ მშობლებს ვეკითხები, რად უნდათ დანარჩენი ოთახები, რატომ არ უბიძგებენ შვილებს მეტი სიახლოვისკენ, კონტაქტისკენ, რატომ არ დაგეგმავენ ერთობლივ აქტივობებს? არ უყურებენ ერთად გადაცემებს, ფილმებს, რომ შემდეგ ერთად გაარჩიონ, იმსჯელონ. ბავშვების ერთ ნაწილს ძიძა, ბებია, ან დედა მხოლოდ საკვების მისაცემად აკითხავს, მანამდე კი თავი თვითონ უნდა გაირთოს. ისინიც ქაოტურად ისეთ გასართობს ეძებენ, რომელსაც მათი სხეული, ორგანიზმი სთხოვს, მაგრამ ვერ პოულობს, გაჯეტებიც ბეზრდებათ და ეწყებათ პრობლემები. როდესაც ჩემთან მსგავსი პაციენტები მოჰყავთ, მეკითხებიან, რა წამლები უშველის? მე ვამბობ, არანაირი წამალი. წაიყვანეთ ბაშვები ეზოებში, ბაღებში, საბავშვო-გასართობ ცენტრებში, სოფლებში, ყველგან სადაც მოძრაობა და კონტაქტი შეეძლება, ითამაშეთ მათთან ერთად, მიეცით მაგალითი. ან მიეცით დამოუკიდებლობის შანსი. ვისაც შეუძლია საკუთარი აღზრდის რუტინა შეცვალოს და ცვლილებები შეიტანოს აღზრდის ფორმაში, შედეგსაც აღწევს. ერთმა სახლი გაყიდა და ტყესთან ახლოს საცხოვრებლად გადავიდა, მთელი ოჯახი ტყეში სეირნობს, ლაშქრობებს აწყობენ.
ფიზიკურ აქტივობაზე უარის თქმა ძალიან ბევრი უნარის განვითარებაზე ახდენს უარყოფით გავლენას, აფერხებს განვითარების პროცესს და სავბოლოოდ, ადამიანი თავის შესაძლებლობებიდან აღარაფერს გამოიყენებს. თბილისის მერიამ ლამის სახლებში შემოგვიტანოს ტრენაჟორები. თითქმის ყველა ბაღში და სკვერში დგამენ, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვაქვს მათი გამოყენების კულტურა. ადამიანებს ურჩევნიათ, ბავშვებთან ერთად გამოიკეტონ სახლებში, ან გარეთ გავიდნენ, მაგრამ ისხდნენ და ბავშვები ცალი ხელით ეკავოთ. თვითონ ტელეფონით დაკავდნენ და სამომავლოდ ბავშვსაც ამის მაგალითი მისცენ. ბავშვი იზრდება მოდელირებით ანუ მიბაძვით და არა დარიგებით. ამ მავნე თვისებებს უნდა მოვერიოთ.
ამერიკაში ახალი ტენდენციაა, იქმნება საბავშვო ბაღები, სადაც ბავშვს მთელი დღე ბუნებრივ გარემოში უწევს ყოფნა, სადაც გაჯეტებზე აბსოლუტური უარი თქვეს, სადაც მოზარდები ხეებზე დაცოცავენ, დახტიან, დიდი შენობაც კი არ აქვთ, პატარა ქოხს აფარებენ თავს, როდესაც ისვენებენ, ან სადილობენ. წვიმაში გარეთ დარბიან, გუბურებში ხტებიან. ასეთ ბაღებში ზრდიან ადამიანებს, რომლებიც პირადად იცნობენ სამყაროს და არა გაჯეტებიდან მიღებული ინფორმაციებით. იგივე ტენდენციაა ევროპაშიც. მოხარული ვიქნები, თუ ჩვენთანაც იგივე მოხდება. საკმარისია, მშობლებმა თვითონ მისცენ შვილებს მაგალითი, დაიწყონ თამაში, აყვებიან ბავშვები და მათი ცხოვრება შეიცვლება. თუ მთელი დღის განმავლობაში მოზარდი არ ცხოვრობს ისე, როგორც ამას მისი ბუნებრივი განვითარების პროცესი მოითხოვს, საღამოს ეწყებათ შფოთვა. ეს არის რეაქცია იმ დანაკლისის გამო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სენსორულ დეფიციტში გადადის და ძალიან ცუდად აისახება ჩვენი მომავალი თაობის განვითარებაზე.
ბევრი იაქტიურეთ, შვილებთან ერთად, თუ შვილები არ გყავთ, მეგობრებთან ერთად. ფიზიკურ აქტივობას სასწაულის მოხდენა შეუძლია განვითარების, ჯანმრთელობის და განათლების საქმეში.