ასეთი ბავშვები ადვილად შესამჩნევები არიან: ხმაურიანები, მოუსვენრები, არ უჯერებენ უფროსებს, განსაკუთრებულად ემოციურები და ხანდახან ნერვულებიც არიან, უჭირთ ერთ ადგილზე გაჩერება. მათთვის რთულია სწავლა, მოსმენა. მშობლებისთვის კი რთულია, როცა ხედავენ, რომ ბავშვი სხვებისნაირი არ არის. ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტი არც ცუდი ქცევის შედეგია და არც ავადმყოფობა.
ირინა ლუკიანოვა - მშობელთა ფორუმის დამაარსებელია. ის დარწმუნებულია, რომ "ჰიპერაქტიურობა და უყურადღებობა ასეთი ბავშვებისთვის მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. სინამდვილეში, ყველაზე მეტად დარღვეულია ორგანიზებულობა, თვითკონტროლი, იძულებითი "კარგად მოქცევა". მას უბრალოდ არ აქვს საზოგადოებაში მოქცევის ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია. ეს ბავშვები " შინაგანი მეფის" გარეშე არსებობენ. იმ მეფისა, რომელიც მართავს "შინაგან სახელმწიფოს". მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ასეთი ბავშვების ფსიქოლოგიური ასაკი 30%-ით ნაკლებია ბიოლოგიურზე: მას შაუსრულდა 7 წელი და მიდის სკოლაში? მაგრამ სინამდვილეში, ის იქცევა და რეაგირებს როგორც 4,5 წლის ბავშვი.
ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვყოთ ორი უკიდურესობა: პირველი - ჩათვალოთ, რომ ასე იქცევა იმიტომ, რომ უზრდელი და თავხედია. ამიტომ მასთან მკაცრი ზომებია საჭირო. ზოგჯერ ასეთ ბავშვს მშობელი როგორც ავადმყოფს, ისე ექცევა და ყველა ახირებას უსრულებს. მეორე უკიდურესობა - ბავშვში ხედავს ზებუნებრივ ნიჭს და თვლის, რომ მასწავლებელი ვერ "უმკლავდება" მას, როგორც ნიჭიერ მოსწავლეს.
ერთიც და მეორეც არასწორია. ADHD-ეს თქვენი ბავშვის განვითარების მახასიათებელია და არა ავადმყოფობა და უფრო მეტიც, არავითარი გონებრივი ჩამორჩენილობა. ყვირილი, მკაცრი აღზრდის მეთოდების გამოყენება, ყურადღების არმიქცევა - არც ერთი მეთოდი არ გაჭრის, რადგან სინამდვილეში ჰიპერაქტიური ბავშვი სპეციალურად არ იქცევა ცუდად და არც წესების იგნორირებას ახდენს. ის უბრალოდ ვერ იმახსოვრებს მათ. რაც უფრო ადრე გაეცნობით ამ თავისებურებებს, შეისწავლით და გაიგებთ როგორ მოექცეთ ბავშვს, მით უკეთესი. საჭიროა ორი რამ: რა არის დარღვეული და რით დაეხმაროთ.
ADHD ბავშვის პირველი იდეალური პედაგოგი ძალიან მშვიდი, მომთმენი, ყოველგვარი ემოციური აფეთქებების გარეშე, პედანტი და კეთილგანწყობილი უნდა იყოს. მკაცრად არ უნდა შეაფასოს ბავშვის მიერ უსუფთაოდ შესრულებული დავალება. დაწყებითი კლასების კარგმა პედაგოგმა ეს ყველაფერი კარგად იცის მაშინაც, თუ არც ისე კარგად იცის რას ნიშნავს ADHD სინდრომი. თქვენი მიზანი უნდა იყოს, თქვენს, ბავშვსა და სკოლას შორის თანამშრომლობა. ამასთან, ყოველთვის უნდა იყოთ ბავშვის მხარეს (ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენიშვნა არ მისცეთ ბავშვს), ის ყოველთვის უნდა გრძნობდეს თქვენს თანადგომას. ასევე არ დაუთმოთ თავისუფალი დრო სკოლის ამბების "გარჩევებს".
სამწუხაროდ, კონფლიქტები გარდაუვალია: ჰიპერაქტიური ბავშვები არც თუ ისე "კომფორტულები" არიან.
გახსოვდეთ, რომ სკოლას თავისი ამოცანები აქვს, ბევრი მათგანი არ ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალობას. ბავშვს თავისი ამოცანა აქვს: მიიღოს სკოლის პროგრამის მაქსიმუმი, ისწავლოს თანატოლებთან ურთიერთობა. თქვენი ამოცანა შემდეგია: გაზარდოთ ბედნიერი, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი ადამიანი. ასე რომ, სკოლაში გამგზავრების დროს თავიდანვე განეწყვეთ დიალოგისთვის და კომპრომისის ძიებისთვის და არა აგრესიული დაცვისთვის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გახსოვდეთ, თუ რისთვის აკეთებთ ამას.
სტატისტიკურად, ADHD ბავშვების მშობლების 40% დეპრესიისადმია მიდრეკილი. მნიშვნელოვანია სწავლა და მიღება იმ სიტუაციისა, რაც გაქვთ. რადგან სხვაგვარად უბრალოდ ძალები არ გეყოფათ. თქვენ ბრაზდებით, რომ ბავშვი არ გიჯერებთ, მაგრამ ამას სპეციალურად არ აკეთებს. მისთვისაც არ არის იოლი იყოს ასეთი. ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ აგრძნობინოთ, რომ ის მხოლოდ პრობლემას წარმოადგენს, რომ ყველა უსიამოვნების თავი და თავი მხოლოდ ის არის. ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს.
ბავშვი უნდა გრძნობდეს მშობლების სიყვარულს. რაც შეიძლება დადებითი ემოციები გადაეცით, უარყოფითი ისედაც საკმარისად აქვს. აღნიშნეთ მისი მიღწევები, ყველაზე უმნიშვნელოც კი. დარწმუნდით, რომ მისი ცხოვრება სავსეა საინტერესო ამბებითა და სითბოთი.