მშობლებმა შესაძლოა გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც აქციონ შვილები ინსტრუმენტად, გამოიყენონ ისინი საკუთარი ვერასრულებული ოცნებების ასასრულებლად, ნიჭის მაქსიმალურად გამოსავლენად და პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. როგორ იქცევა ბავშვი მშობლებისთვის ობიექტად, გადაცემაში "პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ნეიროფსიქოლოგმა, პროფესორმა, თამარ გაგოშიძემ ისაუბრა:
- ყველა მშობელს უყვარს თავის შვილი და ყველა მათგანი ცდილობს, რომ საუკეთესო ცხოვრება მოუწყოს მათ. მაგრამ, შვილს უყურებს, როგორც ობიექტს და არა როგორც სუბიექტსა და პიროვნებას. ეს რომ ვუთხრათ მშობელს, ძალიან ეწყინება იმიტომ, რომ ამას ვერ აცნობიერებს. თუმცა, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. "ჩემს შვილს რასაც მინდა, იმას გავუკეთებ, იმიტომ, რომ ჩემია"- მსგავსი დამოკიდებულებაა. ბავშვი პიროვნებად იზრდება და პიროვნებას ყოველთვის სჭირდება თავისი სივრცე. პერსონალური სივრცე და თავისუფალი არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად თავისუფალი არჩევნის უფლებას არ ვუტოვებთ ხოლმე ბავშვებს და ვცდილობთ, მის ნაცვლად გადავწყვიტოთ ყველაფერი. საკითხს მეორე მხარეც აქვს. ადამიანები ვართ და შესაძლებელია თავის დროზე ჩვენი ოცნებებისა და მიზნების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. მერე ვფიქრობთ, რომ ვერ გავხდით მომღერალი, მოდელი, ბიზნესმენი და გვინდა, რომ ახლა ჩვენი შვილი იყოს წარმატებული, მდიდარი. ბედნიერი იქნება თუ არა, ამაზე არ ვფიქრობთ. ეს არის ზუსტად მომხმარებლური დამოკიდებულება. მესამეა, როდესაც მშობელი უბრალოდ ვერ აცნობიერებს, არ აქვს ინფორმაცია ან განათლება და ჰგონია, რომ ასე ძალიან კარგს უკეთებს თავის შვილს. ბევრი ასპექტია, რამაც შეიძლება ბავშვის ობიექტად ქცევა გამოიწვიოს.
- რა ჰქვია იმ მდგომარეობას, როდესაც მაგალითად მშობელმა იცის, რომ პორნოინდუქტრია არ არის კარგი, იცის, რომ ეს ხშირ შემთხვევაში ადამიანის ღირსების და უფლებების შემლახავია, მაგრამ ამის მიუხედავად, შეიძლება მაინც აქციოს შვილი ინდუსტრიის ნაწილად და აქედან მიიღოს მატერიალური სარგებელი. ამაში ვერც ტრაგედიას ხედავდეს. არის თუ არა ეს კიდევ ცალკე მდგომარეობა თუ იმ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს მიესადაგება?
- ალბათ, ეს უფრო ღირებულებების საკითხია. ჩვენს საზოგადოებაში ეთიკა და მორალი ძალიან შერყეულია. მნიშვნელოვანია, პრიორიტეტები როგორ გაქვს დალაგებული და რა ღირებულებებს ატარებ. თუ შენი ღირებულებაა, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამორჩენა ნახო, პრობლემა აღარ არის არც შვილთან, არც ქმართან და არც არავისთან. ეს უკვე ეთიკური განზომილების საკითხია. თუმცა, რაც დაასახელეთ, უკიდურესი შემთხვევაა. ესეთივეა, როცა ბავშვები ნიჭიერები არიან და მშობლები მათ ობიექტად აქცევენ.
- მშობელს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ ჩემი შვილი ძალიან ნიჭიერია, რატომ უნდა დავუკარგო ეს ნიჭი, რატომ არ უნდა ვცადო, რომ მაქსიმალურად შევუქმნა მოტივაცია და გამოვიყენო მისი შესაძლებლობები. აქ სად არის საფრთხე?
- ამაში ცუდი არაფერია. მშობელი უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ბავშვის ნიჭი განავითაროს და გზაზე დააყენოს. მაგრამ, აქ არის მყიფე ზღვარი, როცა ჩვენ ვიჭრებით მის პირად სივრცეში. მშობელი არის ავტორიტეტი და ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი ბავშვისთვის. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მშობელი მასზე დიდ იმედებს ამყარებს და ფაქტობრივად, ფსონი აქვს დადებული, მსგავსი დამოკიდებულება ძალიან დიდი შფოთვის წყაროა ბავშვისთვის. ნიჭიერ ბავშვს, რაც არ უნდა მისცეთ, ყველაფერს გააკეთებს ისე, რომ არ დაიღლება. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მნიშვნელოვანია, რის ხარჯზე გააკეთებს ამას. რესურსი კი აქვს უზარმაზარი, მაგრამ სასრულია და ჩვენთვის ყველაზე მნივნელოვანია, როგორ უმკლავდება ის თავის ემოციურ მდგომარეობას. შეიძლება მშობელი სიტყვითაც არ ეუბნებოდეს, რომ ყველაზე მაგარი უნდა იყოს, მაგრამ ბავშვი ხომ ხედავს მის მოთხოვნილებებს, სიტყვებს, ტექსტებს. ძალიან კარგად ახერხებს, რომ ეს გაიგოს. მეორე სახეა, როცა ბავშვს არ ჰყოფნის რესურსი და მშობელს ჩანაფიქრი აქვს, რომ მისგან გააკეთოს ვუნდერკინდი. ტრაგედიაა, როცა მშობელი არ უყურებს ბავშვის შესაძლებლობებს და რესურსებს.
- რა ჯობს, ბავშვს უთხრას, რომ ყველაფერი გამოუვა და შეძლებს, თუ რეალობასთან უფრო მიახლოებულად უნდა ვესაუბროთ?
- "გამოგივა", "შეძლებ" ძალიან კარგი ფრაზაა. "ჭკვიანი და გონიერი ხარ" ჯობს რომ არ ვუთხრათ. იმიტომ, რომ რაკი ამ ფრაზებს ყოველთვის არ ვეუბნებით, როცა არ ვეტყვით, იფიქრებს, რომ არ არის ჭკვიანი. ასეთი შეფასებები ხშირად უბიძგებს ბავშვს იფიქროს, რომ ისეთი არ არის, როგორც სხვები ან თუ ძალიან ჭკვიანია, იფიქრებს, რომ ეს მას ავალდებულებს, ყოველთვის ჭკვიანი იყოს. შესაბამისად, იმედგაცრუებული რჩება ხოლმე. ჩვენს რეპლიკებზე დამოკიდებულია ბავშვის თვითშეფასება. ხშირად მათ ნიჭს ვუსვამთ ხაზს და ვამბობთ, როგორი გონიერია, როგორ მარტივად ითვისებს საკითხებს და ხაზს არ ვუსვამთ ძალისხმევას და ნებისყოფას, რასაც ის ხარჯავს. არ ვეუბნებით, რომ კმაყოფილები ვართ იმ შრომისთვის, რაც გასწია.
- ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გვაქვს, დამოკიდებულებაა. შვილებსა და თაობებს ვკარგავთ ამის გამო. სამწუხაროდ, საზოგადოების შეფხიზლების საბაბი მხოლოდ ტრაგიკული ისტორიებია ხოლმე. დამოკიდებულების საგანი შეიძლება შეიცვალოს, დღეს ალკოჰოლი იყოს, ხვალ ნაკოტიკი, ზეგ კი აზარტული თამაშები. შესაძლოა მივეცით ჩვენს შვილს ნიჭის გამოვლენის ყველა შესაძლებლობა, ავუწყვეთ სასკოლო, სტუდენტური ცხოვრება და ჩავერიეთ მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე. შეიძლება თუ არა მსგავსი ზეწოლის გამო ადვილად გახდეს ბავშვი დამოკიდებული, არის თუ არა ეს მოკლე გზა სიამოვნების ძიებისკენ ?
- როდის ვიღებთ სიამოვნებას, როცა ჩვენ გვსიამოვნებს თუ როცა სხვასაც ვასიამოვნებთ? - მეცნიერები გვეუბნებიან, რომ მეორე შემთხვევაში უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებთ. ჩვენ ჩვენი შვილების ქცევას ბავშვობაში არ ვმართავთ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ეს არის მისი თავისუფლების შეზღუდვა. მეორე მხრივ, ვიჭრებით ბავშვის თავისუფალ სივრცეში, სადაც მან არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. ძალიან ხშირად მშობელი 6 წლის ბავშვს არ ეკითხება და ისე შეჰყავს უცხოენოვან სკოლაში. მერე შეიძლება სერიოზული ტრაგედია იყოს იმიტომ, რომ მშობელმა შვილის მომავალი თავად განსაზღვრა. თავისუფლება თვითნებობაში გვერევა და გვავიწყდება, რომ თავისუფლება ნიშნავს თავისუფალ არჩევანს, რომელიც თავად პერსონამ უნდა გააკეთოს გარკვეულ შეზღუდულ პირობებში. ამისთვის ჩარჩო უნდა არსებობდეს. დღეს ჩვენს საზოგადოებას ჩარჩო არ აქვს. ჩარჩო საზოგადოებისათვის მორალი და ეთიკაა, ბავშვისთვის კი ოჯახში დაწესებული წესები. ჩვენ ვცხოვრობთ უჩარჩოო ქვეყანაში. არც ჩვენს გვაქვს ჩარჩო და ამიტომ, ერთმანეთის პერსონალურ სივრცეში ვიჭრებით. არც დიდი ჩარჩო არსებობს, ყველაფერი შესაძლებელია. ზნეობა და ეთიკა ყველაზე მივიწყებული კატეგორიაა და არჩევანის გაკეთება ხდება არა ზნეობრივი კატეგორიით, არამედ იმით, როგორც მე მაწყობს დღეს, აქ და ამჟამად. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთზე ზრუნვა.
"უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ზედმეტი თავისუფლება ხელს არ უწყობს განვითარებას" - თამარ გაგოშიძე მშობლების მთავარ შეცდომებზე
"მშობელი უნდა იყოს პრინციპული... ზოგს კი ეშინია თავისი შვილის" - თამარ გაგოშიძე თავნება ბავშვებზე
რა უშლის ბავშვს სწავლაში ხელს - თამარ გაგოშიძე მშობლებისთვის აქტუალურ პრობლემაზე