ნებისმიერ ადამიანს სჭირდება მეგობარი საკუთარი ტკივილისა თუ სიხარულის გასაზიარებლად. მათ მნიშვნელოვანი როლი აქვთ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. საყურადღებოა, რა არჩევანს აკეთებენ ბავშვები, ვის უკავშირდებიან და ემეგობრებიან. უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი შვილის მეგობრების არჩევაში და რა შეცდომებს უშვებენ ისინი ძირითადად, გადაცემაში "პირადი ექიმი - მარი მალაზონია“, ფსიქოლოგმა, ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა:
- როდესაც განვითარების სპეციალისტები, მათ შორის, ფსიქოლოგები, ვსაუბრობთ ადამიანის ნორმალურ განვითარებაზე, ერთ-ერთი ხაზი, რასაც ყურადღებას ვაქცევთ, სოციალური განვითარებაა. მისი შემოწმების გარეშე განვითარების ნორმაზე ან პათოლოგიაზე საუბარი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ადამიანი სოციალური არსებაა და უმეტეს შემთხვევაში ის იბადება ყველაზე თბილ, მჭიდრო, შეკრულ სოციუმში, რასაც ოჯახი ჰქვია. შესაბამისად, ოჯახის წევრები პირველ სოციალურ გავლენას ახორციელებენ ბავშვზე და ის მათ წიაღში იმუშავებს იმ უნარებს, რომელსაც სოციალიზაციის უნარები ჰქვია. სოციალური განვითარება დასაწყისში სწორედ მოზრდილების, ახლობლების ცქერით, მათი ქმედებების განმეორებით ყალიბდება. მოგვიანებით, როცა ბავშვი იზრდება, ცხადია, რომ სოციალური გარემო ფართოვდება. სოციალური გარემოს გაფართოება უკავშირდება ბაღს,სკოლას, უმაღლეს სასწავლებელს და ასე შემდეგ.
- თუ ბავშვის განითარებას წარმოვიდგენთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ოჯახთან ურთიერთობა უფრო მჭიდროა. ვინ ხდება ბავშვისთვის მეგობარი? ერთია, რას ვფიქრობ მე, ზრდასრული ადამიანი, ვინ არის მისთვის მეგობარი, მეორეა, ბავშვი როგორ აღიქვამს, ვინ არის მისთვის მეგობარი. რამდენად მნიშვნელოვანია ამის გააზრება?
- მისი პირველი მეგობრები არიან ოჯახის წევრები. მშობლების მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და ადრეული ბავშვობიდან უნდა დაიწყოს და არა 15-16 წლის ასაკიდან. ეს აუცილებლად მშობელმა უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ის უკვე ზრდასრული და განვითარებულია და ეხმარება თავის პატარას განვითარებაში. ამის გარდა არსებობენ სხვა სოციუმის წარმომადგენელი ადამიანები, რომელთაც უფრო ვიწრო გაგებით, მეგობრებს ვუწოდებთ. ნებისმიერი ასაკის ადამიანს სჭირდება მეგობარი და სამეგობრო წრე. ბავშვობიდან მოყოლებული, სოციუმის წარმომადგენელი მეგობრები თანატოლები არიან. ბაგაში მოხვედრილი ბავშვი ხვდება თავისი ასაკის ბავშვების გარემოცვაში. იქ კიდევ არიან მასწავლებლები. უფროსებს გვჭირდება დაფიქრება, როგორ ვემეგობროთ ბავშვებს. ამისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ის ნიუანსები, რომლებიც განვითარებას უკავშირდება. ჩვენს საზოგადოებაში ძალიან აქტუალური და მტკივნეულია ძიძების საკითხი. ძიძებიც ბავშვების მეგობრები უნდა იყვნენ. სწორედ უფროსებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, ძიძებმა, მეზობლებმა, ნათესავებმა უნდა მივუთითოთ ბავშვებს, რას ნიშნავს მეგობრობა. 3 წლამდე ბავშვი უცქერს მოზრდილი ადამიანების ქცევას მეგობრებთან დაკავშირებით. აქ მნიშვნელოვანია კომუნიკაციის სტილი, როგორი მეგობრები ჰყავს უფროსებს, როგორ ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან. როგორი სამეგობრო ჰყავს დედას, როგორი კომუნიკაცია აქვთ მათ, როგორ უხარიათ ერთად, როგორ ბრაზდებიან და როგორ გამოხატავენ ამ სიბრაზეს. ეს გახლავთ ერთგვარი მოდელი, რომელსაც ბავშვი აკვირდება. ბავშვები ცქერით სწავლობენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა ვაკონტროლოთ ჩვენი ის ქცევა, რომელიც მოდელია ჩვენი შვილებისთვის. აქ მხოლოდ მშობელზე არ არის აქცენტი, ეს შეიძლება იყოს პედაგოგი, მეზობელი, ნათესავი და ასე შემდეგ.
- ხშირ შემთხვევაში, გვგონია, რომ 2-3 წლის ბავშვს არ ესმის და შეგვიძლია, თუნდაც მეგობრულად, ერთმანეთს უწმაწური სიტყვები ვუთხრათ და უპატივცემულობის ამსახველი ჟესტები გამოვიყენოთ. ამას უყურებს პატარა და ამასვე დაისწავლის. ამიტომ, ჩვენი ურთიერთობა მეგობრებთან პირველი საფეხურია, რომლითაც ის ამ ურთიერთობას სწავლობს. რა ხდება შემდეგ?
- ბავშვი არა მხოლოდ ფრაზებს დაისწავლის, არამედ უსმენს ინტონაციას, აკვირდება ჟესტიკულაციას. ღრუბელივით იწოვს და დიდი ალბათობით იმავე თვისებებს გამოავლენს, რაც უფროსისგან ისწავლა. როდესაც ბაღში მიდის, ჯერ სოციალიზაცია კარგად არ არის ძალაში შესული და სწორედ ამ აქტიური სოციალიზაციის მოსინჯვის პროცესშია ბავშვი. პრნციპში უჭირს, რადგან ოჯახი ვიწრო, მეგობრული, დამთმობი სოციუმია. უფროსებისგან შედგება და როგორც წესი, ბავშვს ჯიბრში არავინ უდგას ან სათამაშოს არავინ ართმევს. თუ და-ძმა ჰყავს და მრავალშვილიან ოჯახში იზრდება, მაშინ უფრო გამოწრთობილია. ასევე მაშინაც, თუ ძიძას ხშირად გაჰყავს სათამაშო მოედანზე. ბაღში მისვლის დროს ბავშვებს ურთიერთობა ძალიან მარტივად არ გამოსდის. სჭირდებათ გამოცდილება და დახმარება. აქ მნიშვნელოვანია ბაღის აღმზრდელების აქტიური ჩართვა იმიტომ, რომ ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. უფროსმა უნდა შეიყვანოს ბავშვი სოციუმში და დაამეგობროს. ისე გადავანაწილოთ როლები, სათამაშოები, რომ ამისგან ტრავმირებული არ დარჩეს ან ისეთი ქცევა არ გამოავლინოს, რომელიც არც მას მოეწონება და არც თანატოლსა და აღმზრდელს. ჩავთვალოთ, რომ მასწავლებლის დახმარებით, დაახლოებით 5 წლისთვის ბავშვს ეს უნარები განვითარებული აქვს. აქ უკვე შემოდის პრიორიტეტები სოციუმში, წევრების არჩევის თვალსაზრისით. ბავშვები ერთმნეთთან თამაშის უნარებს კარგად ითვისებენ, გამოცდილება ამაში ხელს უწყობს და ხდება ისე, რომ ირჩევენ კონკრეტულ წევრებს. შეკითხვაზე, ჰყავთ თუ არა გამორჩეული მეგობარი ბაღში, თითქმის ყველა ასახელებს 2-3 ბავშვს. როცა ვკითხავთ, რის მიხედვით აირჩია ისინი, ამბობენ რომ "ჩემნაირი გრძელი თმა აქვს, ჩემნაირად უყვარს ლეგოს აწყობა. " ასახელებენ, როგორც გარეგნულ ნიშნებს, ასევე ინტერესებს. ხშირად არის სქესის მიხედვით განსაზღვრული. გოგონები ცდილობენ, უმეტეს შემთხვევაში, გოგონებთან ერთად გადაადგილდნენ, ბიჭები ბიჭებთან იმიტომ, რომ საერთო ინტერესები აქვთ. მათ დამეგობრებაში დახმარება აქაც მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ ისინი კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე. შეიძლება ხელითაც წაეტანონ ერთმანეთს. მოგობრობის მაგალითები უფროსმა უნდა აჩვენოს, როგორ ვთმობთ, როგორ გამოვხატავთ ემოციას მშვიდი ხმით, როგორ ვურიგდები მეგობარს და ასე შემდეგ.
- რა ნიშნით ირჩევს ბავშვი მეგობარს, როდესაც სკოლაში მიდის ?
-აქაც ძირითადად რჩება ინტერესები და სოციუმში ერთად ყოფნის გამოცდილება. მაგალითად, ზოგჯერ ხდება, ბავშვები რომ ერთ ბაღში დადიოდნენ და მერე ერთ სკოლასა და კლასში ხვდებიან. ცხადია, რომ ისინი მიკროსოციუმად ერთიანდებიან და ამბობენ, რომ დიდი ხნის მეგობრები არიან. გარდა ამისა, შეიძლება ცეკვის წრეზე ერთად დადიან და ისინი დამეგობრდნენ ან ორივეს კარგდ გამოსდის ფეხბურთის თამაში და ამიტომ დამეგობრდნენ.
- როდის შემოდის ბავშვებში სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი?
- ბავშვებთან არ შემოდის, სამწუხაროდ, მშობლებს შემოაქვთ. უფროსები არასწორი აზროვნების, დამოკიდებულებების ან ღირებულებების შედეგად, იწყებენ ნებსით ან უნებლიედ ზეგავლენის მოხდენას შვილის მეგობრის არჩევაზე, რაც არის აბსოლუტურად არასწორი. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ მისმა შვილმა შედარებით მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მშობლების შვილებთან უნდა იმეგობროს. მე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას იმიტომ, რომ ვზღუდავთ ბავშვის არჩევანის თავისუფლებას. ვამბობთ ისეთ ფრაზებს, რომლებზეც არ ვფიქრდებით, ვერ მოგვყავს ძლიერი არგუმენტები ბავშვისთვის, რატომ არ უნდა იმეგობროს ამასთან და იმეგობროს სხვასთან. თუმცა, თინეიჯერობა გახლავთ განვითარების კრიტიკული პერიოდი, როდესაც ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული სარისკო ქცევები აქტიურდება. სამწუხაროდ, ისინი იწყებენ ხოლმე კონკრეტული ქცევების განხორციელებას თავის დამკვიდრების მიზნით, რომელიც შეიძლება ასოციალური იყოს. ასეთ შემთხვევაში მშობლის ყურადღებით ყოფნა მნიშვნელოვანია. შეუძლია თავის შვილს აუხსნას იმის შესახებ, რომ თანატოლებს კონკრეტულ ასაკში ახასიათებთ წნეხის მომენტი. არიან თინეიჯერები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვა თანატოლებზე. ეს შეიძლება იყოს: "დედას ნუ ეტყვი და მოდი, მოწიე. რა მოხდება, ერთი ნაფაზი რომ დაარტყა?" ამაზე უნდა დაელაპარაკონ მშობლები თავიანთ შვილებს და დაეხმარონ იმის გაგებაში, როგორ უნდა თქვან "არა". უარის თქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი უნარი. მშობელი უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ბავშვმა იცოდეს, რა რისკებს იწვევს ის კონკრეტული ნივთიერებები ჯანმრთელობის კუთხით. უნდა აუხსნას მისთვის გასაგები და მისაღები ფორმით. მერე მუდმივად უნდა ჰქონდეს კავშირი და განიხილოს სიტუაციები არა თითის ქნევის პოლიტიკით, არამედ მეგობრული თვალსაზრისით. უნდა აუხსნას, რომ უარის თქმა სირცხვილი არ არის. რამდენჯერმე უარის თქმის შემდეგ, თუ არ გამოსწორდა სიტუაცია, მაშინ რჩევა, რომ მოზარდი კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს გაერიდოს, ურიგო არ იქნება. თუმცა, პირდაპირი ფრაზები "ამასთან არ იმეგობრო, ეგ ბავშვი რაღაც არ მომწონს, იმასთან არა იმიტომ, რომ დედამისი რაღაცნაირია, მისი ოჯახი არ მომწონს და რატომ მეგობრობ?"- ეს არის აბსოლუტურად არაკორექტული მიდგომა . ბავშვებს ძალიან კარგად ესმით ძლიერი არგუმენტების, იციან, რომ თუ მე მოვუყვან მყარ არგუმენტებს, რატომ არა, ისინი ამას გაიგებენ და ალბათ დაგვიჯერებენ.
- რა ფუჭდება, როდესაც მშობელი შეგნებულად ურჩევს შვილს წრესა და გარემოცვას და ეს გარემოცვა არ არის ბავშვის კრიტერიუმებით შერჩეული?
- მთავარი, რაც ფუჭდება არის ის, რომ არჩევანს გვიზრუდავენ. ამით ბავშვებს ვეუბნებით, რომ მათი გადაწყვეტილება უმნიშვნელოა. მოზრდილობაში შეიძლება დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება გაუჭირდება. გამორიცხული არ არის, რომ ამან გამოიწვიოს პროტესტიც. ბალანსის დაცვა, რომ მხოლოდ თანატოლებთან არ იყოს და ოჯახსაც დაუთმოს ყურადღება, გაითვალისწინოს მშობლების რჩევები, სწორედ იმ მეგობრობას უკავშირდება, რომელიც დაბადებიდან იწყება. ეს ხაზი თუ დროის არ ქონის გამო გაწყდა, გარდატეხის ასაკში ამის აშენება ძალიან რთულია.
- თუ ბავშვმა ვერ მოახერხა მეგობრობა ბაღის ასაკში, ვერ იპოვნა მეგობარი ეზოში ბავშვებთან თამაშის დროს, გაუჭირდა მეგობრის მოძებნა სკოლაში, არის თუ არა ეს საგანგაშო მდგომარეობა?
- რატომ ვერ მოახერხა? - ეს არის მთავარი კითხვა. არის ბევრი ფაქტორი, რომ არ დავდიოდი ბაღში, სკოლაში ამიტომ ხომ არ გამიჭირდა ურთოერთობა, შემხვდა პედაგოგი, რომელიც რაღაცებს ყურადღებას არ აქცევდა, მქონდა აკადამიურ მოსწრებაში რაღაც ტიპის პრობლემები და ამიტომ დავიმორცხვე, ჩემი ხასიათის ნიშანია სიმორცხვე და მირჩევნია უკან ვიჯდე თუ იმიტომ, რომ კომუნიკაციის უნარებში მაქვს პრობლემა? ამის გარკვევა გახლავთ პრობლემის იდენტიფიცირება, რომლის მოგვარებაც შეიძლება მშობელმა სცადოს და სპეციალისტთან გადაამოწმოს. უფრო მოგვიანებითაც, ძალიან ბევრი სტუდენტია სოციალური ფობიით, სიმორცხვით, რომლის გამოც ისინი თავიანთ თავს ვერ წარმოაჩენენ, უჭირთ ჯგუფში ინტეგრაცია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გაანალიზება, როგორი იყო მისი ცხოვრება, დაჰყავდათ ბაღში თუ სახლში ჰყავდათ გამოკეტილი ბებოსთან იმიტომ, რომ თვლიდნენ, ბებო უკეთასად მოუვლისო. გამოუცვალეს შვიდი სკოლა იმიტომ, რომ ვერსად მოახდინა ინტეგრირება თუ რაღაც ტიპის მეტყველების პრობლემა ჰქონდა და ამის გამო არ აკეთებდა იმას, რაც კომუნიკაციისათვის საჭიროა. "რატომ" არის შეკითხვა, რომელიც პრობლემის გადაჭრასთან მიგვიყვანს. მოზარდობის დროს, უცებ ბევრი მეგობრის გაჩენა არის ნიშანი იმის, რომ მშობელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, ვინ არიან ისინი, რა საერთო ინტერესი აქვთ და რა ნიშნით დაიმეგობრა. თხილამურზე სრიალებენ და ამასაც მოუნდა მათთან მეგობრობა,თუ ეწევიან და ამიტომ. თუ ვერ მოვახერხებთ იმ სოციუმის იდენტიფიცირებას , რომელშიც ჩვენი შვილი უცებ ინტეგრირდა, ისე არაფერი გამოვა. არის მეორე შემთხვევაც, როდესაც სულ ჰყავდა მეგობარი, მაგრამ უცებ ჩაიკეტა. ხშირია, რომ გარდატეხის ასაკში, ისედაც თვითშეფასების ხანმოკლე პრობლემები ჩნდება ან საკუთარ გარეგნობაზე წარმოდგენა ეცვლება და ფიქრობს, რომ არ არის მიმზიდველი. ფიქრობს, რომ დასცინიან ან რიყავენ თინეიჯერები იმიტომ, რომ საკუთარი თავები დაიმკვიდრონ. აქ უნდა დავფიქრდეთ, რომ მის ჯგუფში, პირობითად კლასში, რაღაც მოხდა. ვიწყებთ პრობლემის ძიებას. პედაგოგი, სკოლის ადმინისტრაცია და მშობელი ყოველთვის უნდა თანამშრომლობდეს. სკოლა არ არის მხოლოდ აკადემიური გარემო.