ბავშვებს უამრავი სურვილი აქვთ, უნდათ კონკრეტული ნივთების შეძენა, რომელსაც მშობელი ვერ ან არ ყიდულობს. ეს კი ხშირად იქცევა პროტესტისა და ჭირვეულობის მიზეზად. გამოხატავენ აგრესიას მშობლების და, ზოგადად, უფროსების მიმართ. რატომ იქცევიან ბავშვები აგრესიულად და რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, როცა იმ კონკრეტულ სურვილს ვერ უსრულებს შვილს, რითაც მის გაღიზიანებას იწვევს, ფსიქოლოგი, ქეთევან მესხიშვილი გვესაუბრება:
- როცა ბავშვი აგრესიული და უხეშია, აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ იმ მიზეზით, თუ რატომ იქცევა ასე. კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა დავინტერესდეთ მისი ზოგადი ფსიქო-ემოციური მდგომარეობით. მნიშვნელობა აქვს ასაკსაც, მაგალითად, მოზარდობის პერიოდში უფრო აგრესიულები ხდებიან ზრდასრულებთან მიმართებით. უნდა გავითვალისწინოთ ასაკი, სოციალური გარემო, რომელშიც უწევთ ცხოვრება, უნდა დავინტერესდეთ, პრობლემა ხომ არ აქვს სკოლაში, ხომ არ შეექმნა კონფლიქტური სიტუაცია, ანალოგიურად ოჯახის შემთხვევაშიც. კონფლიქტის დროს, პირდაპირ ამბობენ ხოლმე ბავშვები, რითი არიან უკმაყოფილოები, თუმცა, როგორც წესი, მშობლები ამას არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ რაღაც სისულელეს ამბობენ ბავშვები. ასე რომ, ბავშვების აგრესიულობა უფროსების მიმართ ყოველთვის ორმხრივია. მხოლოდ ბავშვზე დამნაშავის იარლიყის მიწებება, სწორად არ მიმაჩნია.
- როდესაც ბავშვს კონკრეტული ნივთი უნდა, რომლის ყიდვასაც მშობელი ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში, აკრძალვა გამართლებულია?
- ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოზარდობის პერიოდში, ბავშვს, რომელიც მშობლებისგან არ არის "არას“ მიჩვეული, ყოველთვის გაუჩნდება პროტესტი და ყოველთვის აგრესიით შეხვდება მშობლების მიერ ნათქვამ უარს. უარის თქმას ბავშვი პატარა ასაკიდან უნდა მიეჩვიოს. ყველაფერი არ უნდა შეუსრულონ ზრდასრულებმა. რაც მეტად იზრდება, მოთხოვნებიც ეზრდება და ერთ დღეს შეიძლება ფიზიკურად ვერ დააკმაყოფილოს მშობელმა ბავშვის სურვილები. ბავშვი კი იძულებული ხდება, მიიღოს უარი. მშობელს ამ დროს სიმტკიცე მართებს. შეიძლება მისმა შვილმა იჭირვეულოს, იტიროს, მაგრამ მნიშვნელოვანია, თავად კარგად აუხსნას, რატომ ეუბნება უარს, თუნდაც კონკრეტული ნივთის ყიდვაზე. მსგავსი დამოკიდებულება საყურადღებოა იმიტომ, რომ ბავშვებს ცხოვრებაში ყველაფერი ვერ აუსრულდებათ და შეიძლება წინააღმდეგობებიც შეხვდეთ. მშობელმა ეს პროტესტი უნდა მიიღოს, იპოვნოს ძალა, რომ გაღიზიანებულ ბავშვს გაუძლოს და შეძლოს მისი ემოციების მიღება. ასე რომ, თუნდაც კონკრეტული ნივთის ყიდვის შემთხვევაში, რომელსაც ვერ ან არ ყიდულობს, მშობელს სიმტკიცე მართებს, რომ ზუსტად აუხსნას, დაუსაბუთოს შვილს, რატომ ამბობს "არას“ და მზად იყოს ემოციურად გაუგოს ბავშვს, როცა ერთგვარად იმედგაცრუების მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასევე, უნდა გაითვალისწინოს ბავშვის თავისებურება და ემოციურობა. თავად მშობელმა ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მიაწოდოს სათქმელი შვილს. მშობელს აქვს უფლება რაღაცებზე უთხრას "არა" და ბავშვსაც აქვს უფლება გააპროტესტოს ნათქვამი უარი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობელმა უნდა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება.
- როგორ უნდა მართოს მშობელმა ბავშვის გამოვლენილი აგრესია?
- ბავშვები უმიზეზოდ აგრესიულად არ იქცევიან. უნდა გამოვარკვიოთ ამ აგრესიულობის მიზეზი და მერე თავისთავად ლაგდება უხეში ქცევაც. პირველ რიგში, აუცილებელია დაინტერესება, თუ რატომ იქცევიან ბავშვები ასე. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და გამზადებული "რეცეპტი", როგორ შეიძლება ბავშვების უხეში ქცევა ვმართოთ, არ არსებობს.
- ბავშვებს, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, ზოგჯერ ისე სწყდებათ გული მშობელზე ვერშესრულებული სურვილის გამო, რომ მათ მიმართ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძება სიძულვილსაც გრძნობდნენ. რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვი ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს?
- მოზარდებს აქვთ აგრესია, რომელიც შეიძლება სიძულვილის ფორმასაც იღებდეს მშობლებთან მიმართებაში. თუმცა, მშობელმა უნდა იცოდეს მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი და შესაბამისად მიაწოდოს სათქმელი. პარალელურად, დიალოგი მათ შორის უნდა იყოს დიალოგი. იგებდეს, თუ რატომ გამოხატავს ბავშვი მსგავს დამოკიდებულებასა და განწყობას და მშობელსაც უნდა ჰქონდეს საკუთარ თავთან აღიარების მომენტი, რომ შესაძლოა კონკრეტული ქმედება მიუღებელი იყოს ბავშვისთვის. მშობლების მხრიდან მუდმივი მზაობა უნდა იყოს, რომ მოუსმინონ შვილებს და უნდა ჰქონდეთ მიმღებლობა. მერე რა, რომ ბავშვია, არ უნდა უგულებელყოს მისი დამოკდებულება იმიტომ, რომ ეს უარეს აგრესიასა და პროტესტს გაუჩენს მას.
- ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები?
- იმას, რომ არ უსმენენ შვილებს, ემოციურ იგნორს უკეთებენ, დამსჯელობით ქმედებებზე გადადიან და იარლიყებს აწებებენ, რომ "ცუდი", "უპასუხისმგებლო", "აგრესიულია". მუდმივად უნდა ჰქონდეთ დიალოგის რეჟიმი და უნდა აღიარონ ბავშვის პიროვნება, რომელიც კონკრეტულ ასაკში ყალიბდება. თუ თავად ვერ უმკლავდებიან, ფსიქოლოგის ჩართულობაა საჭირო. თვითკრიტიკულობის განცდა უნდა ჰქონდეს მშობელს, მაგრამ თუ შვილი უკმაყოფილოა მისით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი მშობელია. უბრალოდ, რაღაც პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს.
თამარ იაკობაშვილი